სერიოზული კლინიკური კვლევები არასერიოზულ საკითხებზე

ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი, British Medical Journal (The BMJ), 1840 წლიდან გამოიცემა და ერთ-ერთ ყველაზე ძველ აკადემიურ ჟურნალად ითვლება. 1880 წელს, საშობაო გამოცემაში სარედაქციო კოლეგიამ  პირველად მოუწოდა ასოციაციის წევრებს, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის 5 შილინგი გაეღოთ. ეს მკაცრად აკადემიური ჟურნალის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა იყო, როდესაც მათ ფურცლებზე დაბეჭდილი მასალა მედიცინის ფარგლებს გასცდა.

1982 წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჟურნალის იმდროინდელმა რედაქტორმა, სტივენ ლოკმა გადაწყვიტა, რომ საშობაო გამოცემა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, რათა მისი აკადემიური მკითხველის ყოველდღიურობა ცოტათი მაინც გახალისებულიყო.

ლოკს უნდოდა, რომ სადღესასწაულო ნომერში მკითხველისთვის კლინიკური კვლევებისას აღმოჩენილ მოულოდნელობებზე, მედიცინის ისტორიის უცნობ ფაქტებსა და უცნაურ შემთხვევებზე მოეთხრო. მისი აზრით, ამ სტატიებს რეცენზირება აუცილებლად, სხვა სამეცნიერო ნამუშევრების მსგავსად უნდა გაევლოთ.

აკადემიურმა საზოგადოებამ ლოკის წამოწყება უმალ აიტაცა და მას შემდეგ The BMJ-ის საშობაო ნომერს ყველა სულმოუთქმელად ელოდება. მკვლევრები მთელი წლის განმავლობაში აგზავნიან თავიანთ ნაშრომებს და საშობაო გამოცემაში მოხვედრა მათთვის დიდ პატივადაც მიიჩნევა.

სახალისო კვლევების გარდა, საშობაო ნომერში ისეთ ნოვატორულ” იდეებსა და დაკვირვებებს” შეხვდებით, როგორიცაა:

ამ მოსაზრებათა ნაწილი უბრალოდ სახუმაროდ იწერება, ნაწილი – იუმორთან ერთად მნიშვნელოვან გზავნილებსაც აჟღერებს. ზოგჯერ თემა ძალიან სერიოზულია, მაგრამ სათაური სპეციალურად, სახალისოდ აქვს შერჩეული, რათა მასალა უფრო კითხვადი გახდეს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ბოლო წლების The BMJ-ის საშობაო ნომერში გამოქვეყნებულ ყველაზე საინტერესო კვლევებს.

ჯეიმს ბონდი სასმელს ალკოჰოლიზმით გამოწვეული კანკალის გამო ანჯღრევდა?

იან ფლემინგის შემოქმედების მოყვარულმა სამმა მეცნიერმა გადაწყვიტა, გამოეთვალა, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარდა ჯეიმს ბონდი და რა გავლენა ექნებოდა ამას მის ჯანმრთელობაზე. მკვლევრებმა 007-ის შესახებ დაწერილი 14 წიგნი გააანალიზეს და დაასკვნეს: ბონდი კვირაში საშუალოდ ალკოჰოლის 92 ერთეულს მოიხმარდა, რაც 4-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დოზას. მეცნიერებმა ასევე დაიხმარეს ალკოჰოლ-დამოკიდებულების სკრინინგ-კითხვარი და გამოკვეთეს – აგენტი 007 კარგად იაზრებს, რომ სასმელი მისთვის პრობლემას წარმოადგენს.

სტატია კიდევ ერთხელ ახსენებს მკითხველს ალკოჰოლიზმის რისკებსა და მის კლინიკურ ნიშნებს, ასევე ნათლად აჩვენებს იმ შესაძლო გართულებებს, რაც შეიძლება სასმლის ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვიოს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასმლის ასეთი რაოდენობითა და სიხშირით მოხმარების პირობებში ჯეიმს ბონდი თავის პროფესიულ მოვალეობებს ვერ შეასრულებდა. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მის ფიზიკურ, გონებრივ და სექსუალურ აქტივობას.

სახიფათოა თუ არა 27 წლის ასაკი ცნობილი მუსიკოსებისთვის?

ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ბრაიან ჯონსი და ჯიმ მორისონი – თითოეული მათგანი 27 წლის ასაკში მოკვდა და ეს ტრაგიკული მოვლენები დროის მოკლე პერიოდში, 1969-71 წლებში მოხდა. ამან პოპ-კულტურაში 27-იანელთა კლუბის” მითი გააჩინა, რომლის მიხედვითაც, წარმატებული არტისტებისთვის 27 წელი საკრალური და საშიში ასაკია.

სწორედ ეს დაედო საფუძვლად გერმანელი და ავსტრალიელი მეცნიერების ერთობლივ კვლევას, რომლებმაც 1956-2007 წლების პერიოდის ცნობილი მუსიკოსების სიკვდილიანობის სტატისტიკური ანალიზი ჩაატარეს.

კვლევის აუცილებელი პირობა იყო, რომ არტისტს თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც ისეთი ალბომი გამოეშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების ლიდერი გახდებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, მათ კვლევაში ვერ მოხვდა რამდენიმე ცნობილი 27-იანელი” (ჯიმი ჰენდრიქსს, ჯენის ჯოპლინსა და ჯიმ მორისონს დიდ ბრიტანულ ჩარტებში N1 ალბომი არ ჰქონიათ, ხოლო რობერტ ჯონსონი 1938 წელს მოკვდა). როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულად  27 წლის ასაკი რაიმე სახის მნიშვნელოვან სტატისტიკურ დატვირთვას არ ატარებს და ეს სახელგანთმული კლუბის თეორიაც უბრალოდ მითია.

თვითმფრინავიდან გადმოხტომისას პარაშუტის გამოყენების პრაქტიკა  სიკვდილისა და მძიმე ტრავმების თავიდან ასაცილებლად

რაოდენ უცნაურადაც” არ უნდა ჟღერდეს, აქამდე არავის უფიქრია, რომ თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომა გამოეკვლია და საბოლოოდ გაეცა პასუხი კითხვაზე: რამდენად ეფექტიანია პარაშუტი სიკვდილისა და მძიმე ტრავმების თავიდან ასარიდებლად? სწორედ ამ საქმით დაკავდნენ მეცნიერები, როდესაც კვლევისთვის მოხალისეები შეარჩიეს, ორ ჯგუფად დაყვეს (პარაშუტიანები VS უპარაშუტოები) და თვითმფრინავიდან გადმოახტუნეს.

საბოლოო დასკვნა, ერთი შეხედვით, გამაოგნებელია: პარაშუტის გამოყენება სიკვდილიანობის მაჩვენებელზე გავლენა ვერ ახდენს… ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი ანგარში დგას და კვლევის მონაწილეები 60სმ სიმაღლიდან ხტებიან.

თავიანთი სატირული და არაფრისმომცემი კვლევით მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე განცხადება გააკეთა: ზოგიერთ მარტივ პრაქტიკულ ჭეშმარიტებას აკადემიური კვლევა არ სჭირდება. რანდომიზებული კვლევის შედეგები მის სწორ დიზაინზეა დამოკიდებულები და ასეთი ტიპის კვლევებს თავისი ლიმიტაციები გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ რანდომიზებული კვლევები ახალი სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობის დასადგენ ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, მიღებულ შედეგებს გულდასმით და სწორად სჭირდება ინტერპრეტაცია. სამეცნიერო სტატიის წაკითხვისას კი მხოლოდ პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ აბსტრაქტზე თვალის გადავლება არ კმარა და ნაშრომის სიღრმისეული გაცნობაა საჭირო.

ამის გარდა, ამ სატირულმა სამეცნიერო ნაშრომმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კლინიკურმა კვლევამ ზუსტად უპასუხოს პაციენტთა საჭიროებას, რადგანაც საბოლოოდ ყველაფერი კლინიკურ პრაქტიკაში უნდა დაიტესტოს და ეფექტიანობაზე დასმულ ყველა შეკითხვას რეალური პასუხი სწორედ ამ დროს გაეცემა.

სიჩქარის შემზღუდავ ბარიერზე (ე.წ. მწოლიარე პოლიციელზე”) გადავლისას აღმოცენებული ტკივილი – ახალი სიმპტომი მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკაში?

თუ პაციენტს სავარაუდო აპენდიციტი აქვს, თურმე მისი დიაგნოსტირება ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მანქანით ტრანსპორტირების დროს შეიძლება. კლინიკური სიმპტომების ძიებაში კვლევის ავტორები სრულიად ორიგინალური მიმართულებით წავიდნენ. მუცლის ღრუში ქირურგიული პათოლოგიის არსებობის დროს პერიტონეუმის (მუცლის ღრუს ამომფენი სეროზული ქსოვილი) მგრძნობელობა მომატებულია, რა დროსაც მისი მექანიკური შერხევა ლოკალური ტკივილის გაძლიერებას იწვევს. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, რომ სიჩქარის შემზღუდავ ბარიერზე, იგივე მწოლიარე პოლიციელზე” მანქანით გადავლისას ქირურგიულ პაციენტს მუცლის ტკივილს უძლიერდებოდეს.

როგორც გაირკვა, ეს მართლაც ასეა – კლინიკურ კვლევაში ჩართულ პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღნიშნული ჰიპოთეზა პრაქტიკულად გამართლდა. თუმცა, ეს ტკივილი ცალსახად აპენდიციტის ნიშნად არ უნდა მივიჩნიოთ – იგი მუცლის ღრუში მიმდინარე სხვა ქირურგიულ პათოლოგიაზე შეიძლება მიგვითითებდეს. როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, ბევრი ქირურგი ქირურგიული პათოლოგიის დიაგნოსტიკაში ამ ახალ სიმპტომს  უკვე იყენებს და პაციენტს მგზავრობის შესახებ დამატებით კითხვებს უსვამს.

ტრავმატოლოგები – ხარივით ძლიერი და თითქმის ორჯერ უფრო ჭკვიანები?

სამედიცინო სპეციალობებს შორის სახუმარო დაპირისპირება კლინიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როგორც ჩანს, ბრიტანელ ტრავმატოლოგებს ანესთეზიოლოგებისგან მუდმივი დაცინვა და იმაზე მინიშნება, რომ ტრავმატოლოგი ხარივით ძლიერი, მაგრამ სანახევროდ ჭკვიანია” ყელში ამოუვიდათ.

სტატიის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ტრავმატოლოგები და ანესთეზიოლოგები ერთმანეთისთვის შეეჯიბრებინათ როგორც ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურადაც.

კლინიკურმა კვლევამ გამოკვეთა, რომ ტრავმატოლოგები კოლეგა ანესთეზიოლოგებთან შედარებით არამარტო გაცილებით ძლიერები, არამედ უფრო ჭკვიანებიც არიან. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი ფაქტობრივი მტკიცებულება ქმნის აუცილებელ საჭიროებას, რათა ანესთეზიოლოგთა იუმორისტული რეპერტუარი შეიცვალოს.

სტატია ასევე ერთგვარ გაფრთხილებასაც” შეიცავს, რომ შემდგომში ანესთეზიოლოგები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც ხუმრობის პასუხად მათ უფრო ჭკვიანი ტრავმატოლოგები სწრაფად დაუბრუნებენ პასუხს, ან შემდეგი შეხვედრისას ხელს ისე ჩამოართმევენ, რომ თავიანთ სუსტ მტევანს ჩაულეწავენ.

დარვინის ჯილდო: სქესობრივი განსხვავებები იდიოტურ ქცევაში

კლინიკის მიმღებ განყოფილებაში ტრავმის ან უბედური შემთხვევის გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთი რამ გვეცემა თვალში – მასში ქალებს კაცები სჭარბობენ. ამ ემპირიულმა დაკვირვებამ ხელი შეუწყო ე.წ. იდიოტი კაცის თეორიის” ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც, კაცები იდიოტები არიან და იდიოტები იდიოტური ქცევისკენ არიან მიდრეკილნი”.

რეალურად, ამის ერთ-ერთი მიზეზი კულტურული და სოციო-ეკონომიკური ფაქტორებია: კაცები უფრო მეტად ერთვებიან კონტაქტურ სპორტში და უფრო მეტად საქმდებიან რისკის შემცველ პროფესიებზე. თუმცა, კარგად გათვლილი, ანაზღაურებადი რისკისგან განსხვავებით, კვლევის ავტორები ცალსახად იდიოტური რისკებისა და სქესის შეჭიდულობაზე კონცენტრირდნენ. ამისათვის მათ 1995-2014 წლების შუალედში დარვინის პრემიის” გამარჯვებულები ორ ჯგუფად, კაცებად და ქალებად, დაყვეს. აღნიშნული პრემიით აჯილდოებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იმდენად იდიოტური მიზეზების გამო მოკვდნენ, რომ ყველა თანხმდება, „ამგვარად ჩვენი სახეობის სამომავლო გადარჩენას საფრთხე აღარ ემუქრება, რადგანაც მის შემადგენლობაში უკვე ერთი იდიოტით ნაკლებია”.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ დარვინის ჯილდოს მფლობელთა აბსოლუტური უმრავლესობა კაცია. რა თქმა უნდა, კვლევას თავისი ლიმიტაცია გააჩნია, მაგრამ ბევრისთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს – დასკვნა უკვე გაკეთებულია და კაცები იდიოტები არიან.

მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და სიკვდილიანობა – კავშირი მძიმე მეტალ ბენდების კონცენტრაციას, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას შორის

მძიმე მეტალი ლირიკულად თუ გამომხატველობით მსმენელს რისკისკენ, დაუდევარი მოქმედებებისა და ინტოქსიკაციისკენ უბიძგებს. მისი მოსმენა ანტისოციალურ ქცევასთან, სუიციდსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან კორელაციაშია – ასეთია სტერეოტიპული დამოკიდებულება მძიმე მეტალთან მიმართებაში.

ლოგიკურია, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც მეტალ-სცენა კარგად არის განვითარებული, საზოგადოება თავისი გაჭირვებით ნამდვილ ჯოჯოხეთს უნდა ჰგავდეს. რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია. ამ მოსაზრებამდე მივიდნენ ფინელი მკვლევრები, რომელთა სამშობლოც მძიმე მუსიკისადმი თავისი სიყვარულით არის განთქმული.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა დიდი ქალაქის მძიმე მეტალ-სცენა და ჰოსპიტალიზაციის მიზეზები, რათა მუსიკასთან რაიმე კავშირი ენახათ. როგორც გაირკვა, მეტალის მსმენელებსა და ზოგად პოპულაციას შორის რაიმე სახის განსხვავება არ არის. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე მუსიკის მსმენელები შფოთვისა და დეპრესიის უფრო დაბალ რისკებს ავლენენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა The BMJ მუსიკაზე აქვეყნებს სტატიას. მაგალითად, 2008 წლის საშობაო ნომერში მკვლევართა ყურადღების ცენტრში მძიმე მუსიკის ფანების თავის ქნევა (Headbanging) მოხვდა. მეცნიერთა ანალიზით, იმ შემთხვევაში, თუ ტრეკის ტემპი 146 BPM-ზე მაღალია, ხოლო მეტალისტის თავის ქნევის კუთხე 75 გრადუსს აღემატება, მაშინ თავისა და კისრის ტრავმის ალბათობა იზრდება.