შშმ ქალების ბრძოლა დასაქმებისთვის ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ვიდეობლოგების სერიას ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტს ქალთა ფონდი საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ამზადებს.

ავტორი: ლელა გვიშიანი

ვისზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე? რა იცის და რა არა სახელმწიფომ მათი საჭიროებების შესახებ, რა გამოწვევებია შშმ ქალთა დასაქმების მიმართულებით? მოცემულ ვიდეობლოგში შევეცდები ვისაუბრო შშმ ქალთა დასაქმების ბარიერებსა და მის წარმომშობ სისტემურ თუ სტრუქტურულ მიზეზებზე.

***

გლობალურად შშმ პირები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობას – მსოფლიო მოსახლეობის 15%-ს შეადგენენ. მათგან დიდი ნაწილი – თითქმის 80% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების შშმ პირთა 75% ქალია, ხოლო შშმ ქალები, ზოგადად, ქალთა პოპულაციის 12%-ს შეადგენს. ლოგიკურია კითხვა: თუ თითქმის ყოველი მერვე ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, სად არიან ისინი და რატომ არიან ასეთი უჩინარი, რატომ ვერ ვხედავთ მათ ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსორტში,  რატო არ იკავებენ საჯარო სივრცეებს, რატომ ვერ ვხედავთ მათ, როგორც დასაქმებულებს კერძო კომპანიებსა თუ სახელმწიფო უწყებებში? ამ კითხვებზე პასუხს სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური პრობლემების მხილებამდე მივყავართ.

შშმ პირთა დასაქმების საკითხზე მსჯელობა შრომისა და  შეზღუდული შესაძლებლობის ცნებების გაანალიზებით უნდა დავიწყოთ და იმთავითვე ვთქვათ, რომ შშმ პირთა დასაქმების შესაძლებლობაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ლოკალური პრობლემა არ გახლავთ. შშმ პირები გლობალურად აწყდებიან დისკრიმინაციას მათი სტატუსის გამო.

კაპიტალისტურ წესრიგში, მაშინ როცა ადამიანები აღარ იყვნენ მიწაზე მიბმულნი, ისინი იძულებული გახდნენ ეპოვათ საარსებოდ აუცილებელი ანაზღაურებადი სამუშაო. წარმოების ინდუსტრიალიზაციის ეტაპზე ადამიანის სხეულები სულ უფრო და უფრო ფასდებოდა მათი მანქანებრივი ფუნქციონირების უნარით. ქარხნის დისციპლინის, სამუშაო დროისა და წარმოების ნორმებმა დაარღვიეს ნელი და მოქნილი სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ბევრი შშმ პირი იყო ინტეგრირებული. რაც უფრო მექანიკური გახდა სამუშაო, რაც სხეულის ზუსტ მექანიკურ მოძრაობებს მოითხოვდა, შშმ პირები მით უფრო განიხილებოდნენ როგორც ნაკლებად შესაფერისი ქარხნის მუშების დავალებების შესასრულებლად.

შედეგად, მე-19 საუკუნეში ბაზრის ფუნქციონირების ამ ლოგიკამ შშმ პირები შრომითი ბაზრიდან პრაქტიკულად, გარიყა. ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა შექმნა შშმ პირთა ახალი კლასი, რომელიც არ ჯდებოდა მშრომელის სხეულის სტანდარტში და რომელთა შრომითი ძალა წაიშალა და გამოირიცხა ანაზღაურებადი სამუშაოდან.

ამას გარდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ინდუსტრიულ ქვეყნებში გაფართოვდა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა და შშმ პირთა ორი წინააღმდეგობრივი ტენდენცია წარმოშვა, ერთის მხრივ, გაიზარდა სახელმწიფოს სერვისებით უზრუნველყოფა, მეორეს მხრივ, გაძლიერდა მცდელობები ამ სერვისების მიმღები პირების ცხოვრების დარეგულირების და კონტროლისა. შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობა გახდა მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი კატეგორია, რომლითაც ადამიანები გადანაწილდნენ საჭიროებაზე დაფუძნებულ ან შრომაზე დაფუძნებულ სისტემებში და შრომის ბაზარმა შშმ პირები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში გადაამისამართა.

იმის გარდა, რომ კაპიტალისტურმა ლოგიკამ შშმ პირები გარიყა, შშმ ქალების ჩაგვრის დამატებითი შრედ გვევლინება პატრიარქალურ საზოგადოებებში გაბატონებული სხეულის გაგება, რომელიც ართმევს სოციალურ და ფსიქოლოგიურ სუბიექტობას ყველა იმ ადამიანს, რომლის სხეულიც შეიძლება ვერ ჯდებოდეს სხეულის სისტემისეულ გაგებაში. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები შშმ კაცებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტად ექვემდებარებიან მოთხოვნას ჰქონდეთ „იდეალური“ სხეულები, და ზოგადად, იყვნენ იდეალურები, რამდენადაც ადამიანები ქალებს უფრო მეტად განიხილავენ თავიანთი სხეულებით, ვიდრე მამაკაცებს.

შშმ ქალებს უწევთ როგორც ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა კაცების მიერ დომინირებულ საზოგადობებეში, ასევე უწევთ შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა იმ მოცემულობაში, სადაც ე.წ. „შრომისუნარიანი“ და „შრომისუუნარო“ სხეულების დიქოტომია დომინირებს.

შშმ ქალები ხშირად არიან ეკონომიკური დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რაც გამომდინარეობს დამსაქმებლის მოლოდინიდან, რომ წარმოექმნებათ დამატებითი წარმოებითი ხარჯები ე.წ. „არასტანდარტული“ დასაქმებულის სამსახურში აყვანის ან შენარჩუნების შემთხვევაში, განსხვავებით იმ დასაქმებულისგან რომელსაც არ სჭირდება გარემოს და სამუშაო პირობების მისადაგება. შშმ პირთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ მაქსიმალური რესურსის მიღების მოლოდინია, მინიმალური დანახარჯებით.

საქართველოს კონტექსტში შშმ ქალების დასაქმებისას წარმოქმნილ ბარიერებზე საუბრისას აუცილებლია ვისაუბროთ სახელმწიფოს სისტემურ პრობლემებსა და ჩავარდნებზე, რაც ძირითადად, პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არაერთგვაროვანი ჯგუფია, მათში მოიაზრებიან ქალები ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომლთაც გარემოში არსებული ბარიერების გამო შესაძლოა ხელი ეშლებოდეთ საზოგადოებრივი ცხოვრებაში სრული და ეფექტური ჩართულობის გზაზე. ამ ქალების სოციალური მახასიათებლებიც სხვადასხვაა, ამიტომაც, განსხვავებულია მათი საჭიროებებიც, რაც ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობას წარმოშობს.

შშმ ქალთა საკითხებზე საუბარი შეუძლებელია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის გარეშე, რომელიც შშმ პირთა უფლებებისათვის ბრძოლის ერთერთ მთავარ იარაღად გადაიქცა. კონვენცია ხაზს უსვამს შშმ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებულ საჭიროებებსა და სახელმწიფოს სათანადო ვალდებულებებს, სწორედ მათი საზოგადოებრივი ინტეგრაციის გზაზე დამატებით ბარიერებისა და დისკრიმინაციის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის კონვენციის დებულებების შესრულება 2014 წლიდან სავალდებულოა, დღემდე არ  გადადგმულა მისი შესრულებისა და შშმ პირთა მძიმე რეალობის შეცვლისათვის აუცილებელი ნაბიჯები. არსებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები არ ასახავს შშმ ქალების საჭიროებებს, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმისას არ ხდება შშმ ქალთა ინტერესების გათვალისწინება.

შშმ ქალები ჩვენს რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე უჩინარი ჯგუფია. საქართველოს პარლამენტის თემატური ჯგუფის მოკვლევის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები შშმ ქალების რაოდენობა ზრდასრული ქალების 3%-იც არ არის, რაც 9%-ით ჩამორჩება საერთაშორისო ტენდენციებს.  ანუ, სახელმწიფომ შშმ ქალთა მხოლოდ მეოთხედის არსებობის თაობაზე აქვს ინფორმაცია.

საშუალო, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ჯანმრთელობისა თუ სოციალური დაცვის სერვისებზე არასაკმარისი წვდომის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სიღარიბეში ცხოვრების მომეტებული რისკის წინაშე არიან, მათ გაცილებით მეტად ემუქრებათ საფრთხე აღმოჩნდნენ სოციალურად მოწყვლად ფენაში, არ მიუწვდებოდეთ ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ მინიმალურ პირობებზე, არ გააჩნდეთ სათანადო საცხოვრებელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია გენდერული ძალადობის მიმართ, ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი მათი მომვლელების, ფსიქიატრიური დაწესებულებების თანამშრომლების, ოჯახის წევრების მხრიდან.

შშმ გოგონები ხშირად რჩებიან ფორმალური განათლების მიღმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ჯანდაცვის სერვისებზე, რაც მნიშვნელოვნად აისახება შშმ ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე – მაგალითად, საქართველოში 60 წელს მიღწეული სოციალური პაკეტის მიმღები შშმ კაცების რაოდენობა 5-ჯერ აღემატება შშმ ქალების რაოდენობას, რაც ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე დიდ სხვაობას ქმნის.

სისტემური პრობლემებისა და სახელმწიფოს უგულებელყოფის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ შშმ ქალთა დასაქმება არა ნორმად, არამედ გამონაკლისად, წახალისებად და უარეს შემთხვევაში ქველმოქმედებად არის აღქმული.

ქართულ შრომის ბაზარზე, სადაც დასაქმებული ხშირად ღირსების არმქონე სუბიექტად არის აღქმული, ხოლო არაადამიანური  სამუშაო გარემო და მინიმალური ანაზღაურება ნორმად არის ქცეული, სადაც დამსაქმებელი ორიენტირებულია რომ მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ მაქსიმალურად სრულად აითვისოს დასაქმებულთა ფიზიკური, ინტელექტუალური თუ ემოციური რესურსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები აღქმულები არიან ამგვარი ექსპლუატაციისათვის არასათანადო, შეუფერებელ კანდიდატებად და მათ მიმართ არ არსებობს მათი რესურსების სრულად ექსპლუატაციისა და მოხმარების მოლოდინი. ამიტომაც, შშმ ქალებისათვის გადაულახავი დაბრკოლება ხდება ფორმალური დასაქმების სექტორში შეღწევა და თავის დამკვიდრება.

სინამდვილეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ისევე შეუძლიათ საზოგადოებისათვის სიკეთის მოტანა, დოვლათის შექმნა და თვითრეალიზება, როგორც ყველას. ამისათვის საჭიროა არა გარიყვის და უგულებელყოფის, არამედ ინკლუზიის პოლიტიკა, რომელიც დაინახავს და აღიარებს შშმ ქალს, მისი საჭიროებებით და შესაძლებლობებით. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების დასაქმებაზე თანაბარი წვდომის მოთხოვნა არ არის  მოთხოვნა ექსპლუატაციაში თანასწორობის შესახებ,  იგი თავის თავში მოიცავს მოთხოვნას ღირსეული დასაქმების, ღირსეულ ანაზღაურებისა და შრომით პირობებს ყველასთვის.


გამოყენებული მასალა:

  1. Capitalism and Disability – Marta Russell and Ravi Malhotra (2002)
  2. Toward a Feminist Theory of Disability – Susan Wendell (1989)
  3. Human rights watch, Women and Girls with Disabilities, see https://www.hrw.org/legacy/women/disabled
  4. World Bank , Disability inclusion – see: https://bit.ly/3utehIe
  5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხები – საქართველოს პარლამენტის თემატური მოკვლევის ანგარიში (2019)
  6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებების შესწავლა ქალთა სამომავლო გაძლიერებისთვის-კვლევის ანგარიში PHR (2021)
  7. თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში – საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (2018)
  8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკანონმდებლო ანალიზი, სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვა და რეკომენდაციები – UNFPA (2020)
  9. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშები (2018-2019)
  10. სოციალური მომსახურების სააგენტო ssa.gov.ge