ტოპ 5 დეტექტივი მსოფლიო ლიტერატურაში

ლევან ბერძენიშვილი

 „მთვარის სპეკალი“

 პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ინგლისელი მწერალი, უილკი კოლინზი და მისი 1866 წელს დაწერილი რომანი „მთვარის სპეკალი“.

როგორც უდიდესმა პოეტმა, ტომას სტერნზ ელიოტმა თქვა,  ესაა ყველაზე გრძელი და საუკეთესო დეტექტიური რომანი ინგლისურ ლიტერატურაში. იგი კიდევ ერთ რომანთან – „ქალი თეთრებში“ – ერთად, კოლინზის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. 

პირველად რომანი დაიბეჭდა ჟურნალში, რომელსაც ჩარლზ დიკენსი გამოსცემდა. აგებულია კანონებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გახდება აუცილებელი კლასიკური დეტექტივისთვის. კოლინზმა ვიქტორიანული ეპოქის რეალისტური სურათი მოგვცა, დახატა ამ საზოგადოების ტიპური წარმომადგენლების ფსიქოლოგიურად ზუსტი პორტრეტები. 

თავის დაბადების დღეზე რეიჩელ ვეინდერი, ინგლისელი არისტოკრატი გოგონა, მემკვიდრეობით იღებს უზარმაზარ ალმასს ბიძისგან, რომელიც გადმოცემის თანახმად, ინდოეთში ერთ-ერთი ღმერთის გამოსახულების თავიდან ამოიღეს. 

ამავე ღამით ძალიან უცნაურად, გოგონას საძინებლის გვერდით მდებარე ოთახიდან, დახურული სეიფიდან ალმასი ქრება. 

რას მალავს რეიჩელი? მან რაღაც იცის, რაღაცას არ ამბობს. ამ საქმის გამოძიებაში მისი შეყვარებული, ბლეკი, და ძალიან უცნაური გამომძიებელი კაცი, კაფი, ერთვებიან. 

გოგონას ოთახის მახლობლად დაინახეს სამი უცნაურად ჩაცმული ინდოელი. არის ვარაუდი, რომ ისინი უბრალო ინდოელები კი არა, უმაღლესი კასტის, ბრაჰმანების წარმომადგენლები არიან. ისინი თავისი ღმერთის ალმასს ეძებენ, რომელიც სინამდვილეში ინდოეთის კუთვნილებაა და ინგლისელების ხელში შემთხვევით აღმოჩნდა. 

უილკი კოლინზი ნაწარმოებს უცნაური მიმართულებით ავითარებს. აქ ვხდებით დეტექტივისთვის დამახასიათებელ, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს: ადამიანთა გარკვეულ ნაწილს, თავად რეიჩელსაც, ჰგონია, რომ მან იცის, ვინ მოიპარა ალმასი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ვფიქრობთ, რომ ვიცით, ვინ რა ჩაიდინა, სინამდვილე სხვა არის. ის, ვინც მოიპარა, ქურდი არ არის. მთელი ამბავი ესაა. 

სომნაბულურ მდგომარეობაში ერთ-ერთი გმირი იპარავს ალმასს, მაგრამ მან ვიღაცას, ან რაღაცას მიაბარა ძვირფასი ქვა და იგი არ ჩანს. 

საბოლოო ჯამში ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ყველაფერი დგინდება, სიმართლე ირკვევა. ალმასი კიდევ ერთხელ გამოჩნდება, მაგრამ, სულ სხვა ადგილას, იქ, სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო.

გარდა იმისა, რომ „მთვარის სპეკალი“ დეტექტივია, იგი მშვენიერი სასიყვარულო და ერთ-ერთი უბრწყინვალესი სათავგადასავლო რომანიცაა. საერთოდ დეტექტივების მოყვარულებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის დეტექტივები საკმაოდ იშვიათია. ვეთანხმები ელიოტის შეფასებას. ეს, რა თქმა უნდა, ამ ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია მთელ მსოფლიო ლიტერატურაში. 

მოთხრობები შერლოკ ჰოლმსზე

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შედევრი  არის ართურ კონან დოილის მოთხრობები შერლოკ ჰოლმსზე. 

არ გამოვყოფ რომელიმე ერთ მოთხრობას. ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი ნაწარმოები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები,რა თქმა უნდა, თავად დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი და მისი მეგობარი, ექიმი უოტსონია.

ჰოლმსი უაღრესად საინტერესო პერსონაჟია. ეს არის კაცი, რომელიც მოწყენილობისას ისვრის და ტყვიებით კედელზე დედოფლის ინიციალები გამოჰყავს, ან ვიოლინოზე უკრავს, ან ქიმიურ ცდებს ატარებს. 

იგი დაჯილდოებულია განსაკუთრებული დედუქციური უნარით. შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ამოხსნას ბევრი ამოცანა. ამავე დროს ახასიათებს ავანტიურისტული სული, საქმეებში ჩართვის მისწრაფება, საოცარი განსწავლულობა.  დამნაშავეთა სამყაროს ცოდნა.  გამოირჩევა  გასაოცარი პიროვნული მომხიბვლელობით. 

კონან დოილმა რამდენიმე ძალიან საინტერესო სახე შექმნა. ეს არის დოქტორი უოტსონი, პატიოსანი კაცი, რომელიც აღმოსავლეთში მსახურობდა. იგი შერლოკ ჰოლმსის საქმეების მთავარი მემატიანეა. ის არის მწერალი, მეგობარი და ხშირად მონაწილე  ავანტიურებისა, რომელშიც ხშირად ეხვევა შერლოკ ჰოლმსი.  

ეს წყვილი ცხოვრობს ქალბატონ ჰადსონის სახლში, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟი გახლავთ. მოთხრობებში ვხდებით მთელ გალერეას დამნაშავეებისა -– დაწყებული კეთილშობილით, დამთავრებული უბოროტესი ნაძირლებით. 

ვხდებით ძალიან საინტერესო, ზოგჯერ წარმოუდგენელ, მაგრამ ლოგიკურად კარგად მოფიქრებულ დანაშაულებს. 

შერლოკ ჰოლმსს ერთხელ ისეთი ამბავი დაემართა, როგორიც ყაზბეგის ელგუჯას. იგი მოკვდა და მოსახლეობის ფართო მასების მოთხოვნით  გაცოცხლდა. გაირკვა, რომ სინამდვილეში არ მომკვდარა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული ბრძოლა შერლოკ ჰოლმსს დამნაშავეთა სამყაროს გენიოსთან, მორიარტისთან ჰქონდა. თუკი გამოძიებებს ხელმძღვანელობს შერლოკ ჰოლმსი და იგი ბევრად აღემატება სკოტლანდ იარდის ოფიციალურ წარმომადგენლებს, იქნებიან ეს ლესტრეიდი თუ სხვა ინსპექტორები და შერლოკი ამ სამყაროს ნაპოლეონია, არსებობს დამნაშავეთა სამყაროს ნაპოლეონი და მას ჰქვია მორიარტი. 

შერლოკ ჰოლმისა და მორიარტის ბრძოლა გარდაიქმნება არამარტო ვირტუალურ ბრძოლად სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ კონკრეტულად ამ ორი პიროვნების ბრძოლადაც – შვეიცარიაში, მთებში. 

ჰოლმსის ჩაცმულობა, მისი კუბოკრული კეპი, ჩიბუხი, მისი იერი, სიარული, ხუმრობები და სხვა მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხისა ცხოვრებაში შევიდა და ბოლოს შერლოკ ჰოლმსი კერძო დეტექტივების საერთო სახელად იქცა. 

როდესაც რომელიმე გამომძიებელს უწოდებენ შერლოკ ჰოლმსს, უნდა ვიფიქროთ, რომ მისი შედეგის გამეორება სხვისთვის შეუძლებელია. 

არტურ კონან დოილმა ამ ნაწარმოებისთვის სერიოზული დაფასება მიიღო ინგლისის ტახტისგან. იგი გახდა სერ არტურ კონან დოილი. მიუხედავად ამისა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მისი პერსონაჟის, შერლოკ ჰოლმსის დიდება ავტორის დიდებას ბევრად აღემატება. 

გილბერტ კით ჩესტერტონი – „მამა ბრაუნის საიდუმლოებანი“

ესეც მოთხრობების კრებულია, რომელიც ერთად უნდა განვიხილოთ. 

ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ორატორი, ქრისტიანული მოღვაწე, ილუსტრატორი, ბიოგრაფი, ხელოვნებათმცოდნე, უაღრესად ფართო განათლებისა და ინტერესების კაცი გილბერტ კით ჩესტერტონი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. გარდაიცვალა 1936 წელს. „კოლოსალური გენია“ – როგორც მას უწოდებდა ჯორჯ ბერნარდ შოუ. 

მისი მთავარი გმირი გახლავთ კათოლიკური სამღვდელო პირი მამა ბრაუნი. 

მამა ბრაუნის ძირითადი მეთოდია, დააყენოს საკუთარი თავი სხვა ადამიანის ადგილზე. ესაა შემთხვევა, როდესაც ემპათია გამოყენებულია, როგორც გამოძიების მეთოდი. ეს მას იმ შემთხვევებშიც უხერხდება, როდესაც ცნობილ ვიგინდარებთან და გარეწრებთან გვაქვს საქმე. ქრისტიანული მოძღვრება აძლევს მას საშუალებას, შევიდეს სხვის კანში. ძალიან ხშირად იგი არც კი ცდილობს დასაჯოს დამნაშავე. იგი ხანდახან კმაყოფილდება იმით, რომ ჭკუას ასწავლის და აღსარებას იღებს დამნაშავისგან. 

მამა ბრაუნის პროტოტიპად ხედავენ ძალიან ცნობილ მოღვაწეს, მღვდელ ჯონ ო’კონორს, რომელიც ჩესტერტონის ნაცნობი, მეგობარი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავად ჩესტერტონის კათოლიკედ მოქცევაზე. მოგეხსენებათ, ჩესტერტონი კათოლიკედ არ დაბადებულა. იგი ინგლისელი, მისი ოჯახი კი ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელი იყო.

ჩესტერტონს ო’კონორში აოგნებდა მოულოდნელობები, საიდუმლოებები, მისი სულის ცოდვილი ბუნება და ამავდროულად წარმოუდგენელი შინაგანი სიწმინდე. 1937 წელს სწორედ ო’კონორმა გამოაქვეყნა წიგნი „მამა ბრაუნი ჩესტერტონის“ შესახებ. 

ერთ-ერთ მოთხრობაში, რომელსაც „აპოლონის თვალი“ ჰქვია, ერთადერთხელ არის ნახსენები მამა ბრაუნის ინიციალი, ასო ჯ. ამიტომ არის მოსაზრება, რომ მას ჯონი ერქვა, როგორც მამა ჯონ ო’კონორს. 

პერიოდი, რომელსაც ეხება მოთხრობები, ესაა მეცხრამეტე საუკუნის დასასრული, ხანდახან ქრონოლოგია გადმოდის მეოცე საუკუნეშიც, მაგალითად, 20-იან წლებში. ნახსენებია ავტომობილი, და ა.შ. 

აგათა კრისტი – ენდჰაუზის საიდუმლო

აგატა კრისტი არის დედოფალი, მეფე და მეფეთმეფე დეტექტივებისა. არა მგონია, რომ ასეთი ძალისა და გაქანების კიდევ ვინმე ყოფილიყო. 

მან 60 დეტექტიური რომანი დაწერა. გარდა ამისა, დაწერილი აქვს 6 ფსიქოლოგიური რომანი. მოთხრობების 19 კრებული, 16 პიესა, რომელთაგან ერთ-ერთი – „სათაგური“ დღემდე იდგმება. მისი ნაშრომები მთელი ტირაჟი მსოფლიოში 4 მილიარდს შეადგენს. დედამიწის ორ მოსახლეზე აგატა კრისტის ერთი წიგნი მოდის. 

შეიძლებოდა მთელი ტოპ-ხუთეული აგატა კრისტის  რომანებით შეგვევსო, მაგრამ ვიხელმძღვანელე პრინციპით, რომ ერთი მწერალი ერთხელ უნდა იყოს წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში ვირჩევდი „როჯერ ეკროიდის მკვლელობასა“ და „ენდჰაუზის საიდუმლოებას“ შორის, და ბოლოს ტირაჟებისა და თარგმანების რაოდენობის მიხედვით, „ენდჰაუზს“ მივანიჭე მცირე უპირატესობა. „ენდჰაუზი“ თარგმნილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ენაზე. 

მიიჩნეოდა, რომ შერლოკ ჰოლმსის შემდეგ მსგავს პერსონაჟს ვეღარავინ  შექმნიდა, მაგრამ მაინც მოხერხდა კიდევ უფრო განსხვავებული და არანაკლებ საინტერესო პერსონაჟის დახატვა. მათ აქვთ საერთო ნიშნები, მაგალითად, არც შერლოკ ჰოლმსს და არც ერიკიულ პუაროს არ შეუქნიათ ოჯახი.

ერიკიულ პუარო, კაცი ფრანგული გვარით, სინამდვილეში ბელგიელი, ინგლისში, სადაც ყველას ფრანგი ჰგონია,  ყველას უსწორებს რომ ფრანგი არ არის, რომ ბელგიელია. იგი პირველი მსოფლიო ომის დროს ლტოლვილად წასული და ინგლისში დარჩენილია. მას ძალიან ხშირად ახლავს  თანაშემწე ჰასტინგსი. გულუბრყვილო, ვატსონისმაგვარი. რომელზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ ხოლმე ახალგაზრდა გოგონები. 

პუაროსაც უყვარს გოგონები, მამაშვილური სიყვარულით, და ყველაფერთან ერთად ცნობილი მაჭანკალიც გახლავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ამაზეა აგებული რომანის მთელი საიდუმლო. პუარო სიმპათიითა განწყობილი ნიკ ბაკლის მიმართ, რომელსაც რაღაც ემუქრება, რომელსაც სამჯერ კლავდნენ.

მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვიღაცამ პუაროს მოტყუება განიზრახა. პუარო კი ძალიან პატივმოყვარე და მეტიც, ტრაბახა კაცია. ის სერიოზული და ამასთან სასაცილო პიროვნება გახლავთ. აგატა კრისტიმ მისი სახით საყვარელი პერსონაჟი დაგვიხატა. 

პუაროს მეთოდია, რომ საბოლოო ჯამში ერთ ოთახში თავი მოუყაროს რამდენიმე ადამიანს, რომელთა შორის ერთ-ერთი დამნაშავეა, იქ ხან ერთს, ხანამ მეორეს დასდოს ბრალი და ბოლოს ის აღმოჩნდება დამნაშავე, ვინც ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. ამ შემთხვევაშიც ასე ხდება.

სტიგ ლარსონი – „გოგონა დრაკონის ტატუთი“

შვედური რომანის ორიგინალი სახელწოდებაა „ქალთმოძულე კაცები“. იგი პირველი წიგნია „მილენიუმის“ ტრილოგიისა, რომელიც 2005 წელს შვედურ ენაზე გამოიცა.

სამწუხაროდ, ავტორი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, წიგნი უკვე 40 ენაზეა თარგმნილი და ძალიან პოპულარულია. 

წიგნის გადმოცემულ მოვლენებამდე 40 წლით ადრე, შვედეთში, 1966 წელს, 16 წლის გოგონა დაიკარგა. ყველაფერი იწყება იმით, რომ ჟურნალისტი მიკაელ ბლუმკვისტი, მილიარდერ ჰანს ერიკ ვენერსტრომს დაუპირისპირდება, დასდებს მას ბრალს არასწორ საქმიანობაში, ვენერსტრომი კი მას ცილისწამებისთვის დაამარცხებს სასამართლო პროცესზე, და ბლუმკვისტს 3-თვიან პატიმრობას მიუსჯიან.

ამასობაში სხვა პერსონაჟი დაიქირავებს ახალგაზრდა ჰაკერ გოგონას, ლიზბეტ სალანდერს, რათა მან გამოიძიოს, რა კაცია მიკაელ ბლუმკვისტი. საბოლოო ჯამში ჰენრიკ ვანგერს აღმოაჩნდება ინტერესი. თურმე ის გოგონა, ჰარიეტი, რომელიც გაქრა, მისი ძმის შვილიშვილია, მას აქვს ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა და ამ მკვლელობაში გარეულია მილიარდერი ჰანს ერიკ ვენერსტრომი. 

ბლუმკვისტი ჩაერთვება გამოძიებაში.  ეს სამეული, ბლუმკვისტი, ვანგერი და სალანდერი ამ საქმეს ერთად იძიებენ. 

გამოძიებისას ბევრი რამ გაირკვევა. საბოლოო ჯამში მოსალოდნელია რომანტიკული ფინალი. სალანდერი მიდის ბლუმკვისტთან, რათა გამოუტყდეს სიყვარულში, მაგრამ გაიგებს, რომ ის სხვა ქალთან არის და გულგატეხილი უკან გამობრუნდება. 

საინტერესოა, რომ ამ თანამედროვე დეტექტივში რომანტიული ნაწილი ისეა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთ პირველ დეტექტივში, კოლინზის „მთვარის სპეკალში“. 

ჩვენ ჩამოვთვალეთ 5 ავტორი, ეს სია შეიძლებოდა ბევრად გრძელი ყოფილიყო, მაგრამ 5 არის 5.