უჩვეულო სანახაობა ცაზე და სატელიტური ინტერნეტი - რა უნდა ვიცოდეთ Starlink-ის პროექტზე

წელს ცაზე უჩვეულო სანახაობა გამოჩნდა. თუკი ჩრდილო ნახევარსფეროში ხართ, ღამით შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დაინახოთ მანათობელი ობიექტების მწკრივი, რომელიც ცაზე სინქრონულად მოძრაობს. უჩვეულო სანახაობა გუშინ საქართველოშიც ნახეს – ეს ილონ მასკის ცნობილი პროექტი Starlink-ია.

რა არის Starlink?

Starlink ბიზნესმენისა და გამომგონებლის, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ერთ-ერთი ცნობილი პროექტია. როგორც თავად მასკი ამბობს, მისი მიზანი მთელი დედამიწისთვის სწრაფი, მაღალი ხარისხის და თან იაფი ინტერნეტის მიწოდებაა.

Starlink-ის პროექტით, დედამიწის ყველა წერტილში მოსახლეობა სატელიტური ინტერნეტის ჩართვას შეძლებს. ამისთვის SpaceX ორბიტაზე ათობით ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. საწყის ეტაპზე დედამიწა 12 000-მა თანამგზავრმა უნდა დაფაროს, საბოლოო გათვლებით კი, მათი რაოდენობა 42 000-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ახლა დედამიწის ორბიტაზე სულ 5000-მდე თანამგზავრია, კოსმოსის ათვისების დასაწყისიდან, 1957 წლიდან მოყოლებული კი სულ 8400-ზე ნაკლები სატელიტი გაუშვეს კოსმოსში.

Starlink-ის იდეა საჯაროდ 2015 წელს გაჟღერდა. მასკის თქმით, დიდ ფინანსურ ცენტრებში ინტერნეტის მოთხოვნას არსებული ქსელები უკვე ვერ აკმაყოფილებდა, მსოფლიოს გარშემო კი იაფი ინტერნეტისადმი სულ უფრო იზრდებოდა ინტერესი. სწორედ ამიტომ SpaceX სატელიტური ინტერნეტის პროექტს იწყებდა.

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ თავდაპირველად მასკი დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრის ორი პროტოტიპის გაშვებას აპირებდა, ხოლო სატელიტური ინტერნეტის ქსელის ამუშავება 2020 წლისთვის იგეგმებოდა. 2018 წლის გათვლებით, Starlink-ის სატელიტური ქსელის ამუშავება 10 მილიარდი დოლარი ჯდებოდა.

Starlink-ის ორი პროტოტიპი 2018 წელს გაუშვეს კოსმოსში. ერთ-ერთი ასტრონომიაზე მომუშავე ჟურნალის მიხედვით, თანამგზავრები დაახლოებით საშუალო მაგიდის ზომაა და 227 კილოგრამს იწონის.

თუმცა, SpaceX-მა თანამგზავრების გაშვება აქტიურად 2019 წელს დაიწყო. კომპანიის შექმნილმა კოსმოსურმა რაკეტა Falcon-მა პირველი 60 თანამგზავრი კოსმოსში 2019 წლის მაისში წაიღო, თუმცა სატელიტური ქსელის შექმნა არც მათ ევალებოდათ და პროექტის წარმატებით გასაგრძელებლად არაერთი საცდელი დავალება ჰქონდათ მიცემული.

თანამგზავრების პირველი სატელიტური ინტერნეტის სერია – Starlink 1 2019 წლის ნოემბერში გაუშვეს, თანამგზავრების რაოდენობა ამ სერიაშიც 60 იყო. 2020 წლის იანვარში კი ორი (Starlink 1 და Starlink 2) 60-თანამგზავრიანი ქარავანი გაემგზავრა კოსმოსში Falcon 9-ით. Starlink 4 დედამიწის ორბიტაზე თებერვალში გაუშვეს, Starlink 5 მარტში, ჯერჯერობით, ბოლო Starlink 6 კი – 22 აპრილს.

შესაბამისად, ინტერნეტის ქსელისთვის ახლა 360 თანამგზავრი მუშაობს, სულ Starlink-ის პროექტით კი, 422 სატელიტია კოსმოსში გაშვებული.

როგორ იმუშავებს Starlink-ის ქსელი?

როგორც ცნობილია, ათასობით თანამგზავრი დედამიწის გარშემო ერთიან ქსელს შექმნის. თუმცა, დედამიწაზე ინტერნეტის პირდაპირ გაჯეტებში მიღება არ შეგვეძლება. ანუ WiFi-ის მობილურსა თუ კომპიუტერში პირდაპირ თანამგზავრიდან ვერ დავიჭერთ.

მასკის თქმით, სატელიტურ ინტერნეტს პატარა „თეფში“, ინტერნეტ მოდემი მიიღებს. „თხელი და ბრტყელი, უცხოპლანეტელთა პატარა, მრგვალი ხომალდივით იქნება“, – ამბობდა მასკი. SpaceX-დან გამოსული ინფორმაციით, ინტერნეტის მიმღები მოდემი პიცის ყუთზე დიდი არ იქნება და მარტივად დავაყენებთ კედლებსა თუ სახურავებზე.

„ინსტრუქცია მარტივია:

– შეაერთეთ დენის წყაროში

– მიუშვირეთ ცას

ეს ინსტრუქცია იმუშავებს. არანაირი ვარჯიში არაა საჭირო“, – წერდა ილონ მასკი Twitter-ზე იანვარში.

უფრო ადრე, ოქტომბერში კი ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ მისი შექმნილი სატელიტური ინტერნეტის პირველი მომხმარებელი თავად გახდა და იმ წუთას Tweet-ს მისი მეშვეობით წერდა.

როდის გამოჩნდება ახალი ინტერნეტი?

Starlink-ის ინტერნეტის გმაოჩენის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თავად ილონ მასკი ვარაუდობს, რომ აშშ-სა და კანადაში სატელიტური ინტერნეტი 2020 წელსვე იქნება, 2021 წელს კი მსოფლიოს გარშემო კიდევ ბევრ ქვეყანას მოიცავს.

თუმცა, არის შემაფერხებელი ფაქტორებიც. პირველი, რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგადცნობილი კორონავირუსის პანდემიაა. მეორე კი ბიუროკრატია და რეგულაციები. Starlink-ს ჯერჯერობით კანადაში ინტერნეტის გავრცელების ლიცენზია არ აქვს და მის მოსაპოველბად გარკვეული დრო დასჭირდება. ქვეყნების განსხვავებული კანონმდებლობის გამო, ხელმისაწვდომობის მიუხედავად, სავარაუდოდ, სხვადასხვა იქნება Starlink-ის შიდა ბაზრებზე გამოჩენის თარიღიც.

თუმცა, როგორც თავად მასკი ამბობს, საბოლოოდ დედამიწაზე ყველგან, ფინანსური და ინდუსტრიული ცენტრების მიღმა, შედარებით შეძლებულ თუ ღარიბ ქვეყნებში, Starlink-ის მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებაა.

რა ვიცით Starlink-ის ფასსა და სიჩქარეზე

ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, რა ეღირება ყოველთვიურად Starlink-ის ქსელში ჩართვა. ახლა ცნობილია მხოლოდ ის, რომ SpaceX-ის წარმომადგენლები თავიანთ სატელიტურ ინტერნეტს იაფ და ხარისხიან ინტერნეტად ახასიათებენ. თუმცა, რაც შეიძლება იაფი იყოს აშშ-ის მოსახლეობისთვის, იგივე ფასი არც ისე კარგი იყოს აღმოსავლეთ ევროპისთვის, მაგალითად საქართველოსთვის.

SpaceX-ის პრეზიდენტმა 2019 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა, რომ ამერიკის მოსახლეობა დაბალხარისხიან ინტერნეტში 80 დოლარსაც კი იხდიდა. მასკმა კი უარყო გაჟღერებული აზრი, თითქოს მთელი დედამიწა მისი მეშვეობით ინტერნეტს უფასოდ მიიღებდა. აშშ-ში ინტერნეტ ბაზრის ანალიტიკოსები წერენ, რომ ინტერნეტის ფასი ქალაქებში ყოველთვიურად საშუალოდ 50$-ია, დაუსახლებელ ადგილებში ინტერნეტზე წვდომა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. შესაბამისად, რადგან SpaceX ხშირად იმეორებს მისი ინტერნეტის ყველასთვის ხელმისაწვდომობაზე, მისი ფასიც, სავარაუდოდ, ინტერნეტის სასუალო ფასზე დაბალი უნდა იყოს.

უცნობია, თავად ინტერნეტის მიმღების ფასიც. ილონ ასკმა ერთ-ერთ კონფერენციაზე ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში ივარაუდა, რომ სატელიტური „თეფში“ 100-დან 300 დოლარამდე ეღირებოდა. თუმცა, ამ მონაცემებით, მაინც ვერ ვივარაუდებთ, როგორი იქნება გინდ მოდემის და გინდ ინტერნეტში ჩართვის ყოველთვური საფასური.

ასევე უცნობია, რა სიჩქარე ექნება Starlink-ის ინტერნეტს. თუმცა, SpaceX-ში მის დაბალბიუჯეტურობასთან ერთად მაღალ სიჩქარესაც გამუდმებით უსვამენ ხაზს. ყველა შემთხვევაში, სატელიტური სიგნალი უფრო ჩქარია, ვიდრე ოპტიკური ინტერნეტი, რომელიც მაინც კაბელების გამტარუნარიანობაზეა დამოკიდებული. Business Insider-ის მიხედვით, ჰაერში გაშვებული სიგნალი, მინიმუმ, 47%-ით ჩქარია.

წინასწარი გათვლებით კი Starlink-ის ინტერნეტი ბევრად ძლიერი იქნება. როგრც The Reuters წერს, კომპანიის ორი პროტოტიპი აშშ-ის სამხედრო ძალებს ემსახურება და მათი ინტერნეტის სიჩქარე 610 მეგაბიტი/წამშია. შედარებისთვის საქართველოში ფიზიკური აბონენტებისთვის ოპტიკური ინტერნეტის პაკეტები, საშუალოდ, 20-დან 100 მეგაბიტ/წამამდეა.

საინტერესოა ისიც, რომ SpaceX ერთადერთი არაა, ვინც სატელტირუ ინტერნეტზე ამყარებს იმედს. 2015 წელს სატელიტური ინტერნეტის მსხვილ პროექტი დაგეგმა Samsung-მაც, რომელიც 4 600 თანამგზავრის გაშვებას გეგმავდა კოსმოსში. თუმცა, ამ დროისთვის Samsung-ის პროექტზე ბევრი არაფერია ცნობილი. სატელიტურ ინტერნეტის პროექტზე მუშაობს Telesat-იც, რომელიც ქსელის ბაზარზე ჩაშვებას 2021 წლისთვის გეგმავდა. კოსმოსის ათვისებას გეგმავს Amazon-იც, რომელსაც დიდი ფინანასური რესურსი აქვს. ასე რომ, სატელიტური ინტერნეტი მომდევნო წლებში შესაძლოა, კონკურენციის ახალ სფეროდ იქცეს.

content image
content image
content image

კრიტიკა ასტრონომებისგან

სტატიის ბოლოს ისევ ვარსკვლავებივით მანათობელ ობიექტებს უნდა დავუბრუნდეთ. Starlink-ის სინქრონულმა მოძრაობამ ბევრი გააოცა, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ელოდებიან და თვალს ადევნებენ ღამის ცაზე მოძრავ სხეულებს. თუმცა, ილონ მასკი და SpaceX კრიტიკის ობიექტიც გახდა.

საქმე ისაა, რომ ასობით ახალი მანათობელი ობიექტის გამოჩენა ცაზე როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ასტრონომებს ხელს უშლის. ასტრონომები ჩივიან, რომ Starlink-ის გამოჩენა აფერხებს შორს მყოფ ციურ სხეულებზე დაკვირვებას, მათ შორის პლანეტა ნეპტუნის მიღმა შესაძლო აღმოჩენებს. ასევე პრობლემაა ისიც, რომ თანამგზავრები განსაკუთრებით შებინდებისას ანათებენ, მაშინ როცა მეტეორებს ყველაზე მეტად აკვირდებიან. თან ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ახლა ორბიტაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული თანამგზავრია, მასკი კი შემდეგ წლებსი ათი ათასობით სატელიტის გაშვებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწიდან ძირითადად ხელოვნურ „ვარსკვლავებს“ დავინახავთ ციური სხეულების ნაცვლად.

SpaceX-ში თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ მათ თანამგზავრებს ასტრონომიაზე მინიმალური გავლენა ექნებოდათ. თუმცა, ბოლო დროს კომპანიაში გაიზიარეს მეცნიერების კრიტიკა და როგორც აცხადებენ, მუშაობენ იმაზე, რომ თანამგზავრების ზედაპირი სინათლეს თითქმის არ ირეკლავდეს და სატელიტები ცზე მანათობელ სხეულებად არ გამოჩნდნენ.

ასევე, ილონ მასკს აკრიტიკებენ ასეთი მასშტაბური პროექტის გამო კოსმოსის დაბინძურების მიზეზითაც. თანამგზავრებსაც თავისი ექსპლოატაციის ვადა აქვთ, ათასობით მათგანის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ კი კოსმოსი მნიშვნელოვნად დაბინძურდება. თუმცა, SpaceX ამტკიცებს, რომ გამოწვევებს ამ მიმართუელბითაც უპასუხეს. Starlink-ის თანამგზავრები სხვა სატელიტებთან შედარებით ბევრად დაბლა არიან, თანაც წინასწარ დაყენებული მექანიზმის დახმარებით, როგორც ამტკიცებენ, 1-და 5 წლამდე პერიოდში სრულად დაიწვებიან, მაშინ როცა კოსმოსში მაღლა მფრენ თანამგზავრებს ამისთვის ასობით ათასი წელი სჭირდებათ.