ვარდისფერი ღვინოები ზაფხულში

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დადგომას ჩვენში ჯერ კიდევ ლუდის სმის გააქტიურებით ხვდებიან, ზაფხული და ვარდისფერი ღვინო ღვინის მოყვარულებისთვის ერთგვარ სინონომებად ითვლება. ზომიერად ჩაციებული მსუბუქი  ღვინო და მასთან შეხამებული სალათეული ან თევზეული არამხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებს გაულამაზებს ადამიანს.

სასიხარულოა, რომ საქართველოში ვარდისფერი ღვინოები ყოველწლიურად პოპულარული ხდება. დღეს ჩვენს ქვეყანაში “ROSE”-ს  ბევრი ქართული კომპანია აწარმოებს. ბოლო წლებში, საფერავის გარდა, ვაზის სხვა ჯიშებისგან დაყენებული არაერთი ქართული ვარდისფერი ღვინო გამოჩნდა ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე.

ვარდისფერი ღვინო სხვადასხვანაირად იწარმოება, თუმცა ყველაზე ხშირად ეს ღვინო ვაზის წითელი ჯიშებიდან დგება. თუკი წითელი ღვინის დამზადებისას ჭაჭასთან კონტაქტი (მაცერაცია) დიდხანს გრძელდება, ვარდისფერი ღვინის შემთხვევაში მეღვინე წყვეტს, რამდენ ხანს დააყენოს ღვინო ჭაჭაზე. ზოგი გამოწურვისთანავე ხსნის ჭაჭიდან წვენს, რის გამოც ღვინო ძალიან მკრთალი გამოდის. ვარდისფერი ღვინის ფერი სწორედ ამაზეა დამოკიდებული – შეიძლება შეგვხვდეს როგორც ღია ვარდისფერი, ასევე ორაგულისფერი ან ლალისფერი ღვინოები. იშვიათად როზეს თეთრი და წითელი ღვინის შერევითაც აწარმოებენ. ეს წესი ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია (დაშვებულია მხოლოდ ვარდისფერი შამპანურების დამზადებისას), თუმცა დღეს არაერთი ვარდისფერი ღვინო იწარმოება ამ მეთოდით.

საქართველოში წითელყურძნიანი ჯიშები, რა თქმა უნდა, ტრადიციულად გამოიყენებოდა წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ოჯახურ მარნებში როზეს ტიპის ღვინისთვის მოკრეფილ ყურძენს ათავსებდნენ საწნახელში, საჭყლეტ მანქანაში წინასწარ გატარებით ან ჭყლეტდნენ ფეხით და თავის კლერტთან და ჭაჭასთან ერთად საწნახელში სადუღრად ტოვებდნენ. დუღილის პერიოდში დროდადრო დურდოს დაურევდნენ საწნახელშივე სპეციალური სარევით. მძაფრი დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინო გადაჰქონდათ სუფთად გარეცხილ ქვევრებში, მჭიდროდ ახურავდნენ სარქველს და ზემოდან თიხით გლესავდნენ. ზოგან წითელ ჯიშებს თეთრი ღვინის მსგავსად აყენებდნენ. ყურძნის საწნახელში დაწურვის შემდეგ სუფთა წვენი გადაჰქონდათ ქვევრებში სადუღრად. ქვევრებს უტოვებდნენ ჰაერის ამოსასვლელს და შემდეგ მჭიდროდ ახურავდნენ სარქველს.

უფრო შეფერილი და სხეულიანი ღვინის მისაღებად საწნახელში დადუღებულ ღვინოს ქვევრებში გადაღების შემდეგ უმატებდნენ კლერტგაცლილ, მაგალითად, ოცხანურ საფერეს ჭაჭას თავისი წვენით. ამის შემდეგ დროდადრო ქვევრს დაურევდნენ უკეთ გაზავების მიზნით და ღვინოს სრული დადუღების შემდეგ გადაიღებდნენ და გამოაცლიდნენ ჭაჭას.

როგორც ცნობილია ვარდისფერი ღვინო უნდა იყოს ადვილად მოსახმარი, მსუბუქი ღვინო, გამოირჩეოდეს მარტივი არომატებითა და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით,  არ უნდა იყოს დაძველებული ან დავარგებული. არომატები შეიძლება იყოს: ვარდი, კოწახური, შტოში, ჟოლო და ა.შ…

„როზეს“ ჯიშები

ალბათ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი ზოგჯერ მაღაზიაში თეთრ ღვინოს იყიდის და ეს სასმელი სრულიად უინტერესო აღმოჩნდება და მასში ყველაფერი (გემო, არომატი და სხვა…) გამქრალია. „როზეს“ უპირატესობა კი ისაა, რომ მასში უფრო ხშირად ნარჩუნდება გემო, არომატები და სხვა…

როდესაც შედიხართ რესტორანში ან ღვინის ბარში და გსურთ, რომ მარტო 2–3 ჭიქა ღვინო დალიოთ, თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ ძალიან გამორჩეული ახალი ღვინო არ აქვთ, უმჯობესია საქმე გაიმარტივოთ და ვარდისფერი ღვინო შეიძინოთ,  რომლებიც, როგორც წესი, არ გაგიცრუებთ იმედებს.

ამას გარდა, ვარდისფერი ღვინოები სხვადასხვა მსუბუქ კერძთანაც კარგად მიდის. ასევე აქვს თავისი უნივერსალურობაც. თანამედროვე ქართულ თეთრ ღვინოებს, როგორც წესი, ბევრი პრობლემა აქვთ ხოლმე. ბევრი ღვინო გვხვდება დაჟანგული, ან არაფრით გამორჩეული (უხასიათო) და მათ ფონზე ვარდისფერები ჩვენი მეღვინეობის უდავოდ პროგრესული სეგმენტია.

„როზეები“ ფანტასტიურად ეწყობა ბოსტნეულის მსუბუქ სალათებს, ბოსტნეულისვე რაგუს, იმერულ ჭყინტ ყველს და, ე.წ. ცოცხალ თევზს. ამ ტიპის ღვინოებს ხშირად ხილსაც უხამებენ. განსაკუთრებით კი – მარწყვსა და ალუბალს.

ახლა როზეს დასამზადებლად საუკეთესო ჯიშებზეც ვთქვათ ცოტა…

საფერავი

ამ ლეგენდარული კახური ჯიშიდან, საფერავიდან დაყენებული ვარდისფერი ღვინოები ყველაზე პოპულარულია საქართველოში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი დასახელების ვარდისფერი საფერავი გამოვიდა ადგილობრივ თუ მსოფლიო ბაზარზე.  ყველაზე ხშირად მშრალ საფერავ როზეს ვხვდებით, თუმცა არსებობს მისი ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ნიმუშებიც.

თავკვერი

ქართული ჯიშებიდან, ქართლის თავკვერიდან ტრადიციულად აყენებდნენ ხოლმე ვარდისფერ ღვინოს. ცნობილი ხიდისთაური სწორედ ვარდისფერი ღვინოა.

ჩხავერი

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარდისფერი ვაზის ჯიშია დასავლეთ საქართველოში. ამ გურული ვაზის ჯიშიდან სხვადასხვა ტიპისა და ფერის ღვინოს აწარმოებენ, თუმცა ვარდისფერი ყველაზე პოპულარულია. საქართველოში რამდენიმე მარნის წარმოებული ვარდისფერი ჩხავერია ხელმისაწვდომი. ასევე ცნობილია აჭარაში მოყვანილი ჩხავერიდან დაყენებული ღვინოები.

ალადასტური

ამ დასავლურქართული ჯიშიდან შესანიშნავი ვარდისფერი ღვინო დგება, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და ნამდვილი ალადასტურის (და არა ალადასტურად გასაღებული ჰიბრიდული ვაზისგან დამზადებული გაურკვეველი ღვინის)  შოვნა არც ისე ადვილია.

ძელშავი

დასავლეთ საქართველოში საკმაოდ გავრცელებული  წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან ქვევრშიც კი მზადდებოდა ხოლმე ვარდისფერი ღვინო. ძელშავი ცნობილია აგრევე ძველშავისა და ობჩური ძელშავის სახელწოდებით. ზემო იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივი ძველშავისა და საჩხერის ძველშავის სახელწოდებით გავრცელებული ჯიში სულ სხვაა და იგი ობჩური ძელშავისაგან საგრძნობლად განსხვავდება.

სხვა ჯიშები

ვარდისფერ ღვინოებს საქართველოში ასევე აყენებენ შემდეგი ჯიშებიდან: შავკაპიტო, ოცხანური საფერე, ოჯალეში, კაბერნე სოვინიონი, მერლო, ვარდისფერი მუსკატი და სხვა. ხშირ შეხვდებით თეთრი და წითელი ჯიშების შერევით დამზადებულ ვარდისფერ ღვინოებსაც.

ვარდისფერი ღვინო ევროპაში

ვარდისფერ ღვინოებს ევროპაში საუკუნეების მანძილზე ამზადებენ და შესაბამისად, ამ ტიპის ღვინის დამზადების დიდი ტრადიციებიც არსებობს. მაგალითად, საფრანგეთის სამხრეთი რაიონის ვარდისფერი ღვინო, რომელიც დეგუსტატორთა დახასიათებით გასაოცარი ახალი ხილის არომატით გამოირჩევა, მზადდება კუპაჟით, რომელიც შედგება 60% გრენაჟის ჯიშის ყურძნის, 15% მურვედრის ან სენსოს და 15% ტერა ნოარის მონაწილეობით.

სამხრეთ საფრანგეთის განთქმული ვარდისფერი მშრალი და ცქრიალა ღვინოები ძირითადად მზადდება კაბერნე სოვინიონის, მერლოს, კაბენრე ფრანის, მალბეკის ჯიშების ყურძნად კუპაჟით. ისინი გამოირჩევიან სასიამოვნო შეფერილობით, სიხალისით და მკვეთრად გამოხატული ხილის არომატით. მათი გაყიდვა და მოხმარება ნებადართულია მოსავლის წლის პირველი დეკემბრიდან.

გამოსარჩევია საფრანგეთის პროვანსას ვარდისფერი მშრალი მაღალხარისხოვანი და მიმზიდველი ღვინო. დადგენილია, რომ მის დამზადებაში უნდა მონაწილეობდეს ყურძნის ჯიშები: მურვედრი არანაკლებ 70%, სირა და გრენაში; ამასთან ერთად გრენაშის წილი ამ ორ უკანასკნელში 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ ჯიშების გამოყენებით ღვინის დამზადებისას თეთრი ჯიშის ყურძნის მონაწილეობა აკრძალულია.