აურზაური „ვიღაცის“ (NEXTA) გამო

ორი წუთი თავისუფლებამდე

23 მაისი. შუადღე. ბელარუსის საჰაერო სივრცეში მყოფ Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის #FR4978 ავიარეისს უკავშირდება ადგილობრივი დისპეტჩერი, რომელიც ბორტზე არსებული ნაღმის შესახებ მიღებული ცნობის საფუძველზე მოითხოვს, თვითმფრინავმა მოუხვიოს და დაეშვას მინსკში.

კაპიტანი ვერ ხვდება, რატომ უნდა დაჯდეს მისი ბორტი მინსკში მაშინ, როდესაც ვილნიუსი უფრო ახლოსაა. მას არ ეძლევა თავის ავიაკომპანიასთან დაკავშირებისა და დეტალების გარკვევის საშუალება.

რამდენიმე დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ეკიპაჟი ცვლის კურსს. ამავდროულად, ბოინგის მინსკამდე „მისაცილებლად“ ცაშია აჭრილი ბელარუსის საჰაერო ძალების მოიერიშე МиГ-29. მოხვევის მომენტში ბოინგს სულ ორიოდე წუთი რჩებოდა ლიეტუვის საჰაერო სივრცემდე…

ბოინგის კაპიტნის შეტყობინება მინსკში დაუგეგმავ დაშვებაზე განსაკუთრებულ ღელვას იწვევს ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრში, რომელიც იწყებს მობილურსა და ლეპტოპში სენსიტიური მონაცემების სასწრაფოდ წაშლას. აეროპორტში მას აკავებენ თანამგზავრთან ერთად. სასოწარკვეთილი მამაკაცი მხოლოდ იმის დაძახებას ასწრებს, რომ დახვრეტა ემუქრება.

დაკავებულების ვინაობა მალევე გაირკვა: 26 წლის ბელარუსი პოლიტემიგრანტი, ოპოზიციონერი ჟურნალისტი და NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი და მისი  საცოლე 23 წლის სოფია საპეგა.

პროტასევიჩის აყვანა მინსკის აეროპორტში (EPA / EFE)

ინციდენტს იძიებს ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია). შემთხვევა სახელმწიფო მეკობრეობის აქტად შეფასდა, რამაც აშშ-სა და ევროკავშირს შეშფოთებაზე გაცილებით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა. პოლიტიკური თვითგადარჩენის ინსტინქტს ატანილმა „ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა“ ვერ გათვალა ამ ქმედების შესაძლო ექო და რეპუტაციული ზიანი. სანქციების პირველმა ტალღამ უკვე მოუტანა ბელარუსს მშპ-ს 3%-ის ოდენობის ზარალი (და ეს მხოლოდ დასაწყისია).

რატომ წავიდა ლუკაშენკო ასეთ უპრეცედენტოდ გამომწვევ ნაბიჯზე იმ „ვიღაც“ ახალგაზრდის დასაკავებლად, რომლის სახელიც მკითხველთა უმეტესობამ პირველად მხოლოდ ამ ნიუსიდან გაიგო?

„ჰამასის“ წერილი თუ ლუკაშენკოს სიხარული?

ავიაინციდენტში ბელარუსის კაგებეს ხელწერა ნათლად იკვეთება. საბერძნეთის დედაქალაქის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ უთვალთვალებდა პრატასევიჩს რამდენიმე პიროვნება. თავად რომანი ათენის აეროპორტში ყოფნისას სწერდა კოლეგებს, რომ უცნობი პირი საეჭვო ინტერესს ამჟღავნებდა მისი პასპორტის მისამართით.

კურიოზული იყო მინსკის აპელირება პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ „წერილზე“ ბოინგში ნაღმის არსებობაზე, რასაც აშკარად ამჩნევია „ნაკერი ძაფების“ კვალი: „ჰამასი“ თავის პრაქტიკაში არ მიმართავს მსგავს გატაცებებს, არ ხმარობს ტერმინებს – „ისრაელი“ (რომლის არსებობასაც არ აღიარებს) და „ღაზას სექტორი.“ მეტიც, ამ მომენტისთვის „ჰამასი“ უკვე დაზავებული იყო ისრაელთან.

სიურეალისტურად ირონიული იყო „ჰამასის“ მიერ მინსკის გაკრიტიკება ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. ბოლოს და ბოლოს, ხსენებული იმეილი გაგზავნილია პოსტფაქტუმ – დისპეტჩერის შეტყობინებიდან თითქმის ნახევარი საათის შემდეგ.

რომან პროტასევიჩი – მეტი, ვიდრე ჟურნალისტი

პროტასევიჩმა გაიარა მშფოთვარე გზა ამბოხებული თინეიჯერიდან გავლენიან აქტივისტამდე. 16 წლის რომანი, ჩე გევარას მაისურიანი ინფანტილური თანატოლებისგან განსხვავებით, ყოველთვის მიილტვოდა ფრონტის წინა ხაზისკენ: ჩართული იყო ლუკაშენკოსადმი ანტაგონისტურად განწყობილ ნაციონალისტურ ახალგაზრდულ გაერთიანებაში, მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში და სოციალურ ქსელში ВКонтакте მართავდა ოპოზიციურ ანგარიშს. გვერდი სახელისუფლებო ჰაკერებმა გატეხეს, ადმინისტრატორს კი დაკითხვაზე ფიზიკურად შეეხნენ.

აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო, რომანი ასევე გარიცხეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან და მოუხსნეს საპრეზიდენტო სტიპენდია, თუმცა მოგვიანებით მან თავად მოიპოვა ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდია „რადიო თავისუფლების“ სტაჟირების გასავლელად (2017-2018). ამ ფაქტში სიმბოლურად გამოიკვეთა ლუკაშენკოსა და ჰაველის, როგორც ორი იდეისა და სიმბოლოს (რეპრესია vs დისიდენტობა) შეპირისპირება.

აქციაზე ქ. მინსკში, 2012 წ. (AP)

რომანი ენთუზიაზმით აკვირდებოდა კიევის „მაიდნის“ მოვლენებს, როდესაც „ბერკუტის“ რაზმელის ხელკეტმა თავი გაუტეხა, შემდეგ ჩადის დონბასში, მარიუპოლის ფრონტზე ბრძოლების გასაშუქებლად, სადაც მსუბუქად დაიჭრება. აქ ის თან ახლდა ცნობილ ბატალიონ „აზოვს.“ დონბასური „თავგადასავლის“ გამო ის 2014 წ. გამოკითხეს მინსკში, თუმცა თავად რომანი და შენაერთის მაშინდელი ხელმძღვანელიც აცხადებდნენ, რომ ის მხოლოდ ფოტოჟურნალისტი იყო და საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა.

2019 წ. რომანი პოლონეთში გადადის და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. მოგვიანებით ვარშავაში ჩავლენ მისი მშობლებიც. რომანის მამა ბელარუსის არმიის რეზერვის ოფიცერია, რომელსაც შვილის აქტივობის გამო მთავარსარდალ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით ჩამოერთვა სამხედრო წოდება და ჯილდო 30-წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის.

სხვადასხვა მედიაში ფოტოჟურნალისტად მუშაობის შემდეგ რომანი მთავარი რედაქტორის ამპლუაში უერთდება NEXTA-ს, საიდანაც მიდის 2020 წ. სექტემბერში და ლიტვის დედაქალაქში იკავებს ტელეგრამ არხ Belamova-ს (Беларусь головного мозга) დაპატიმრებული რედაქტორის ადგილს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე რომანი აშუქებდა საბერძნეთში ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას ვიზიტს. ერთი ვერსიით, თავდაპირველად იგეგმებოდა თავად ციხანოვსკაიას დელეგაციის გადამყვანი თვითმფრინავის (იგივე მარშრუტი) დასმა მინსკში, თუმცა დაუგეგმავად გადადებული ფრენის გამო რეჟიმს ხელში პრატასევიჩის რეისი „შერჩა“ – გადაწყდა, ის მაინც ჩაეგდოთ ხელში.

Telegram – რეპრესიული რეჟიმების რისხვა

ბოლო წლებში პოპულარულმა მესენჯერმა ტელეგრამმა შეითავსა საპროტესტო მუხტის აკუმულირებისა და გადაცემის ისეთივე როლი, როგორიც ჰქონდა ტვიტერს „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებისას. ბუნებრივია, მას არ სწყალობენ ავტოკრატიული რეჟიმები.

ირანმა ტელეგრამი 2017 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ დაბლოკა. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი, პარიზში მცხოვრები დისიდენტი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელიც ტელეგრამ-არხით საპროტესტო მსვლელობების ორგანიზებას ეწეოდა, რეჟიმის აგენტებმა 2019 წ. ერაყში შეიტყუეს და ირანში გადაიყვანეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს. ამ პერიოდში ირანის მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ ტელეგრამის მომხმარებელი იყო.

2018 წ. რუსეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ შეზღუდა წვდომა ტელეგრამზე მას შემდეგ, რაც მისმა დამაარსებელმა, „რუს მარკ ცუკერბერგად“ წოდებულმა პაველ დუროვმა არ გადასცა კრემლის ძალოვან უწყებებს მომხმარებელთა დაშიფრულ მიმოწერაზე წვდომისთვის საჭირო „გასაღებები.“ ტელეგრამში უმალ დაიწყო დემონსტრაციების ორგანიზება მთელი რუსეთის მასშტაბით, რომელშიც ა. ნავალნიც მონაწილეობდა. მომხმარებლები ბინებიდან ისროდნენ ქაღალდის პატარა თვითმფრინავებს (ტელეგრამის ლოგო).

თავად დუროვს რუსეთის დატოვება მოუხდა, თუმცა მისმა „პირმშომ“ გაიმარჯვა: დაბლოკვის არაეფექტიანობისა და მესენჯერის პოპულარობის გამო, 2020 წელს ბლოკირება მოიხსნა. ბედის ირონიით, ტელეგრამში ანგარიშები გახსნეს სახელმწიფო ორგანოებმაც, მათ შორის თავად „როსკომნადზორმა.“

„ხელები შორს „ტელეგრამისგან!“ – აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოსკოვიდან, 2018 წ.

ტელეგრამით ხდებოდა ჰონგ-კონგის 2019-2020 წწ საპროტესტო გამოსვლების კოორდინირებაც, რის პასუხადაც კონტინენტური ჩინეთიდან განხორციელდა კიბერ-შეტევა, დააპატიმრეს რამდენიმე ჯგუფის ადმინისტრატორი, მესენჯერი კი სრულად ბლოკირებულია.

NEXTA-ს ტელეგრამ-რევოლუცია

NEXTA-ს, რომლის ქოლგის ქვეშაც Youtube და Telegram არხებია, 2017 წლიდან აქტიურად ავითარებს 22 წლის ბელარუსი დისიდენტი ემიგრანტი სტეპან პუტილო. მას სურდა, მიექცია აპოლიტიკური და აპათიური თანამემამულე ახალგაზრდების ყურადღება, რადგან „თუ შენ არ ინტერესდები პოლიტიკით, ხვალ პოლიტიკა დაინტერესდება შენით, შენ კი არ გეცოდინება, როგორ მოიქცე.“ შესაბამისად, მედიარესურსი თავიდანვე გათვლილი იყო, როგორც ჟურნალისტიკისა და აქტივიზმის ჰიბრიდი.

„ნეხტა“ ბელარუსულად ნიშნავს „ვიღაცას.“ პუტილოს განმარტებით, ეს ანონიმი არის „ვიღაც იმ ბელარუსთაგანი, რომელიც ჩემსავით ფიქრობს.“ სწორედ ასეთი ანონიმებისგან მიღებული ცნობები ქმნის NEXTA-ს საქმიანობის ხერხემალს. სიტყვაში ფიგურირებს ინგლისური NEXT-იც, როგორც მომავალი თაობის (next generation) ალეგორია.

სტეპან პუტილო – NEXTA-ს სულისჩამდგმელი

NEXTA და მისი ოპერატიული ნიუს-განშტოება NEXTA Live ბელარუსის საპროტესტო მოძრაობის აღმავლობის პერიოდში (2020 წ. აგვისტო-სექტემბერი) იქცა არა მარტო გამოსვლებისა და რეჟიმის ბრუტალურობის გაშუქების მთავარ წყაროდ (ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც ვერ გააჩერა რეჟიმის სრულმა ინტერნეტ და მედიალოქდაუნმა), არამედ – თავად მოძრაობის ერთგვარ წარმმართველადაც. ქვეყნიდან გადახვეწილი და დაკავებული ლიდერების გარეშე, დეცენტრალიზებული და თვითორგანიზებული საპროტესტო მსვლელობებისას ხალხის დიდი მასების კოორდინაციას სწორედ NEXTA წარმართავდა: აქ ანონსდებოდა კონკრეტული ლოკაციები, თარიღები და სხვა დეტალები. NEXTA-ს გუნდი ამ კუთხით ეყრდნობოდა ჰონგ-კონგის პროტესტის გამოცდილებას.

NEXTA-ს მთავარი კოზირია ექსკლუზივები და ინსაიდერული ცნობები, მათ შორის ინფორმატორებისგან ძალოვან სტრუქტურებში, რამაც დიდწილად განაპირობა არხის თავბრუდამხვევი პოპულარობა: აქციების პიკის პერიოდში მას 2 მლნ გამომწერი ჰყავდა, რამაც აქცია რუსულენოვან სეგმენტში პირველ და მსოფლიოში მერვე ყველაზე პოპულარულ ტელეგრამ არხად.

რუს ვიდეო-ბლოგერ იური დუძთან სტეპანისა და რომანის ინტერვიუს Youtube-ზე 9 მლნ ნახვა აქვს. NEXTA შემოსავალს იღებს მხოლოდ რეკლამით (საშ. $5000) და მკითხველთა დონაციებით (შემოწირულობა).

NEXTA-ს ოფისი განთავსებულია ვარშავის ცენტრში, „ბელარუსული სახლის“ შენობაში. ესაა არასამთავრობო, კულტურული ცენტრი, რომელიც პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო ტერიტორიას პოლონური პოლიცია გაძლიერებულად იცავს.

სტეპანის და რომანის პატარა გუნდს იქ შეუერთდა BELSAT-ის (ოპოზიციური ბელარუსული სატელიტური ტელეარხი, რომელიც ვარშავიდან მაუწყებლობს) რამდენიმე ახალგაზრდა გამომძიებელი ჟურნალისტი. თავიდან მხოლოდ 4 თანამშრომელი იყო, რომელთაც დღიურად უწევდათ ათასობით შემომავალი შეტყობინებისა თუ ვიდეოს დამუშავება.

პრატასევიჩს, როგორც რედაქტორს, ამ პიკურ პერიოდში დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი თუ ეძინა. ასეთ სიტუაციაში ბუნებრივია, ყოველთვის ვერ ხერხდებოდა მასალის სათანადო გადამოწმება და შეცდომებიც გაპარულა, მაგალითად 2020 წ. 11 აგვისტოს ცნობა მინსკში რუსული სპეცრაზმის გამოჩენაზე.

ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ლაივ-გაშუქება ქ. მინსკში.

იდეალისტ „ნეხტელებს“ არასოდეს დაუმალავთ, რომ მათი მიზანი ლუკაშენკოს რეჟიმის შეცვლაა. სმარტფონებით შეიარაღებულმა ამ ერთმა მუჭა „ცხვირმოუხოცავმა ღლაპებმა“ დიქტატორს თეთრი ხელთათმანი თამამად ესროლეს.

რადგან ეს არხი ვერ გადაკეტა, ლუკაშენკოს თავად „გადაეკეტა“: 2020 წ ბოლოს რეჟიმმა NEXTA ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, პროტასევიჩს და პუტილოს კი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. კაგებემ ისინი ტერორისტთა სიაშიც კი შეიყვანა.

ვარშავამ, ბუნებრივია, უგულებელყო მინსკის მოთხოვნა მათ ექსტრადიციაზე. მინსკში ცდილობენ, დროსა და ტექნოლოგიებს არ ჩამორჩნენ: გამოჩნდა ფორმალურად ანონიმური, სინამდვილეში კი ლუკაშენკოს პრესსამსახურის ტელეგრამ არხი, რომელიც წვდომა აქვს საპრეზიდენტო რეზიდენციის დახურულ კარს მიღმა – ისევ და ისევ რეჟიმის PR-ის მიზნით. არხს მხოლოდ 100 000 მიმდევარი ჰყავს.

ამასობაში, მიმდინარე წლიდან სტეპანმა აქცენტი იუთუბზე გადაიტანა, სადაც ნავალნის სტილში „აცხობს“ სკანდალურ საგამოძიებო სიუჟეტებს ლუკაშენკოს ბნელ წარსულსა და მისი კლანების ფარულ კორუფციულ სქემებზე.

„ინტერვიუ“ კადიროვის სტილში

მაშინ, როდესაც დაკავებულებთან ადვოკატს არ უშვებენ, რეჟიმმა უკვე ორი აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, რაც ბრალდებულის უფლებების სრული უგულებელყოფაა.

პრინციპით – თვალი თვალისა წილ, ლუკაშენკოს ყელში ძვლად გაჩხერილი აქტივისტები იმავე ტელეგრამის ველზე უნდა დამარცხდნენ („გატელევიზორდნენ“): დაკავებიდან მეორე დღესვე პროსამთავრობო ტელეგრამ-არხმა Желтые сливы გამოაქვეყნა ჯერ რომანის, შემდეგ კი სოფიას ვიდეო დაკითხვის ოთახიდან.

რომანი და სოფია აღიარებით ჩვენებებს აძლევენ

სოფია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და რომანი ვილნიუსში სწავლისას გაიცნო, ჩანაწერში აღიარებს, რომ მართავდა ტელეგრამ-არხს Черная книга Беларуси („ბელარუსის შავი წიგნი“), რომელიც აქვეყნებდა ძალოვანი სტრუქტურების იმ თანამშრომლების პირად მონაცემებს, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ პროტესტანტებზე სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. სოფიას ბრალდება შუღლის გაღვივების მუხლით აქვს წაყენებული.

რომანს ბრალდება არეულობის მოწყობის ორგანიზება (ჯამში 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), რაც შესაძლოა დაუმძიმოს დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ანუ მკვლელობის მუხლმაც, რაც უმაღლეს სასჯელს (დახვრეტას) ითვალისწინებს. ხსენებულმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა ფოტოები დაკავებულის ტელეფონიდან, სადაც ის პოლკ „აზოვის“ სამხედრო ფორმაში, იარაღით ხელში პოზირებს. საჯარო გამოსვლისას ლუკაშენკომ ახსენა, რომ რომანი „ხალხს ხოცავდა დონბასში.“ მეტიც, მინსკის ნებართვით რომანის დაკითხვას აპირებენ თვითაღიარებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „პროკურორები“.

3 ივნისს სახელმწიფო არხ ОНТ-ზე გავიდა „ინტერვიუ“, სადაც რომანმა ისაუბრა სპეციალურ შიდა ჩატზე, რომლითაც თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთ მესიჯ-ბოქსს NEXTA-ს ახმოვანებინებდნენ. ასევე ისაუბრა ოპოზიციის რიგებში შიდა დაპირისპირებაზე და მათ უარყოფით პიროვნულ თვისებებზე (ფუფუნება, განცხრომა, ალკოჰოლიზმი და სხვ.). ფაბულა შემდეგია: საზღვარგარეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიცია ცდილობს სანქციების პროვოცირებას მინსკის წინააღმდეგ, რა მიზნითაც რომანს „გაუჩალიჩეს“ კიდეც ეს ავია-ინციდენტი. და ბოლოს, ეს ყველაფერი ვერ ჩაივლიდა დაკავებულის მიერ „ერის მამის“ ქების გარეშე: „ლუკაშენკო პატივისცემას იმსახურებს, რადგან ამხელა ზეწოლის გაძლება მხოლოდ ფოლადის კვერცხების მქონეს ძალუძს.“

პირველ ვიდეოში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა რომანის სახეზე გრიმის სქელ ფენას, რომელიც ბოლომდე ვერ ფარავდა სახეზე ფიზიკური დაზიანების კვალს. ასევე, კადრში ყურადღებას იქცევს სიგარეტის კოლოფი: დაკითხვისას მიწოდებული სიგარეტი აპრობირებული პრაქტიკა იყო 1930-იანი წლების რეპრესიებისას. როგორც ჩანს, ბელარუსის უშიშროების მუშაკებს საბჭოთა კაგებესგან არა მხოლოდ სახელწოდება, არამედ მეთოდებიც უცვლელად შემოუნახავთ.

ინტერვიუ ОНТ-ზე: დაზიანების კვალი მაჯებზე

ფსიქოლოგების შეფასებით, ჩანაწერში რომანი ცდილობს, დამალოს შიში. მის საუბარს აშკარად გასდევს არაბუნებრიობის შთაბეჭდილება. ფაქტია, ის ისევე დაამუშავეს წინასწარ, როგორც, მაგალითად, შარშან შეემთხვა სვეტლანა ციხანოვსკაიას და სხვებს, რომლებმაც ანალოგიური წნეხი იწვნიეს. ტრადიციულად, ძალოვნების არსენალშია როგორც პირდაპირი დაშინება, ისე ახლობელ ადამიანებზე (ამ შემთხვევაში – რომანის მეგობარი გოგონა სოფია) ზეწოლით ობიექტის დაშანტაჟების მეთოდი. მაგალითად, ოჯახის წევრების ციხეში ამოლპობის მუქარით ძალოვნები შეეცადნენ ქვეყნიდან გაქცეული „ბელსატის“ ჟურნალისტის უკან დაბრუნებას. ამ მიზნით მასთან პირდაპირ იზოლატორიდან დაარეკინეს მის მეუღლეს.

მიმომხილველების შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმს ამოძრავებს შემდეგი მოტივაცია: პირადი შურისძიება, ძალის დემონსტრირება (სახელმწიფოს მტრები უნდა ძრწოდნენ, მათ ყველგან მისწვდებიან) და ოპოზიციის შიდა სამზარეულოს შესახებ ცნობების მიღება. ფსიქოლოგიური ეფექტის გასაძლიერებლად ეს ინტერვიუ მინსკის ქუჩებში დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზეც გაუშვეს. ამავდროულად, სეპარატისტულ დონბასში გამოჩნდა ბილბორდები წარწერით „გაიცანით სისხლიანი კაცისმკვლელი – რომან პროტასევიჩი!“

კრემლის „ზურგი“ მეგობრულ რეჟიმს

კრემლში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარ ავტოკრატიულ ფორპოსტში მშვენივრად ესმით, რომ მორიგი სახალხო რევოლუციის ტალღის შემდეგ თავად რუსეთის დემოკრატიზაციაზეც მიდგება ჯერი. პუტინი ცდილობს, არ დაუშვას ის სახიფათო პრეცედენტი, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა შარშან ციმბირში მიმდინარე პროტესტის მსვლელობისას – ბელარუსის პროტესტთან სოლიდარობის ამსახველი ტრანსპარანტები.

მოსკოვმა შარშან და წელსაც დააკავა და მინსკს გადასცა რამდენიმე „არასანდო“ პირი, მათ შორის პოლიტოლოგი ალ. ფედუტა (ამ უკანასკნელმაც მინსკში ტელეეთერით აღიარა ლუკაშენკოს წინააღმდეგ „დასავლეთში დაგეგმილი გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობა“).

პროტასევიჩის ინტერვიუს კრემლთან დაახლოებულ წრეებში დაუფარავი აჟიტირება და გამარჯვების ყიჟინა მოჰყვა. „ლუკაშენკომ ლამაზად შეასრულა!“ – RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი. „ასეთები „ადგილზევე უნდა მიახვრიტონ, ძაღლივით!“ – პუტინის მზარეულად წოდებული, „ტროლების ქარხნის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი. „ასე ავატირებთ მათ ყველას! ასეთივე ბედი ელის რუს ლიბერალ ბლოგერებს, უკრაინელ მაიდნელებს და მათ აღმოსავლეთ ევროპელ კურატორებს!“ – რუსეთის დუმის ცივე-სპიკერი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (!) ვიცე-პრეზიდენტი, პროფესიით ჟურნალისტი პეტრ ტოლსტოი.

პრეზიდენტმა პუტინმა კი აღნიშნა, რომ საერთოდ არ ადარდებს „ვიღაც“ პროტასევიჩი, ხოლო შეკითხვაზე, თავად თუ დასვამდა თვითმფრინავს იმავე მეთოდით და ჩანაფიქრით, ღიმილით უპასუხა: „არ გეტყვით!“

თავად ლუკაშენკო ბოლო პერიოდში აქტიურად ავითარებს რიტორიკის იმ ხაზს, თითქოს ბელარუსი გზად გადაეღობა მზაკვარი დასავლეთის ხელებს, რომელსაც სურს მისწვდეს რუსეთს. ამ პროპაგანდისტულ ნარატივში შესანიშნავად ჯდება პროტასევიჩის აღიარება, რომ დასავლეთის საბოლოო მიზანია ფერადი რევოლუციის ექსპორტი და „სისხლიანი მაიდნის“ მოწყობა ჯერ კიდევ გაუტეხელ ბელარუსში, საბოლოოდ კი – რუსეთში. ამ კუთხით ნიშანდობლივია პროტასევიჩის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ის მიუთითებს, რომ იგეგმება NEXTA-ს აქტივობის მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ.

პარტნიორების თათბირი იახტაზე, რომელსაც ფილმ „ტიტანიკის“ სიუჟეტს ადარებენ. ქ. სოჭი, 2021 წ.

To Be Continued…

მაისში ლუკაშენკოს რეჟიმმა თავისუფალ სივრცეს კიდევ უფრო შემოუჭირა ჭანჭიკები: ახალი კანონებით ხელისუფლებას შეეძლება, ნებისმიერ დროს გამორთოს ტელე-რადიო-ინტერნეტ კავშირი. აიკრძალა მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება. ძალოვნებს ნება მიეცათ, მიტინგების დროს გამოიყენონ ლეტალური და მძიმე შეიარაღება. დარბეულ და ლიკვიდირებულ იქნა უდიდესი არაფორმალური მედია TUT.by და სხვ.

ფაქტია, ბელარუსის დემოკრატიული დუღილი ახალ, უფრო მწვავე ფაზაში შედის. პროცესები შესაძლოა დრამატული სცენარით განვითარდეს. ბევრი რამ დამოკიდებულია დიდი მოთამაშეების – დასავლეთისა (აშშ/ევროკავშირი) და რუსეთის ქმედებებზე.

შესაძლოა, ვივარაუდოთ მათ შორის გარკვეული გარიგება, რაც ითვალისწინებს ლუკაშენკოს, როგორც ორივე მხარისთვის მიუღებელი კანდიდატის ხელისუფლებიდან შედარებით მშვიდობიანად ჩამოცილებას… ნებისმიერ შემთხვევაში, ბელარუსს წელიწადის დაძაბული მეორე ნახევარი ელის, რადგან კოლექტიური „ვიღაც“ სულაც არ აპირებს ტელეეკრანთან გულხელდაკრეფილი ჯდომას.