ყურადღება არ უნდა მივაქციოთ კრემლის მუქარას, რუსეთს მეტი ესკალაცია აღარ შეუძლია | ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან

ალექსანდრე ქეშელაშვილი

ბოლო პერიოდში უკრაინაში საომარი ვითარება სწრაფად იცვლება. დიდი საარტილერიო იერიშების დახმარებით მაისსა და ივნისში რუსულმა არმიამ გარკვეული წარმატებების მიღწევა შეძლო ლუჰანსკის ოლქში. მაგრამ უკრაინული არმიისა და ამერიკული მულტიკალიბრული სარაკეტო სისტემების ეფექტიანი მუშაობით, ივლისიდან მოყოლებული რუსეთის წინსვლა მნიშვნელოვნად შეჩერდა და საბოლოოდ, თითქმის გაიყინა.

29 აგვისტოდან კი ფრონტზე შეტევაში უკრაინა გადავიდა, ჯერ კონტრიერიში სამხრეთით ხერსონის მიმართულებით დაიწყო, რასაც ხარკივის ოლქში უკრაინული ბლიცკრიგი მოჰყვა.

უკრაინელთა წარმატებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიჰყვება, რომ დონბასში პოზიციებს გააძლიერებენ და მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

რა იყო რუსეთის მიზნები მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს გეგმავდნენ და წარმატების რა შანსი აქვს კრემლს? რა იქნება უკრაინის გამარჯვება ამ ომში და რამდენად შესაძლებელია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილ მეთაურს გენერალ ბენ ჰოჯესს ესაუბრა.

  • რუსეთის ხელისუფლება და მისი მომხრეები ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ კიევზე შეტევა „ცრუ ოპერაცია“ იყო, მთავარი მიზანი კი ყოველთვის დონბასი იყო, ამ მიმართულებით კი წარმატებას აღწევენ. როგორ ფიქრობთ, რა იყო რუსეთის სამხედრო მიზნები და რამდენად წარმატებულად შეასრულეს ის?

რუსეთის მთავარი მიზანი იყო უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება. მას სურდა, მოეკლა უკრაინის სახელმწიფოს არსებობის იდეა. ეს იყო მათი მიზანი. ასე რომ, ყველა მტკიცება, თითქოს მათ არასდროს უნდოდათ კიევის აღება, სრული უაზრობაა. მათ ვერ შეასრულეს ვერცერთი დასახული მიზანი. ამის გამო უწევთ თქვან, ჩვენ ის არ გვინდოდა, ჩვენ ეს უკვე შევასრულეთ.

მათ არაფრისთვის მიუღწევიათ და როდესაც ყველაფერი დასრულდება, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამიტომ წინდაწინ ამბობენ, რომ თითქოს არასდროს შეუტევიათ.

  • როგორ ფიქრობთ, რა იქნება უკრაინის გამარჯვება ამ ომში? დასავლეთში მოგვისმენია მოსაზრებები, რომ უკრაინის გამარჯვება მაშინ შედგა, როცა კიევი არ დაეცა, ახლა კი საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. თუმცა რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს. თქვენი აზრით, როგორია ამ ომის პერსპექტივა?

უკრაინა არ გაჩერდება. მჯერა! და არ ვფიქრობ, რომ უკრაინელებს არ სურთ გაჩერება მანამ, სანამ არ დაიბრუნებენ ტერიტორიებს ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ რაც ყირიმით დაიწყო, ყირიმითვე უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ის მართალია, ეს უნდა უკრაინელ ხალხსაც და ვფიქრობ, აშშ-ის მთავრობაც გეგმავს ამ კუთხით მხარი დაუჭიროს მათ.

  • რუსეთის ხელისუფლებისგან ასევე რამდენჯერმე მოვისმინეთ, რომ თუკი უკრაინა იერიშებს მიიტანდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე, რომელსაც ისინი რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ, მაშინ კიევი მკაცრ პასუხს მიიღებდა და დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე ფორმას მიიღებდა. რას ფიქრობთ, ყირიმზე იერიშის გაგრძელების ან მასზე სახმელეთო შეტევის გამო შემთხვევაში, გადადგამს თუ არა რუსეთი კიდევ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს?

ჩვენ ვნახეთ, რამდენად ადარდებთ რუსებს ყირიმი. როდესაც ყირიმის საჰაერო ბაზას შეუტიეს, სანაპიროზე მყოფი ათასობით ადამიანი იქიდან გაიქცა. მათ არ ადარდებთ ყირიმი. აშკარაა, რომ მათთვის ყირიმი არც ისე წმინდა მიწაა, ისე გაიქცნენ იქიდან.

მუქარა, კრემლიდან რომ მოდის თვეების განმავლობაში, თითქოს ისინი ატომურ იარაღს გამოიყენებდნენ, მხოლოდ მუქარად დარჩა, მათ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. მათ არ შეუძლიათ არც მეტი ესკალაცია, აღარაფერი დარჩათ. ასე რომ, ვფიქრობ, დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მათ მუქარას და არ ვიფიქროთ, თითქოს რაიმე უფრო დიდი ესკალაციის შესაძლებლობა დარჩათ.

  • თქვენ ახსენეთ, რომ აშშ-ს შეუძლია უკრაინის დახმარება მეტი იარაღით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, რატომაც ვერ მიიღო კიევმა კიდევ უფრო მეტი იარაღი, იყო ის, რომ თეთრ სახლში შიშობდნენ, არ გამოეწვიათ რუსეთის პროვოცირება, მეტი ესკალაციის გამოწვევა. თქვენ კი თქვით, რომ რუსეთს ესკალაციის გაღრმავების რესურსები არ აქვს. ფიქრობთ თუ არა, რომ ვაშინგტონში მიიღებენ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის გადაცემის გადაწყვეტილებას?

არ ვიცი, რატომ აგრძელებს ადმინისტრაცია წუხილს რუსეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციის პროვოცირებაზე. არ მჯერა, რომ ეს მოხდება. მათ უბრალოდ ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ვფიქრობ შესაძლოა, მომდევნო კვირების განმავლობაშიც კი, თეთრი სახლი ამაში საბოლოოდ დარწმუნდება და უკრაინასაც მეტად უზრუნველყოფს შეიარაღებით. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

  • თუმცა, მაგალითად, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბუნდესვერმა მიაღწია ლიმიტს, რის გამოყოფაც უკრაინისთვის შეეძლოთ.

სრულებითაც არა, მათ შეუძლიათ გაცილებით მეტის გაკეთება, მაგრამ ამას მეტი პოლიტიკური გამბედაობაც სჭირდება. ამიტომაც არის, რომ თუ აშშ მეტს გააკეთებს, სხვა ქვეყნებისთვისაც უფრო მარტივი იქნება ეს.

  • საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი მოგვისმენია მოსაზრებები, რომ ისინი ფრთხილობენ რუსეთთან მიმართებით, რადგან რუსეთი შესაძლოა, საქართველოსაც დაესხას თავს. ასევე აქ ბევრი შიშობს, რომ უკრაინა დიდი ქვეყანაა და დიდი მსხვერპლის ფასად გაუძლო რუსულ არმიას, საქართველოს კი რუსეთი ერთ დღეში დაიპყრობს. როგორ ფიქრობთ, ეს მოსაზრება მართებულია?

პირველ რიგში, აშკარაა, რომ რუსეთს საქართველოს ერთ დღეში აღება არ შეუძლია. ამის გაკეთება 2008 წელსაც ვერ მოახერხა. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ისეთივე მამაცი უნდა იყოს, როგორც ქართველი ხალხი. მათ უნდა დაგმონ რუსეთი, როგორც აგრესორი და დაგმონ არამხოლოდ საქართველოს საზღვრების მიტაცებისთვის, არამედ ახლა უკვე უკრაინის გამოც. მგონია, რომ ასე მიაჩნია სწორად ხალხს და ასე ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტიც.

არ მესმის, საქართველოს მთავრობას რატომ არ სჯერა ამის. ვფიქრობ, მათ შერცხვებათ, როცა ყველაფერი დასრულდება და უკრაინა რუსეთს დაამარცხებს. შერცხვებათ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება ისტორიის არასწორ მხარეს დადგა.

  • საქართველოს ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორად იქცევა, ინარჩუნებს მშვიდობას. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები კი იმასაც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ სწორედაც გამბედავი ნაბიჯები გადადგა, რადგან გარკვეული ძალები დასავლეთში ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობდნენ. მათი აზრით, ეს უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად უნდა გაკეთებულიყო.

ეს სრული ზღაპარია. საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. სწორედ ამაზე აპელირებს კრემლიც და სამწუხაროა, რომ საქართველოში ზოგიერთმა ამის გამეორება დაიწყო. ეს საერთოდ საღ აზრსაა მოკლებული.

დაფიქრდით, რანაირად შეიძლება?! სწორედ ის ადამიანები ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ორ დღეში აიღებს, რომ საქართველო არ არის საკმარისად ძლიერი, მაშ როგორ გაუხსნის უზარმაზარ ფრონტს რუსეთს?! ეს უაზრობაა. ეს არის აბსოლუტურად სულელური განცხადება იმ ხალისგან, ვინც კრემლის ნარატივს იმეორებენ.

  • და მაინც, შეიძლება საქართველომ არ გახსნას მეორე ფრონტი, მაგრამ იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი აღარ დაესხმება თავს საქართველოს. ამ შემთხვევაში, თქვენი აზრით, რა უპირატესობების გამოყენება შეუძლია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის დასაცავად?

ქართული ჯარის ყველაზე დიდი ძალა ხალხია. მე მქონია ურთიერთობა ქართველ სამხედროებთან, ისინი ხისტები, კარგად მომზადებული, ძლიერი მებრძოლები არიან. არიან შრომისმოყვარეები, ინოვაციურები იდეებით. ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი ნებისმიერ არმიაში არის ის, როგორი ადამიანებისგან შედგება ის.

არსებობს მეორე უპირატესობაც, რაც ქართველ ხალხს აქვს თავისი ქვეყნის დასაცავად. ვგულისხმობ რელიეფს, თქვენს მთებს. თუ საქართველოს თავდაცვის ძალები ორგანიზებულად და შესაბამისი შეიარაღებით დაიცავენ ქვეყანას, მაშინ ვფიქრობ, შეძლებენ ძალიან დიდ ხანს გაუძლონ მტერს. თუ რუსეთი იმაზე გაცილებით უკეთეს არმიას არ შექმნის, ვიდრე ახლა ჰყავს, საქართველო შეძლებს თავი დაიცვას იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება. ვნახეთ, რამდენად არაეფექტიანი აღმოჩნდა მათი შავი ზღვის ფლოტი. უკრაინასთან ომში საერთოდაც მისი დამალვა მოუწიათ. ასე რომ, ვფიქრობ საქართველოს შეუძლია ძალიან ეფექტური თავდაცვა.