აშშ-დან დავბრუნდი და არ ვარ თვითიზოლაციაში, დემონსტრაციულად ვარღვევ წესს – ვაშაძე

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიასთან, შეზღუდების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე იმყოფება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძის განცხადებით, მან დემონსტრაციულად დაარღვია თვითიზოლაციის წესი და აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა.

„ბატონო გახარია, პერსონალურად, სიმბოლურად და დემონსტრაციულად ვარღვევ თქვენ მიერ დაწესებულ წესს – არა ვარ სახლში, ვარ გარეთ. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ და მითხრარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში?” – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

ვაშაძის თქმით, ამერიკაში ყოფნისას მას გადაადგილების პრობლემა არ ჰქონია, რადგან PCR ტესტი წარადგინა, ხოლო საქართველოში ჩამოსვლისას 12-დღიან კარანტინში ყოფნა მოსთხოვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ დავრეკე ცხელ ხაზზე და ვუთხარი, რომ აგერ, PCR ტესტი გავიკეთე და ჯანმრთელი ვარ, მეორედაც ვუთხარი, რომ კიდევ გავიკეთებ ტესტს, ამბობენ, რომ არა, უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო, გაუაზრებელ შეზღუდვას. ასეთი უაზრო შეზღუდვები არის უამრავი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ რა ულტიმატუმიც წააყენეს აქციის მონაწილეებმა, აუცილებლად გაითვალისწინეთ და ჩვენ ამიერიდან უნდა დავიწყოთ პროტესტი. არ უნდა დავემორჩილოთ – სხვა გზა არ არის ხალხო. ჯერ კიდევ აპრილში, ჩვენ რომ არ დავმორჩილებოდით იმ უაზრო შეზღუდვებს, რაც გაგვიკეთეს, ამ დღეში არ ვიქნებოდით“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძისვე თქმით, გონივრული წესები და შეზღუდვები უნდა დარჩეს, თუმცა არა ისეთი ტოტალური, როგორც ახლაა.


მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და რეგულაციების მოხსნას მოითხოვენ. ითქვა, რომ სახელმწიფოს ამ შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აანონსებენ.

მონაწილეები შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით ითხოვენ:
  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა;
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა;
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;
  • საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.