აშშ-ის პროკურატურის ცნობით, დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები

პუბლიკა

აშშ-ში ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, ფულის გამოძალვისა და ფიზიკური ძალადობით მუქარის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ლიდერი, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ვაჟა გაბადაძე, ასევე ცნობილი როგორც „ნატან იუსუფოვი“ და მისი თანამზრახველები კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე, იგივე „თავა“ და დავით ტიკარაძე, იგივე „დათო“.

ისინი 14 ნოემბერს დააკავეს. ოთხივე ბრალდებულს ფედერალური სასჯელი ემუქრება.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხივე დაკავებული ქუთაისიდანაა და თითოეულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

FBI-ის დირექტორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელის, ჯეიმს სმიტის განცხადებით, მსხვერპლის იძულება, გადაიხადოს ფული დაშინებითა და ძალადობრივი მუქარებით უკანონოა და არ არის ის ფორმა, რომლითაც ნიუ-იორკში „საქმე გვარდება“.

„ეს უკანონო საქციელი ზუსტად ისაა, რისი განხორციელებაც ამ ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეთქმულებისთვის დაგეგმეს. FBI უმოქმედოდ არ იქნება მაშინ, როდესაც ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებები მონაწილეობენ ძალადობასა და გამოძალვაში. ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის სისტემით“, – განაცხადა ჯეიმს სმიტმა.

საქმეს ოფისის ფულის გათეთრების, ტრანსნაციონალური  კრიმინალური საწარმოებისა და ზოგადი დანაშაულის განყოფილებები აწარმოებენ.