აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე „ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოშია და შეხვედრებს მართავს.

დღეს, 8 მაისს ის შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მათ განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.

მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა“, – წერს უწყება.

ბოჭორიშვილი სონატა კოტლერს გუშინაც შეხვდა – ირაკლი კობახიძესთან ერთად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, რომ კობახიძემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში”, – წერია პრესრელიზში.

ამავე დროს, პრესსამსახურის ცნობით, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი.

„თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პრესსამსახურის ცნობით.

სონატა კოტლერი დღეს, 8 მაისს შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც.

შეხვედრას დაესწრნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს“, ოპოზიციის ალიანსისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე “საუბარი იყო ყველაფერზე”.

მათივე განცხადებით, ამერიკული დელეგაცია კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ასევე თქვეს, რომ საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარე ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ამიტომ აშშ-ის ღრმა ჩართულობა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომლებსაც ვხედავთ აშშ-ს მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს. ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს, იმიტომ რომ აშშ-ის ჩართულობა საქართველოში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით, არის ასევე საქართველოს უსაფრთხოების თემა”, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

„საუბარი იყო ყველაფერზე, ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. როგორც წესი, როდესაც ასეთ შეხვედრებზე მოდიან ადამიანები, ისინი მომზადებულები არიან და რომ გითხრათ, რომ რამე განსაკუთრებული სიახლე ვუთხარით, რომელიც გაგონილი არ ჰქონდათ – არა, ცხადია, მომზადებულები იყვნენ.

[…] საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს „ქართული ოცნება“, ყველაფერი არის ტყუილი, სისულელე და რომ ამის პარალელურად მიმდინარეობს ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მოდის კონკრეტულად „ქართული ოცნებისგან“. იყო საუბარი იმაზეც, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი, კარგი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები აშშ-საქართველოს შორის იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ეს რეჟიმი შეიცვლება”, – განაცხადაგირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. 

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იდეალურად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ორი რამ: 1. ის, რომ ნებისმიერი ხელისუფალის ქცევა უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს ხალხის მისწრაფებებს. 2. კანონის უზენაესობა, რომლის გარეშეც არც ერთ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე”, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა.

„საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ინტერესებსა და ძალაუფლებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს და რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მწყობრი ხედვის მიტანა, რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება. ივანიშვილის რეჟიმს ეს არ შეუძლია“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.