აშშ-ის სენატი მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

პუბლიკა

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა არასავალდებულო ხასიათის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომ რუსეთი აღიაროს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარონ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი მოქმედებების გამო, რამაც „უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია“.

მსგავსი რეზოლუცია განსახილველად შეიტანეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც, სადაც მას მტკიცედ უჭერს მხარს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და დემოკრატიული პარტიის წამყვანი ფიგურა, ნენსი პელოსი.

კონგრესს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება დამოუკიდებლად არ შეუძლია, ამისი უფლებამოსილება სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს. მაგრამ კონგრესის ორივე პალატისგან მოწოდება ბაიდენის ადმინისტრაციას მეტი წნეხის ქვეშ მოაქცევს, რომ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიას რუსეთი დაამატონ.

ამ დროისთვის აშშ-ს სიაში 4 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი: კუბა, ჩრდილო კორეა, ირანი და სირია. სიაში რუსეთის შეყვანის შემთხვევაში, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად შეიზღუდება.

უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩადენილი სისატიკისა და უდანაშაულო მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.