აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატამ წუხელ მხარი დაუჭირა „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტის“ მიღებას. საბოლოოდ კანონპროექტს 417-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.

ლენდ-ლიზის კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა, მას მხარი უკვე დაუჭირა სენატმა.

ლენდ-ლიზის დამტკიცებით, თეთრ სახლს საშუალება მიეცემა გვერდი აუაროს ბიუროკრატიული სირთულეებს და გაამარტივოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. სავარაუდოა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება ამერიკული მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ლენდ-ლიზის აქტი შეერთებულმა შტატებმა აქამდე მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. მაშინ აშშ-მა მათთვის, ვინც ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა, მსხვილი დახმარება გამოყო. დახმარების ბენეფიციარი იყო საბჭოთა კავშირიც.