აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმება გააფორმეს 

პუბლიკა

22 სექტემერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიასთან გააფორმა შეთანხმება გრენლანდიის საკითხზე. შეთანხმება მიზნად ისახავს არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას და გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოებას და დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსების შესაძლებლობას ქმნის. გრენლანდია დანიის შემადგენლობაშია.

შეთანხმებას ხელი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოეწერა. შეთანხმება ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

„ეს შესანიშნავია ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის და ყველასთვის, გრენლანდიისთვის კიდევ უფრო მეტად“, – თქვა ტრამპმა შეთანხმების ხელმოწერამდე.

ტრამპი გრენლანდიის შეძენის სურვილს ჯერ კიდევ 2019 წლიდან გამოთქვამს. პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში მან არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს კუნძულის კონტროლი სჭირდება. მისი განცხადებები დანიასა და აშშ-ს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიის ხელში ჩაგდება ტრანსატლანტიკურ ალიანსს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

დაპირისპირებამ შეშფოთება გამოიწვია გრენლანდიის მოსახლეობაშიც, რომელიც დაახლოებით 56 ათას ადამიანს შეადგენს. ამ პერიოდში დანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა გრენლანდიაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და მისი მხარდაჭერა გაზარდეს.

გრენლანდიაში ამერიკული ჯარი რამდენიმე ათწლეულია, განლაგებულია, თუმცა, ჯარისკაცების რაოდენობა წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, 1945 წლის შემდეგ გრენლანდიაში რამდენიმე ათასი სამხედრო იყო, ახლა კი მათი რიცხვი 200-ია. ისინი კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე არიან განლაგებული.

ბაზა აშშ-ისა და NATO-სთვის რაკეტების ადრეული გაფრთხილების, სარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსური მონიტორინგის ფუნქციებს ასრულებს.

ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ „დაუყოვნებლივ დაიწყებს შესაბამის ადგილებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის განვითარებას“, მათ შორის ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის მშენებლობას.

გრენლანდიის მიმართ აშშ-ის ინტერესს უსაფრთხოების გარდა კუნძულის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსებიც განაპირობებს. მისი ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედი არქტიკული წრის ფარგლებში მდებარეობს. კლიმატის ცვლილებისა და ზღვის ყინულის დნობის შედეგად რეგიონში ახალი საზღვაო მარშრუტები იხსნება, რაც არქტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის.

ტრამპი წარსულში აცხადებდა, რომ აშშ-ს გრენლანდიის კონტროლი რუსეთისა და ჩინეთის გავლენის თავიდან ასაცილებლად სჭირდება.

მხარეები შეთანხმებას დადებითად აფასებენ. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა შეთანხმებას უწოდა „გარიგება, რომელიც სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს“. მისი თქმით, შეთანხმება სასარგებლოა აშშ-ის, გრენლანდიის, დანიისა და მთლიანად NATO-სთვის.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსონმა შეთანხმებას „ყველა მხარისთვის მომგებიანი“ უწოდა.

შეთანხმების გაფორმებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც. მისი განცხადებით, შეთანხმება და NATO-ს მზარდი როლი არქტიკის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ალიანსის საერთო უსაფრთხოებას გააძლიერებს და უფრო სტაბილური მომავლის შექმნას შეუწყობს ხელს.