აშშ რუსეთს ბრიტნი გრინერისა და პოლ ველანის იარაღით მოვაჭრეში გაცვლას სთავაზობს - CNN

პუბლიკა

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებას იწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, მოსკოვში დაპატიმრებული ბრიტნი გრინერისა და პოლ ველანის სანაცვლოდ შეეთავაზებინათ თუ არა მოსკოვისთვის ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრე. ამ დროისთვის, ვიქტორ ბაუტი შტატებში 25-წლიან სასჯელს იხდის. საბოლოოდ, აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიქტორ ბაუტი ამერიკელი მოქალაქეების გასათავისუფლებლად გამოიყენონ.

როგორც CNN წერს, ვიქტორ ბაუტის მოსკოვისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა, მიუხედავად იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგობისა. უწყება, ზოგადად, პატიმრების გაცვლის წინააღმდეგია, თუმცა ბაიდენი პირადად ჩაერთო გრინერისა და ველანის საქმეებში და პირადი თანხმობა გასცა პატიმრების გაცვლაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოსკოვთან მოლაპარაკების მცდელობა დაადასტურა და განაცხადა, რომ მათ „არსებითი შეთავაზება“ გაუკეთეს რუსეთს, თუმცა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, რუსეთისგან პასუხი არ მიუღიათ. ბლინკენმა ლავროვთან საუბრის სურვილიც გამოთქვა, ამ საკითხის განსახილველად. ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღარ უსაუბრიათ.

31 წლის ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი WNBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, ის თებერვალში რუსეთში, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში კანაფის ზეთი ჰქონდა.

ბრიტნი გრინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსეთში აკრძალული ნივთიერების შენახვის გამო. კალათბურთელმა აღიარა, რომ კარტრიჯები მისი იყო, მაგრამ ნივთიერებას აშშ-ში ექიმის დანიშნულებით, სამედიცინო მიზნებისთვის იღებდა, გამგზავრებისას შემთხვევით ჩადო სხვა ნივთებთან ერთად.

ბრიტნი გრინერის დაკავებიდან მალევე რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რის შემდეგაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა. დასავლეთში საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი ცნობილი კალათბურთელის პატიმრობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობს.

პოლ ველანი კი ყოფილი საზღვაო ქვეითი იყო, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალებიდან ქცევის წესების დარღვევის მიზეზით გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, ის უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტად მუშაობდა. პოლ ველანი რუსეთში 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით.

თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, ველანი მოსკოვში ყოფილი კოლეგის ჯვრისწერაზე ჩავიდა, სადაც მანამდეც არაერთხელ ყოფილა და იანვარში უკან დაბრუნებას გეგმავდა. პოლ ველანს 2020 წელს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.