აშშ საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

პუბლიკა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე ახალ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი უგანახორციელებსრთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განათლების სამინისტროს ცნობით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.