აუცილებელია, შეიქმნას შრომის ინსპექტირების სრულფასოვანი სისტემა - ევროპარლამენტი საქართველოს

პუბლიკა

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობაზე რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს შრომის კანონმდებლობასაც ეხება და საქართველოს მოუწოდებს, ევროკავშირთან ინტეგრაციის გასაღრმავებლად იმუშაოს შრომის უფლების უკეთ დაცვასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს შრომის კანონმდებლობის ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა უკეთ შეძლოს სამუშაო პირობების რეგულირება, მათ შორის, შრომის ინსპექციისა და სოციალური დიალოგის გაუმჯობესებით.

„[ევროპარლამენტი] განსაკუთრებით ხაზს უსვამს შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილების აუცილებლობას, რომ შეიქმნას ინსპექტირების სრულფასოვანი სისტემა და სათანადო მექანიზმი შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც ეფექტიანად გააკონტროლებს შრომის უფლების დაცვას და რეგულარულად გადაამოწმებს სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაძლო საშიშროებას.

ცვლილებები უნდა მოიცავდეს კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ თანამედროვე მექანიზმებს,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა შესაბამისი კონვენციის რატიფიცირებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, შრომის კანონმდებლობის რეფორმირებაში ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება და პროფკავშირები, რაც შრომისა და სოციალური უფლებებისთვის მათ მნიშვნელობას წარმოაჩენს.