აუდიტის სამსახური Covid-19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის აუდიტს ჩაატარებს

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური Covid-19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდეზეა მოცემული.

სამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ხელშეკრულება 75 მლნ ევროს ოდენობით.

მათივე ცნობით, დაფინანსების პირველი ნაწილი (60 მლნ ევრო) ქვეყანამ უკვე მიიღო, მეორე ნაწილს კი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ევროკავშირს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კონსულტაციების შედეგად, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე აუდიტის ჩატარების შემდგომ.

სახელმწიფო აუდიტორები ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მთავრობის  ღონისძიებების ეფექტიანობასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეისწავლიან, კერძოდ:

  • ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი − აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების (სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურება) საკითხები;
  • საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი − აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდსასტუმროების მართვის საკითხი;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი − პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე. აუდიტის მიზანია შეისწავლოს აღნიშნული გავლენის შემსუბუქებისათვის გატარებული ღონისძიებები.

ასევე, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განიხილავს პანდემიის საპასუხოდ გატარებული სხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესწავლასაც. მათ შორის იქნება საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება, სადაც დაიფარება სკოლების მზაობისა და სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხები. 

სამსახურში ამბობენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტს ატარებს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI)  შესაბამისი მეთოდოლოგიებით, სადაც მოცემულია აუდიტის პრინციპები და პროცედურები.

აუდიტის პროცესი მოიცავს შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასებას, დოკუმენტების შესწავლას, ინტერვიუების, კითხვარების, ანალიზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებას. აღნიშნული მეთოდებს შეირჩევა აუდიტის მასშტაბისა და მიზნებიდან გამომდინარე.

Covid-19 -ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წელს განახორციელებს.