აზარაშვილი: ჯანდაცვის სერვისებზე სამართლიანი ფასების დასადგენად ე.წ. DRG სისტემის პილოტირება დავიწყეთ

პუბლიკა

ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმ სერვისში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს, – განაცხადა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა კლინიკა ამ სისტემაში არეგისტრირებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისსა თუ მომსახურებას და ფასები რადიკალურად განსხვავებულია.

„ერთი და იმავე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე საშუალო ფასი შეიძლება, იყოს 3 000 ლარი, მაგრამ რომელიღაც კლინიკას შეიძლება, ჰქონდეს 13 000 ლარი, რომელიღაცას 7 000 და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უწევს ამ არაკეთილსინდისიერებასთან ბრძოლა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზუსტად აქედან გამომდინარეობს ე.წ დიარჯის (DRG) სისტემა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ნერგავს, ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა მომსახურებაზე სამართლიანი ფასების დასადგენად.

„ჩვენ საპილოტე რეჟიმში გავუშვით ე.წ. დიარჯის სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული. ეს სისტემა ბაზარზე არსებული კლინიკების ფასიდან სხვადასხვა მომსახურებასა თუ სერვისზე სამართლიან ფასს თვლის და ამ სამართლიანი ფასით სახელმწიფო ახდენს ანაზღაურებას. ეს სისტემა დღეისთვის უკვე პირველი აპრილიდან დაიწყო, არის სატესტო რეჟიმში, რამდენიმე თვე დავაკვირდებით და მერე სრულად დავნერგავთ. ამ სისტემის მიხედვით, ჩვენი ჩარევის გარეშე გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც ჩვენ გადავიხდით ჩვენი მოქალაქეების მკურნალობისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სხვადასხვა სერვისის დამატებას განიხილავს.