უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ შექმნა ორი ახალი კორპუსი, რომლებსაც მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვის“ ლიდერი, დენის პროკოპენკო და მე-13 ოპერატიული ბრიგადა „ხარტიის“ ლიდერი იჰორ ობოლენსკი გაუძღვებიან.
„ეროვნულმა გვარდიამ შექმნა ორი კორპუსი, ეს არის ზოგადი რეფორმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯარების დროებითი სამეთაურო ორგანოებიდან – ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფებიდან და ტაქტიკური ჯგუფებიდან გადადიან კორპუსის სისტემაში“, – თქვა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ალექსანდრე პივნენკომ.
მისი თქმით, დავალებების უფრო ეფექტური შესრულებისთვის აუცილებელია, რომ კორპუსის მეთაური იყოს მისი ქვედანაყოფების უშუალო ხელმძღვანელი, იცნობდეს ბრიგადის მეთაურებს და იცნობდნენ მას.
პივნენკოს თქმით, კორპუსის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას სამხედროებს შორის და არმიას უფრო ეფექტურს გახდის.