ბაიდენის თქმით, უკრაინისთვის ახალი, 800-მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოყო

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი, კიდევ ერთი 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო.

„დღეს, მე ვაცხადებ 800 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ უკრაინის ძალების შესაძლებლობები აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში საბრძოლველად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინაში უწყვეტად შევა სამხედრო შეიარაღება, რისი შესაძლებლობაც მან აშშ-ში ახალი „ლენდ-ლიზის“ დამტკიცებით მიიღო. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კონგრესს, რომ მხარი დაუჭირეს, ბიუროკრატიის გარეშე შეძლოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

CNN-ის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მძიმე არტილერიასა და ამუნიციას მოიცავს. ამ პაკეტის დამტკიცებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ომის დაწყების შემდეგ გამოყოფილი სამხედრო დახმარების რაოდენობა უკვე 3.8 მილიარდი დოლარი იქნება.

ასევე, ბაიდენმა განაცხადა, რომ 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ დამატებით ფინანსური დახმარების სახით. ეს უკრაინის ეკონომიკას სტაბილიზაციაში დაეხმარება.

მომავალ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, რომ კონგრესს მიმართოს დამატებითი რესურსების მოძიების შესახებ, რომ უკრაინისთვის დახმარება გაგრძელდეს.