ბანკზე თავდამსხმელი [შსს-ის დაცვის პოლიციის] მოქმედი თანამშრომელი არ არის - დარახველიძე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი შსს-ის დაცვის პოლიციის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაკავებული „მოქმედი თანამშრომელი არ არის“, თუმცა მან აღარ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა ყოფილი თანამშრომელი.

„ამის შესახებ შემდგომში გავრცელდება ინფორმაცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განნაცხადა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ დარახველიძემ.

მისი თქმით, თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება – დანა, ცეცლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

„ღონისძიების ფარგლებში მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღლაპროფესიულად ჩაატარეს ღონისძიება, შეძლეს, რომ ხელყუმბარა დაებლოკათ და არ მოეყვანა მას მოქმედებაში, შესაბამისად, ოპერაცია დასრულად მშვიდობით, ყველა არის ჯანმრთელად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და სპეცოპერაციაში მონაწილე თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

უწყების ცნობით, შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებს შსს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.