ბარ „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცავებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს, „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერა.

„აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა“, – აღნიშნავს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

შსს-ს განცხადებით, აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს – „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები“, – წერია უწყების განცხადებაში.