22 ივლისს საღამოს ბათუმში ახალგაზრდა კაცს, ბაჩო ბერიძეს, რომელიც კაფეში იჯდა, რამდენჯერმე ესროლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსროლელი მოპედით გადაადგილდებოდა და სახეზე თეთრი პირბადე ეკეთა. ბრალდებული მიიმალა და ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
ექიმის ინფორმაციით, კაცს გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში მრავლობითი შემავალი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მისი თქმით, დაზიანებული ჰქონდა ნაწლავები. პროცედურები ჩატარდა გულ-მკერდის ღრუშიც.
„პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. გვაქვს ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკური სურათი. ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორ წავა სიტუაცია, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით ვახერხებთ სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციას“, – თქვა ექიმმა.
დაჭრილის მამამ მედიას უთხრა, რომ აქვს ვერსია, ვის შეიძლება, ჩაედინა დანაშაული.
„მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი ჯერ [ვინ იყო]. [წარსულში] წალაპარაკება იყო რაღაცა მათ შორის.
სროლამდე შელაპარაკება და რამე არ ყოფილა, პირდაპირ მოტოციკლეტით ჩამოიარა და ესროლა. ეს იჯდა და პირდაპირ ესროლა. გაქცეულია. პოლიციამ იცის, ვინ შეიძლება იყოს.
4-5 ტყვია აქვს მონახვედრი, ერთი ჯერ კიდევ არ ამოუღიათ“, – თქვა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს.