ბათუმში უფროსკლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ბათუმში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში უფროს კლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევა გუშინ,6 ოქტომბერს მოხდა. ერთ-ერთს მათგანს ჯანმრთელობის დაზიანებები აქვს მიღებული.

„ბავშვები წაკამათდნენ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, გადავიდნენ სკოლის მომიჯნავე ტერიტორიაზე და იჩხუბეს, სკოლამ შევატყობინეთ პოლიციის განყოფილებას. ვნახოთ, პოლიცია რა მოკვლევას ჩაატარებს, და ამის შემდეგ დისციპლინური კომისია განიხილავს და შესაბამისს ღონისძიებებს გავატარებთ”, – ამბობს სკოლის დირექტორი აჭარის ტელევიზიასთან.

დაშავებული ბავშის დედა ამბობს, რომ ჩხუბი მოზარდებს შორის კლასში დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა სკვერში, სადაც მის შვილს 25 ბიჭი სცემდა.

„10 წუთი ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული, არავის ყურადღება არ მიუქცევია. გათიშული, ტვინის შერყევით, ყბა მოტეხილი, ცხვირი ჩამტვრებული”, – ამბობს მოზარდის დედა „TV პირველთან”.

მისივე ცნობით, კონფლიქტი მობილურის დამტენის მიწოდებაზე დაიწყო.

„გაკვეთილზე [როგორც ასეთი] ჩხუბი [არ ყოფილა] … ეს მოხდა წამიერად, მივეცი შენიშნვა, მაგრამ ეს მაგათთვის…”, – ამბობს მასწავლებელი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile