პროკურატურის განცხადებით, 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ დედასა და ბებიას ბრალი წარედგინათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი“, – წერია უწყების განცხადებაში.
ბავშვის დედა და ბებია 25 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.