კეზერაშვილის თქმით, დავა დასრულდა — BBC მისი და „ქოლ ცენტრების" შესახებ მასალებს წაშლის

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი წერს, რომ BBC-მ სასამართლო დავის შედეგად ყველა პლატფორმიდან გაიხმო მის შესახებ მომზადებული სიუჟეტები.

„ტელეკომპანია BBC-მ ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.

BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას. ბიბისი ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს“, – დაწერა კეზერაშვილმა 9 დეკემბერს.

BBC-ს ვებგვერდზე დავით კეზერაშვილის და ე.წ. ქოლცენტრების კავშირზე ფილმი მართლაც აღარ იძებნება.

BBC-ს შესწორებების და განმარტებების სექციაში გამოქვეყნებულია განმარტება დავით კეზერაშვილის შესახებ.

„2023 წლის აპრილში BBC-მ გამოაქვეყნა და ონლაინ გააშუქა სტატია სახელწოდებით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“, რადიოში „მილიარდდოლარიანი თაღლითობა“, ეს მასალები იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ნასამართლევი იყო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის.

BBC-ის განცხადების თანახმად, „სურს, გაიმეოროს, რომ დავით კეზერაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ საქართველოში მისი მსჯავრდება [თანხების გაფლანგვის საქმეში] პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ჩვენ ასევე მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ 2016 წელს ვესტმინსტერის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ეს მოთხოვნა უფრო სავარაუდოა ყოფილიყო ენმ-ის ხელისუფლების პოლიტიკოსების დევნის სურვილი”.

BBC ამ განმარტებაში არაფერს წერს კეზერაშვილის შესაძლო თაღლითურ საქმიანობაზე.

2023 წლის აპრილში ბრიტანულმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრული იყო გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები.

ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხებოდა. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერდა, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსა და მათ კავშირებს მიაკვლიეს.

BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.

კეზერაშვილმა ეს ყველაფერი მაშინვე უარყო და საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტა დააანონსა.