ბეირუთში დაღუპულთა რაოდენობა 137 ადამიანამდე გაიზარდა

ია კელერმანი

ბეირუთის მოსახლეობა 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოთქვამს, მთავრობას დაუდევრობაში ადანაშაულებს და პასუხს სთხოვს მას – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აფეთქების მსხვერპლი 137 ადამიანამდე გაიზარდა. დაშავებულია 5 000 ადამიანი. მაშველები აგრძელებენ ნანგრევებში დაშავებულთა ძებნას. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

BBC-ის ცნობით, 5 აგვისტოს ლიბანის ხელისუფლებამ შინაპატიმრობა შეუფარდა პასუხისმგებელ პირებს.

გამოცემა წერს, რომ გემი Rhosus ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა, ტექნიკური პრობლემების გამო. ის ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.


ლიბანის პრემიერ-მინისტრის, ჰასან დიაბის თქმით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, პორტში დასაწყობებულ ამონიუმის ნიტრატს უკავშირდება, რომელიც სასუქად გამოიყენება და ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა. ჰასან დიაბის თქმით, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი პორტში 2014 წლიდან უსაფრთხოების წესების დარღვევით ინახებოდა.

ჰასან დიაბიმ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და დაჰპირდა, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან.