ბესელია ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთა ნაწილის გასათავისუფლებლად ამნისტიის პროექტს არეგისტრირებს

პუბლიკა

ეკა ბესელია ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირთა ნაწილისთვის ამნისტიას ითხოვს და პარლამენტში შესაბამის პროექტსაც არეგისტრირებს.

“ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა და ამ დრომდე დაპირებული შეჯერებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან ჯერ ამნისტიის აქტით, შემდგომ საჯელთა შეკრების წესის გაუქმებით მოხდა ნარკომომხმარებლების დიდი ნაწილის გათავისუფლება, მაინც დარჩა საპატიმროში პატიმართა ის რაოდენობა, რომელიც უსამართლო გადაწყვეტილებების გამო იხდის სასჯელს.

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ. ამ ცვლილებების მიღებას ეს პარლამენტი აღარ აპირებს და სწორედ ამიტომ, ვაინიცირებთ ამნისტიის პროექტს, რათა უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პატიმრები, ვინც ამ დრომდე ელოდებოდა სამართლიან გადაწყვეტილებებს”. – ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამნისტიის პროექტის მიხედვით:

• ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისათვის გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

• ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

• ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა/ შენახვისათვის გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ამნისტიის პროექტის მიხედვით, სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს მოეხსნებათ ნასამართლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პირებს, რომელსაც შეეხება ამნისტიის მოქმედება აღუდგებათ ჩამორთმეული უფლებები.