ბლინკენი რუსეთზე სასაუბროდ ლავროვის ნაცვლად Pussy Riot-ს ხვდება - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რუსეთის შესახებ სასაუბროდ, ლავროვის ნაცვლად პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრთან შეხვედრა ამჯობინა.

ზახაროვა ნიუ-იორკში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ წერს, რომელშიც ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა Pussy Riot-ის დამფუძნებელი ნადია ტოლოკონნიკოვა.

ტოლოკონნიკოვა რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს ადამიანის უფლებების დარღვევის, უკრაინაში შეჭრისა და სხვა საკითხების გამო. ის რუსეთში „უცოხეთის აგენტების“ სიაშიცაა შეყვანილი.

„რატომ აირჩია ბლინკენმა ტოლოკნო? ლავროვი მისთვის ზედმეტად რთულია. Pussy Riot-თან საუბარი კი, როგორც ჩანს, უფრო თანაბარი გამოდის“, – წერს მარია ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად საბოლოოდ ვიზა მიიღო. თუმცა გაეროში აშშ-ის ელჩის ლინდა ტომას-გრინფილდის თქმით, ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ აპირებს.

„ჩვენ გვექნება შეხვედრები უკრაინელებთან. რუსებთან შეხვედრები დღის წესრიგში არ დგას. მათ არ გამოუხატავთ არაინაირი ინტერესი დიპლომატიის მიმართ“, – თქვა ტომას-გრინფილდმა.