საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოკრძალებული ხიბლი

ნათია კაპანაძე

– გვეშველება?

– არა, რა გვეშველება, ჩვენ არაფერი გვეშველება.

– უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან!

– წადი აუცილებლად, აქ არაფერი შეიცვლება მაინც..

– იქ რა გავაკეთო?

– აქ ვინ გაფასებს?

– რა არის ფასი ამ ქვეყანაში, ადამიანის ფასი?

– …

შუქი და უშუქობა, გზები და უგზოობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, ტრადიციების სახელით  მოშველიებული არაერთი ტაბუ და „ტაბუ/რეტი“, დისკრიმინაცია, ძალადობა, სახლში მოკლული ქალები, სახლში და სკოლაში დაჩაგრული ბავშვები, თვითმკვლელობის საგანგაშო მაჩვენებელი, ავარიების შემაშფოთებელი რიცხვი, არშემდგარი განათლების რეფორმა, არშემდგარი სასამართლო რეფორმა, არშემდგარი გამოხატვის თავისუფლება, არშემდგარი საარჩევნო სისტემა, აქციები, დარბეული აქციები, შემდეგ ისევ ცვლილებები, დაპირებები… ეს ხდება ჩვენ ქვეყანაში, სადაც „ყველამ ყველაფერი ვიცით” და ყველაფერი, რაც სირცხვილია, ახალგაზრდა დემოკრატიის სახელით ცდილობენ ხოლმე გაამართლონ ხელისუფლებებმა.

მთელ ამ პროცესებში თავისი „მოკრძალებული“ არაგავლენიანი, მომავლის ხედვისგან გამოშიგნული და სუსტი ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელსაც აქვს.

ძალიან ნათელი და ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა თანდათან უნდა იქცეს მედიის ხერხემლად ქვეყანაში, ვერაფრით შედგა.

ვერ შედგა ისევე, როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გამართვის დაპირება.

ამ მდგომარეობას კი თავისი ხიბლი აქვს – პოლიტიკური ძალები მუდმივად ცდილობდნენ და ცდილობენ დაასუსტონ საზოგადოებრივი არხის როლი. მიუღებელი, შიდა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამამცირებლად უმნიშვნელო და გაუმართავი სტატუს კვო დაუტოვონ არშემდგარი დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

სახელმწიფოსგან გაკონტროლებული ბიზნესგარემოს ფონზე, საზოგადოებრივი არხის მოსყიდვის მცდელობასავითაა  კომერციული რეკლამის საზოგადოებრივი არხისათვის დაშვების შესაძლებლობაც. რაც თავის მხრივ, კარგი ბერკეტია სხვა, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დასასუსტებლად.

საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის განთავსების კანონიერება და გამჭვირვალობა, რეკლამის დაშვებიდან  თითქმის 20 თვის შემდეგ ღიად დადგა განხილვის საგანი ფილმით „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელში.“

ამ მოვლენების ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სისტემური რყევებია, ძველი და ახალი სამეურვეო საბჭოს პოლიტიკა, მენეჯმენტის მოშლის მცდელობა, ჟურნალისტების განცხადება სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის თაობაზე – მცირე ჩამონათვალია მედიაზე მიტანილი იერიშის სიიდან.

ცხადია, ყველას გვაინტერესებს რა ელოდებათ ადამიანებს:

  • რომლებსაც სჯერათ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროება;
  • რომლებმაც გაბედეს და ღიად აფიქსირებენ შიშებს გარდაუვალი საფრთხეების შესახებ;
  • და მათაც, რომლებიც თავიანთი ვიწრო საჭიროებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური, ფინანსური თუ პირადი გამორჩენის მიზნით აზიანებენ მთავარს – საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას / გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს;

თითქოს შედეგი ყველამ ვიცით – სახელმწიფოს აქვს ყველა ბერკეტი პროცესის ბოლომდე მართვისთვის.

ცხადია, ეს ყველამ (მეტნაკლებად) კარგად ვიცით.

ახლა კი მაუწყებლის გუნდიდან გამოცდილი და  გავლენიანი ჟურნალისტების პროტესტის ნიშნად წასვლის და დირექტორის მოადგილის განცხადების შემდეგ პროცესი კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

მენანება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრები ახალი იმედგაცრუებისთვის.

თითქოს ეს კინო ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის – ამ დრომდე საზოგადოებრივ მაუწყებელში არ შეკრებილა თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისთვის, ამ დრომდე საერთაშორისო აღიარება არ ჰქონია მიღწეულ შედეგს, ამ დრომდე არ ჰყოლია საკმარისი გულშემატკივარ იდეას, რომელიც ერთ-ერთია დემოკრატიის განვითარებისათვის.

ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში ყველაფერი, რაც შეიძლება მომხდარიყო, უკვე მოხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა პროცესები სრულად ემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე რყევებს. ამ დრომდე კი შედეგია, რომ არ არის შედეგი. ვიდრე მომავალი გაურკვეველია ე.ი. ყველაფერი წინ არის.

პ.ს. სპეციალური რეკომენდაცია: ბლოგის წაკითხვის შემდეგ თქვენი ბრაზის მართვისთვის აუცილებლად ნახეთ (ან კიდევ ერთხელ ნახეთ) „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ ამ ფილმში თვალამოთხრილი პერსონაჟიცაა. სწორედ ის შეახსენებს ფილმის გმირებს, მაყურებლებს და პოლიტიკოსებს, რომ დაშვებულ შეცდომებს სიზმრებისა და რეალობის მიჯნაზე თავისი შედეგი მოჰყვება.

ახლა შეცდომის დაშვება სირცხვილია.