„ოცნების" 41 ტყუილი რუსული კანონის შესახებ

პუბლიკა

თინათინ ხიდაშელი

ეს იქნება გრძელი წერილი იმაზე, თუ რა ტყუილებს ეუბნებაქართული ოცნებააგენტების კანონის შესახებ თავის მომხრეებს უკვე ერთ წელზე მეტია. შევეცდებით, დავწერო ყველაფერზე, რაც ითქვა და მოვისმინეთ – იმაზე, თუ რატომ არა აქვს ამ კანონს არაფერი საერთო გამჭვირვალეობასთან; იმაზე, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული და არაფერი აქვს საერთო ამერიკულ კანონთან; იმაზე, რომ კანონი უბრალოდ დისკრიმინაციულია და თავისუფალი ადამიანების ჩაგვრასა და სტიგმატიზებას ემსახურება.

მაშ ასე, 41 ტყუილი, რომელსაც ქართული ოცნება გვეუბნება:

რიტორიკა და რეალური მიზანი:

1. ეს უკვე ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეოროთ. ტყუილია, რომ შარშან მარტში რამე გაიგეს, ან ხალხის ხმა შეისმინეს, ან ამომრჩეველთან აგნარიშვალდებულად გრძნობენ თავს. ისინი მხოლოდ ერთ კაცთან არიან ანგარიშვალდებული. დანარჩენთან, მათ შორის, ქართველ ხალხთან და საკუთარ მომხრეებთანაც ყველაფერზე წავლენ, ყველას ყველაფერს აკადრებენ, გუშინ დაჰპირდებიან, დღეს გადათქვამენ, აბუჩად აიგდებენ, თოჯინებად ჩათვლიან. 

2. ტყუილია, რომ შარშანდელ პროექტში რამე შეიცვალა სასიკეთოდ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი = აგენტს. მეც სწორედ ასე გამოვიყენებ, მისი რეალური სახელით, ამ გრძელი განმარტების შესატყვისი ტერმინით – აგენტი. 

3. ტყუილია, რომ ვინმეს გამჭვირვალობის ეშინია. ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ვაგზავნით საგადასახადო დეკლარაციებს, პერიოდულ ანგარიშებს, თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციებს და გრანტის ხელშეკრულებებს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებში. ჩვენს ვებგვერდებზე განთავსებულია სრული ინფორმაცია ჩვენი ფინანსების, დამფინანსებლების, პროექტების, კონკრეტული საქმიანობების, ექსპერტების, თანამშრომლების შესახებ. 

4. ტყუილია, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. სინამდვილეში, ამ კანონის მიზანი ის არის, რომ აგენტების იარლიყი მათ კი არ მოგვაკერონ, არამედ, 30-აინი წლების მსგავსად ჩვენ თავად გვაიძულონ, განვაცხადოთ არარსებული აგენტობის შესახებ. ხომ გახსოვთ გვირაბიბომბეიდანლონდონამდე“.

5. ტყუილია, რომ ქოცები ამ კანონით ზოგადად გამჭვირვალობისთვის იბრძვიან. აბა გავიხსენოთ, რამდენჯერ ახსენეს კრემლის რომელიმე ორგანიზაციის სახელი მთელი ამ მასკარადის დროს? მოგისმენიათ პრემიერის ან სპიკერისგან რამე გორჩაკოვის ფონდის, „ruski mir“-ის ან სპუტნიკის შესახებ? ნაცვლად ამერიკული და ევროპული ფონდებისა, რომლებსაც მუდმივად თავს ესხმიანოცნებისლიდერები. რეალური მიზანიც სწორედ ამ რიტორიკაშია.

6. ტყუილია, რომოცნებათანაბრად ითხოვს ყველას გამჭვირვალობას. მაგალითად, კანონის მიხედვით, ვეტერან მოჭიდავეთა კავშირი აუცილებლად უცხოეთის ინტერესებს ემსახურება, თუ დაფინანსების 20% უცხოეთიდან მიიღო, ხოლო ჭიდაობის ფედერაცია არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება ასეთად, თუნდაც 80%-ით იმავე უცხოური წყაროდან ფინანსდებოდეს. უფრო მეტიც, კანონი ამბობს, რომ იგი არ ვრცელდებაოცნებისჩინოვნიკების მიერ დაარსებულ არამომგებიან ორგანიზაციებზე, თუნდაც მათი დაფინანსების 100% უცხოური წყაროებიდან მოდიოდეს. 

7. ტყუილია, რომ ფინანსური გამჭვირვალობისთვის აუცილებელია უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებება. რომელი ქვეყნის ინტერესის მსახურების დეკლარირება უნდა მოახდინოს გამჭვირვალობის სახელით ორგანიზაციამ, რომელიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ნაჩუქარი ფულით სამეგრელოს თხილის ბაღებში ფაროსანას ებრძვის და ამით ათასობით ადამიანის შემოსავალს და დასაქმებას უზრუნველყოფს? ან იმ ორგანიზაციამ, რომელიც ასევე ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ნაჩუქარი ფულით უკანონოდ დაჩაგრული ღარიბი თანამოქალაქის უფლებებს უსასყიდლოდ იცავს სასამართლოში?….

8. ტყუილია, რომ კანონი რუსული არ არის. დიახ, კანონი რუსულია, იმიტომ, რომ სწორედ პუტინის ვერსიაში არის სამიზნე გასწორებული არასამთავრობოებსა და მედიაზე, იმის მიუხედავად, ვინ რა საქმიანობით არის დაკავებული და რისთვის იღებს დაფინანსებას. პუტინის სახელმძღვანელოში წერია, რომ ყველა NGO, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება მტერია, იმის მიუხედავად, სინამდვილეში რას აკეთებენ. ისინი მტრები არიან არა მათ მიერ ნაკეთები და დადასტურებულიცუდისაქმეების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლად აზროვნებენ, ხელისუფლებაზე არ არიან დამოკიდებული, ჩინოვნიკების ნასუფრალით არ იკვებებიან და მათი წყალობის მოლოდინში არ არიან. რუსულკორუფციულოლიგარქიული მენტალიტეტით ვინც ამ წყალობის მოლოდინის მიღმაა, ყველა საშიშია და უნდა მოიკვეთოს. კანონის სწორედ ეს ფუნდამენტურიღირებულებაგანსაზღვრავს მის რუსულობასთუ არ ხარ მთავრობის გავლენის ქვეშ და თუ თანამშრომლობ თავისუფალ სამყაროსთან, ესე იგი, ხარ უცხოეთის აგენტი და სამშობლოს მოღალატე. არავის აინტერესებს, კონკრეტულად რას საქმიანობ, რა მოტივი გამოძრავებს და ვინ რა სარგებელს იღებს შენი საქმიანობიდან. კანონის ზუსტად ეს სულისკვეთება, იდეა დაღირებულებააპუტინის კანონის ხელწერა. 

9. ტყუილია, რომ პუტინი პერსონალურად არაფერ შუაშია ამ პროექტთან. პუტინის მარჯვენა ხელმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თვენახევრის წინ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება და მითითებარუსეთის გავლენის სფეროშიარსებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართთქვენს ტერიტორიაზე მოქმედი არასამათავრობო ორგანიზაციები დასავლეთის მხარდაჭერით დიდ პრობლემებს უქმნიან რუსეთის ინტერესებს და სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომებიო. მას შემდეგ პროექტი დაიძრა სოხუმში, მაგრამ შეხვდა წინააღმდეგობა. კანონი უკვე მიიღეს ყირგიზეთში და დაიწყო ორგანიზაციების დახურვა. 

რუსული კანონი და ამერიკული FARA:

10. ტყუილია, რომ კანონი ამერიკულის შინაარსობრივი ანალოგიით შეიქმნა. იგი ეწინააღმდეგება ამერიკული კანონის ყველა უმთავრეს პრინციპსა და დებულებას, მის ფილოსოფიას. ყველა კანონს თავისი ისტორია და მიზეზები აქვს. ამერიკული FARA ფაშიზმისა და აშშში ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა 1938 წელს. მისი ანალოგიით საქართველოში პარლამენტი რუსული პროპაგანდისა და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ უნდა იღებდეს კანონებს და არა დასავლეთის წინააღმდეგ. 

11. ტყუილია, რომ ამერიკული FARA არასამთავრობოების რეგულირებისთვის შეიქმნა. FARA არეგულირებს უცხო სახელმწიფოთათვის სასარგებლო საქმიანობას, და არა რომელიმე ტიპის ორგანიზაციას.

12. ტყუილია, თითქოს ქოცების კანონი არ არის დისკრიმინაციული. ამერიკული კანონი თანასწორობის პრინციპს ეფუძნება და არეგულირებს ყველას თუკი მათი საქმიანობა უცხო ქვეყნის ინტერესების ლობირებას შეეხება. ყველა ნიშნავს ყველასაიპებს, შპსსაც, სხვა ტიპის კომპანიებსაც, არასამთავრობოებსაც და ყველას. ვინაიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იგი არეგულირებს კონკრეტულ საქმიანობას და არ ეწევა ორგანიზაციების დისკრიმინაციას სამართლებრივი ფორმისა თუ დამფუძნებლების მიხედვით, როგორც ქოცების პროექტი, რომელიც მხოლოდ არასამთავრობოებსა და მედია ორგანიზაციებს შეეხება. 

13. ამერიკული კანონით რეგულირდება უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება კონგრესში და სახელმწიფო ორგანოებში. მაგალითად, როდესაც საქართველოს მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია კონგრესში აშშ ბიუჯეტში ქართული ჯარისთვის შეიარაღებით დახმარებას ლობირებს, FARA მას ამ კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის განხორციელებული ღონისძიებების დეკლარირებას ავალდებულებს. ამერიკაში და მთელს თავისუფალ სამყაროში ვერავინ გაიგებს, რაზე ლაპარაკობთ, თუ იტყვით, რომ უცხო ქვეყნიდან მიღებული გრანტით შენი ქვეყნის სოციალურად დაუცველ პენსიონერს თუ უფასო იურიდიული ან სამედიცინო კონსულტაციას გაუწევ, ეს იქნება იმ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება და არა შენი ქვეყნისა და შენი ხალხის ინტერესებისთვის მოპოვებული დახმარება მეგობარი ქვეყნიდან. 

დეკლარირებას ექვემდებარება ყველა ასეთი საქმიანობა, თუნდაც ის ამ კონკრეტული კომპანიის შემოსავლების არა ოც, არამედ მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენდეს, იმიტომ, რომ ამერიკაში, გადაწყვეტილებების მიმღებთა წინაშე სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესების ლობირების საკითხის, მასთან დაკავშირებული ქმედებების გამჭვირვალეობას მოითხოვს კანონი. რისთვის? მაგალითად, იმის დასადგენად, ამგვარი ლობირების პროცესში ვინმეს ხელი ხომ არ წაუცდა რამეზე? კორუფციას ხომ არ ჰქონდა ადგილი და სხვა. როდესაც ქოცები გეუბნებიან, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის NGO-ს მიერ USAID-ისგან მოზიდული ფულით საჭირო წამლის შეძენა უცხო ქვეყნის აგენტობაა, ისინი უბრალოდ დაგვცინიან.

14. ტყუილია, როცა გეუბნებიან ქვეყანაში შემოსული ფულის გამჭვირვალობა გვაწუხებსო. გრანტებზე გაცილებით მეტი ფული შემოდის რუსეთიდანბიზნესისთვის“, მაგრამ არ მახსენდება, ამაზე მოტირალი ხელისუფლება. ამერიკული FARA სწორედ იმიტომ არის დემოკრატიული ქვეყნის დაცვის ინსტრუმენტი, რომ მისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვისთან, ვისგან და რა რაოდენობის ფული შემოდის. თუკი იგი უცხო ქვეყნის ლობირებისთვის გამოიყენება, მისი დეკლარირება სავალდებულოა, მაგრამ ეს არ ეხება არც დანარჩენ სუბიექტებს, არც დანარჩენ ფულს და არც დანარჩენ საქმიანობას. 

ამასობაში, კიდევ მაშინ გატყუებენ, როდესაც გეუბნებიან, რომ არასამთავრობოებში შემოსული ფული უკანონოდ პოლიტიკაში მიდის და ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ სპეცკანონითო. არასამთავრობოებს პარტიებისთვის ფულის შეწირვის უფლება არა გვაქვს, არც არასოდეს გვქონია განსხვავებით ბიზნესისგან. და როგორ ხდება, რომ ბიზნესის პოლიტიკაზე გავლენის შესახებ დადუმებულია ოლიგარქიულ ფეოდალიზმში ჩამხრჩვალი ხელისუფლება, რომელსაც ჯვაროსნული ომი აქვს გამოცხადებული არასამთავრობო სექტორისთვის. გარდა ამისა, თავად პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობა უმკაცრესად არეგულირებს მათ მიერ მიღებულ და დახარჯულ ყოველ კაპიკს. 

15. ტყუილია, რომ უცხოური ფონდები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ეხმარებიან მმართველი პარტიის საწინააღმდეგო საქმიანობისთვის. სინამდვილეში, ყველა გერმანული, ამერიკული თუ ნიდერლანდური ფონდი საგანმანათლებლო პროგრამებით ეხმარება ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას და ამ პროგრამებს სთავაზობს, მაგალითად, ყველა საპარლამენტო პარტიას. პრობლემა ის არის, რომ საბჭოური ერთპარტიული მენტალიტეტით გაჟღენთილოცნებასსამყარო სხვაგვარად წარმოუდგენიაყველა სხვა პარტია ხომ მტერია და დასავლეთი რატომ ეხმარებამტრებსაცდა რატომ არ მუშაობს მხოლოდ მმართველ პარტიასთან? სწორედ ეს არის სიმართლე!

16. ტყუილია თითქოს დღეს ლობისტური საქმიანობა არ იყოს გამჭვირვალე. კანონმდებლობა წესრიგში გვაქვს, როცა საქმე გამჭვირვალობას ეხება. ლობისტური საქმიანობის კანონში ვკითხულობთ, რომ „ლობისტური საქმიანობა საჯაროა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, გაეცნოს წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტთან ლობისტის მიერ წარდგენილ საბუთებსა და ანგარიშებს, გადაიღოს მათი ასლები“.

რას ამბობს ევროკავშირი?

17. ტყუის, ვინც გეუბნებათ, რომ ამ კანონითაც შევალთ ევროკავშირშიო. ეს იმხელა წითელი ხაზია, ჩვენთან ლაპარაკსაც კი არავინ გააგრძელებს. 

18. ტყუილია, რომ პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ანალოგიური კანონი უკვე გაუქმებული აქვს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უნგრეთის მაგალითზე. 

19. ტყუილია იმის მტკიცება, რომ ჯერ ხომ არ ვართ ევროკავშირში და არაფერს ვარღვევთ, მიგვიღონ და მერეკორექტირებასგავაკეთებთო, როგორც ერთმა ქოცმა ექსპერტმა მოგვახსენა. იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი არ ვართ, თუმცა ევროსაბჭოში ვართ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც გაუქმებული აქვს ანალოგიური კანონი, ხოლო ამ სასამართლოს იურისდიქცია ჩვენივე კონსტიტუციით პირდაპირი მოქმედების სამართალია საქართველოსთვის.

20. ტყუილია, რომ კანდიდატის სტატუსი ხელისუფლებამ მოუპოვა საქართველოს. შარშან ევროკავშირმა მოგვილოცა ქართველ ხალხს რუსულ კანონზე გამარჯვება, შეგვაქო და დაგვიფასა ბრძოლა და, ქოცნების საბოტაჟის მიუხედავად, საქართველოს სწორედ ამ ბრძოლისთვის აჩუქა სტატუსი. 

21. ტყუილია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ და ამისთვის რამეს აკეთებენ. ეს აბსურდული ალტერნატივა „ცალ ფეხზე დადგომის“ სწორედ იმ აგდებული დამოკიდებულების მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის მიმართ აქვთ. პარტნიორებს და მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან და საკუთარ მომხრეებს მათ წინააღმდეგ არ აქეზებენ ყალბი ნარატივების შეთავაზებით. ევროპა = დემოკრატიას, ავტორიტარებს კი ეშინიათ დემოკრატიის, ვინაიდან დემოკრატიაში ხელისუფლებები იცვლებიან და სწორედ პოლიტიკური კონკურენცია, ცვლილება და განახლებაა წარმატების ერთერთი მთავარი მამოძრავებელი. 

22. ტყუილია, რომ ეს კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ეხება დაოცნებამადლიერი რჩება დასავლელი პარტნიორების დახმარების გამო. ეს კანონი უცხოელებთან თანამშრომლობის გამო ქართველებს აგენტობაში ადანაშაულებს. გამოდის, რომ იგივე კანონი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ბრალს დებს საქართველოში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობასა და ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეების მოსყიდვაში. ანუ, ეს კანონი ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის პროექტზე მომუშავე ქართველები სამშობლოს ღალატობენ, ხოლო მათი ბრიტანელი და გერმანელი დამფინანსებლები ამ ბავშვების საჭიროებებს ამოფარებულები საქართველოს საზიანო საქმით არიან დაკავებული. რას იზამდა ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ასეთ დროს? სწორედ იმას, რასაც ყირგიზეთში უკვე შვრებიანშეურაცხყოფილები ტოვებენ ქვეყანას და ათიათასობით ყველაზე გაჭირვებული ადამიანი რჩება დახმარების ბოლო იმედის გარეშე.

23. ტყუილია, რომ სადმე ვინმე ასეთი ფორმალური ნიშნით (როცა ხარ არასამთავრობო და დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებ ქვეყნის გარედან) საზღვრავდეს სხვისი ინტერესების გამტარებლობას. ისრაელიც კი, მიუხედავად მისი მუდმივი საომარ მდგომარეობაში ყოფნისა და ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტების სუპერინტერნაციონალიზაციისა, მკაფიოდ მიუთითებს კონკრეტულად ვისთან თანამშრომლობა ჩაითვლება და არ ჩაითვლება მტრულ საქმიანობად ან აგენტობად. 

რა დოკუმენტაციას აბარებს დღეს არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალობისთვის:

24. ტყუილია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. კიდევ უფრო დიდი ტყუილია რომ არასამთავრობოების ფინანსები არ კონტროლდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ორგანიზაციები საგადასახადო ორგანოებს წარუდგენენ ანგარიშებს.

25. ტყუილია, რომ არასამთავრობოები არ წარადგენენ ინფორმაციას დაქირავებულების შესახებ. არასამთავრობოები დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახავენ ყველა დაქირავებული პირის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემს (პირადი ნომერი, სამუშაო განაკვეთი….); ეთერში მორიგი ტყუილების კასკადი იყო იმაზე აი როგორ გაიგოს სახელმწიფომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში პარტიების წევრები იღებენ ხელფასებსო. პირველი, არაფრითაა აკრძალული, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირიც კი სადაც სურვილი აქვს საგანმანათლებლო და სხვა მსგავს საქმიანობაში მონაწილეობდეს (კობახიძე – თსუ, და სხვა); ხოლო ის, რომ სახელმწიფომ დასაქმებულებზე არაფერი იცის ეს რომ ტყუილია, უკვე გითხარით. 

26. ამასობაში, თუ ეს საკითხი ასე ძალიან აწუხებთ, ტყუილია, რომ ამის გამო აგენტის სტატუსი უნდა აღიაროს არასამთავრობომ. მაგალითად, პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეეძლოთ ერთი მუხლი შეეტანათ, რომ ამ ხალხს ეკრძალება ყველა ტიპის საქმიანობა, გარდა იმ თანამდებობისა, რომელზეც ხალხმა აირჩია და ამით დასრულდებოდა ეს საქმე. მაგრამ ეს ხომ იმასაც ნიშნავდა, რომ მათაც აეკრძალებოდათ უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვა, გამომცემლობებთან თანამშრომლობა წიგნების გამოცემისას, და სხვა. ამიტომ ისევ დისკრიმინაციის გზა აირჩია ხელისუფლებამ და ახლა გვამცნო, რომ NGO-ებში არ უნდა იღებდნენ გასამრჯელოსო. ანუ იუსტიციის სამინისტროს რომელიმე აიპში რომ ვინმე ქოცი დეპუტატი ლექციებს კითხულობს, ეს დაშვებული იქნება კანონის მათი ინტერპრეტაციით, ხოლო იმავე თემაზე, იმავე ტიპის აუდიტორიისთვის, მაგალითად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში თუ წაიკითხავს სხვა დეპუტატი ლექციას, ამას აკრძალავენ? (აქვე, ეს ჯერ პროექტში არსად წერია, მხოლოდ არგუმენტად მოვისმინე ქოცებისგან). 

27. ტყუილია, რომ სახელმწიფომ არაფერი იცის ორგანიზაციების მიერ დადებული გრანტის ხელშეკრულებების შინაარსისა და მიზნების, ან საქმიანობის ფარგლების შესახებ და ახალი კანონი სჭირდება – ორგანიზაციები დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნებისთვის, საგადასახადო ორგანოს წარუდგენენ დონორთან დადებულ შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებებს და პროექტის ბიუჯეტებს.

28. ტყუილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბუღალტერია დახურული და ფარულია – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის ყველა პრინციპი და დებულება ვრცელდება არასამთავრობო სექტორზე, ისევე როგორც შპსებზე და სხვა.

29. ტყუილია, რომ ფინანსური ანგარიშგების კიდევ უფრო დახვეწას აგენტების შესახებ კანონის მიღება სჭირდება. სიმართლე ის არის, რომ თუ სადმე რამე გასასწორებელდასახვეწი იყო, საგადასახადო კოდექსიდან სამოქალაქო კოდექსამდე და მინისტრების ბრძანებების ჩათვლით, შესაძლებელი იყო ათეულობით ცვლილების გაკეთება, დაზუსტება, დახვეწა, მეტი სიცხადის შეტანა. მაგრამ ეს მიდგომა მათ მთავარ მიზანს ვერ მიაღწევდა, აგენტის სტატუსს და მერე რიგითი კალაძის მიერხალხის მტრადგამოცხადებას ვერ უზრუნველყოფდა.

30. ტყუილია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინფორმაცია გრანტების შესახებ და შესაბამისი მონაცემთა სისტემა. 2020 წლიდან, სწორედ დონორების დახმარებით, საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც ერთობლივად შექმნეს მთავრობის ადმინისტრაციისა და ფინანსთა სამინისტროს დასახმარებლად. ჰოი, საოცრებავ, ეს ბაზა ვებგვერდზეა, და ხელმისაწვდომია ყველასთვის. აქ იპოვით ინფორმაციას ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის…. შესახებ. გრანტების კანონში ერთი მუხლის ცვლილებით გამჭვირვალობის დამატებითი სივრცე შეგვიძლია გავაძლიეროთ, მაგრამ ისევ და ისევ მთავარ მიზანს ავცდებით. ამ მარტივი პროცედურით არავინ ხდება აგენტი და ქვეყნის მტერი. 

31. ტყუილია სპიკერის განცხადებები, რომ მას ან ვინმეს აინტერესებს და ვერ მოიძიეს სხვადასხვა დონორის მიერ გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, მათ მიერ ხშირად დასახელებული NED-ის ვებგვერდზე არსებობს გრანტების საძიებო სისტემა, სადაც ჩაწერთ წელს, ქვეყანას, რეგიონს, თუ კონკრეტული ორგანიზაციის სახელს და მაშინვე გამოგიტანთ ინფორმაციას გაცემული გრანტების შესახებ, პროექტის სახელს, მიზანს, მცირე აღწერას და გაცემული თანხის ოდენობას. აქვე პოსტს ერთვის ფოტო რამდენიმე ფონდის ვებგვერდებიდან. 

32. ტყუილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უცხოური გრანტების ექსკლუზიური ან თუნდაც ყველაზე მსხვილი მიმღებნი. გრანტების, და სწორედ აშშდან და ევროკავშირიდან მომავალი გრანტების, ყველაზე დიდი მიმღები მთავრობააოფიციალური სტატისტიკით ბოლო წლების განმავლობაშიოცნებისჩინოვნიკების განკარგულებაში აღმოჩნდა 2 მილიარდამდე ლარის უცხოური გრანტი. ცხადია, კანონი არაფერს ამბობს ამ თანხების გამჭვირვალობაზე ან მისი მიმღებების აგენტობაზე. 

33. ტყუილია, რომ 2020-ში ეს კანონი რომ გვქონოდა, განსხვავებული შედეგები დადგებოდა. დღეს შემოთავაზებული პროექტი აბსოლუტურად არავითარ სიახლეს არ შეიცავს, გარდა აგენტის იარლიყის მიკერებისა და ამგვარ თვითგამოცხადებულ აგენტობაზე უარის შემთხვევაში არნახული ჯარიმებისა, რომელმაც წლის მანძილზე შესაძლოა ორასიათასს გადააჭარბოს. რაც სინამდვილეში ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უბრალოდ დაიხურებიან. დიახ 2020-ში რომ ეს კანონი ყოფილიყო, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები უბრალოდ გაუქმებული იქნებოდა და ვერაფერს ვერც დააკვირდებოდა და ვერც რაიმე ანგარიშს გამოაქვეყნებდა. ალბათ ამის თქმა სურდათ ხელისუფალთ, მაგრამ ასე პირდაპირ თქმას ერიდებიან. 

34. ტყუილია, რომ ეს კანონი კონსტიტუციური წესრიგს უზრუნველყოფს. ამას სისხლის სამართლის კოდექსი და უსაფრთხოების სექტორის კანონები უზრუნველყოფენ, რომელიც დღესაც გვაქვს და მიუხედავად ხელისუფლების განგრძობითი პროპაგანდისა, გამოძიებულ-დასაბუთებული საქმე დღემდე არ გვინახავს. მთელი ეს „ქვეყანას არ ავარევინებთ“ საუბრები მხოლოდ დემაგოგია და პროპაგანდაა და აგენტების კანონით მისხალით ვერ დაიცავენ ვერაფერს, რაც უკვე დაცული არ არის სხვა კანონებით. სინამდვილეში აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ, თვითგამოცხადებულ აგენტობაზე უარის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები უბრალოდ დაიხურებიან, და სწორედ ეს არის კანონის მიზანიც და ფუნქციაც. 

კანონის პრობლემები

35. ტყუილია, რომ ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას”. სინამდვილეში, არცერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი და სამშობლოს ერთგული ადამიანი ნებაყოფლობით არ გაივლის ამ დამამცირებელ პროცედურას: ელექტრონული მთავრობის საუკუნეში ფიზიკურად გამოცხადდეს იუსტიციის სახლში, ჩააბაროს განცხადება გამარჯობათ, მე ვარ აგენტი”, და ნებაყოფლობით მშვიდად დაელოდოს, როდის გაუხსნიან რაღაც პორტალს ინტერნეტსივრცეში, რომ უკვე მეორედ, დამატებით დაადასტუროს დიახ მეგობრებო, მე ვარ აგენტი”. 

36. ტყუილია, რომ კანონი არავის არაფერს ავნებსუბრალოდ გამჭვირვალობას გაზრდის. სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ მყისიერად ამოქმედდება სანქციების რეჟიმი, პირველი ჯარიმა, მეორე ჯარიმა, მესამე… და ოცნების მიზანიც მიღწეულია ერთმანეთის მიყოლებით გაქრებიან და ჩამოიშლებიან მათთვის საძულველი ორგანიზაციები და უმუშევრად დარჩება ათასობით ქვეყნის პატრიოტი, გაჩერდება საქმე, რომელსაც ათიათასობით მომხმარებელი და მოსარგებლე ჰყავს… და მორიგ ჯერზე მოსახლეობის ყველაზე უფრო მოწყვლადი ნაწილი, რომელსაც დახმარების ხელს უწვდის დღეს არასამთავრობო სექტორი ჩაგრული, უმუშევარი, დაზარალებული, ყველასგან მიტოვებული ადამიანები მათივე მჩაგვრელი სახელმწიფოს მოწყალების იმედად დარჩებიან. 

37. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზეგ მისაღები კანონი, გუშინწინდელ პრობლემებსაც ეხმიანება და 2023 წელზეც ვრცელდება. ქოცებმა საკუთარი ხალხისთვის დათმობა ხომ შეურაცხყოფად მიიღეს, ჯერ წყევლეს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა, შეურაცხყოფა მიაყენეს, რა არ მოუგონეს, რა არ შეუთითხნეს, და ეხლა ფიქრობენ, რომ რევანშის დროა. სწორედ ამიტომ კანონის უბრალოდ მიღება არ კმარა, ისე უნდა მიიღონ თითქოს გასული წლის მარტი არც ყოფილაუკუქცევითი ძალა მიანიჭონ და 2023 წლის მონაცემების მიხედვით უკვე აგენტებად შერაცხონ თავისუფალ სამყაროსთან თანამშრომლობის გამო. 

რომ შევაჯამოთ:

38. კანონის მე-4 მუხლში ვკითხულობთ მის მთავარ მიზანს: „სუბიექტმა შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ელექტრონულად შევსება”. ბოლომდე სიცხადე რომ იყოს საკითხის მიმართ, კანონის მიღების შემდეგ, ჩვენ, საქართველოს ათასობით მოქალაქე იუსტიციის სახლებში გრძელ რიგში უნდა ჩავდგეთ იმის განსაცხადებლად, რომ მაშინ, როცა ვებრძვით კორუფციას, უფასოდ ვარიგებთ წამლებს; საშუალებას ვუქმნით ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება; უფასოდ ვიცავთ ჩვენს თანამოქალაქეებს სასამართლოებში; ხშირად თავდაუზოგავად ვაკეთებთ საქმეს, რომელსაც წესით ხელისუფლება უნდა აკეთებდესსინამდვილეში ვართუცხოური ძალის ინტერესების გამტარებელნისაკუთარ სამშობლოში, ან უფრო ლაკონიურად რომ ვთქვათ, უცხო ქვეყნის აგენტები და საკუთარი ქვეყნის მოღალატეები. ეს არის მიზანიც და ამოცანაც, სხვა ყველაფერი უბრალოდ ტყუილია. 

39. დიდი გლოვა აქვთ ფეხბურთელებს პოლიტიკაში რთავენო, ფეხბურთი ყველასიაოსწორედ აქ არის ყველაზე დიდი ტყუილიც. მხოლოდ ფეხბურთი კი არა, ეს ქვეყანაა ყველასი და ყველას საზრუნავი. დიახ, ის, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ორღობედ არ იქცეს, ყველა მოქალაქის საზრუნავია. ეს ორღობე კი ყველაზე მეტად სწორედ ევროპაში წარმატებულ ქართველებს სძაგთ და ესირცხვილებათ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ უფრო მეტი განცხადებები იქნება, უფრო მეტი ადამიანი შეგარცხვენთ; მოგიწოდებთ, არ შეაჩეროთ ქვეყანა ევროპულ გზაზე და არ დაუკარგოთ მათ და ჩვენს სამშობლოს მომავალი. ვინ და რა უფლებით ართმევს მოქალაქეობრივ ღირსებას და პასუხისმგებლობას ქართველ სპორტსმენებს, მსახიობებს, ექიმებსა თუ მწერლებს? (იქნებ საკუთარი რიგებისთვისაც გადაეხედაოცნებას“, განსაკუთრებით, მისი თავდაპირველი შემადგენლობისთვის…)

40. ტყუილიოცნებისსამარკო ნიშანია. მთელს ამ ისტორიაში, კანონის რუსულ ბუნებასა და პუტინის ვნებების გაქართულებაზე უფრო ტრაგიკული ის არის, რომ ქვეყანას აბსოლუტურად მატყუარა ხელისუფლება ჰყავს, რომლისთვისაც სიტყვის გატეხვა არაფერია, და რომელსაც არავინ ენდობა სიტყვაზე, რომელსაც ხელს არავინ ჩამოართმევს სწორედ იმიტომ, რომ მათთვის ხელის ჩამორთმევასა და სიტყვას ჩალის ფასი აქვს. 

41. ამ აბსურდულ და მავნებლურ კანონში ყველაზე სარკასტული და უღირსი მუხლი ეს არის: „სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისათვის საფასური არ გადაიხდევინება”… ანუ, საკუთარი თავის სამშობლოს მოღალატედ შერაცხვისთვის სახელმწიფო ბაჟს არ გადაგახდევინებთო! ალბათ იმიტომ, რომ იციან, ამაზე წამსვლელ და მოქალაქეობრივ ღირსებაზე უარის მთქმელ პირს ფასეულობა აღარაფერი შერჩება და რა საფასურზე შეიძლება იყოს საუბარი?..