ფეხბურთის მომავალი თაობა – სასკოლო ლიგის ტურნირი მოსწავლეებისთვის

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უყვართ სპორტი და სურთ, საკუთარი შესაძლებლობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ლიგაში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. 

სასკოლო ლიგის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ასეულობით სკოლის 12 000-ზე მეტი მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში ეჯიბრება. შეხვედრები იმართება თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში, კახეთსა და აჭარაში.

განსაკუთრებული პოპულარობით მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთი სარგებლობს. როგორც ამ ტურნირების ერთ-ერთი ორგანიზატორი და სასკოლო ლიგის კოორდინატორი, ოთარ აბულაძე ამბობს, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019 წლიდან იმართება და ყოველ ახალ სეზონზე მონაწილეთა ინტერესი უფრო და უფრო იზრდება:

„წელს მინი ფეხბურთის ლიგა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება: თბილისი, აჭარა, ქვემო ქართლი, იმერეთი და კახეთი. რეგიონული ტურნირის დასრულების შემდეგ ჩატარდება სუპერფინალები და გამოვლინდება საქართველოს სასკოლო ლიგის ჩემპიონი.

თბილისის მინი ფეხბურთის ლიგის ბაზაზე, ამავე პროექტის ფარგლებში, შექმნილია ფუტსალის პროფესიონალური კლუბი – სასკოლო ლიგის აკადემია.

სასკოლო ლიგის აკადემია საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს და საქართველოს ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია.

5-წლიანი განვითარების სტრატეგიის მიხედვით იგეგმება ასეთივე აკადემიების შექმნა ყველა რეგიონში და მათი საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში ჩართვაც.”

ბოლო რამდენიმე წელია, შესამჩნევი პროგრესი გვაქვს ფეხბურთში ეროვნული ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების შედეგების გათვალისწინებით. გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჟორჟ მიქაუტაძე და ა.შ. – ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში გაუჩნდათ მისაბაძი სპორტსმენები და ადამიანები, რომლებმაც დიდი შრომითა და სპორტული დისციპლინით მიაღწიეს წარმატებას და მათ კარიერაში ყველაფერი წინ არის. საერთო პროგრესი აისახება მოზარდი ბავშვების თვითრწმენაზეც – ეს ბმა აშკარაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ სასკოლო ლიგის მინი ფეხბურთის თითოეული რეგიონის ტურნირზე საუკეთესო მოთამაშე დასახელდება და მათ შორის ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ როგორც საფეხბურთო ლიგის, ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.