ბოჭორიშვილი: არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოს ეუთოს თავმჯდომარედ

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მათთვის არაერთი ქვეყნის პოზიციაა ცნობილი, რომ ეუთოს თავმჯდომარედ საქართველოს კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

30 სექტემბერს გამოცემა Rapporteur-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან. გამოცემას ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა განუცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას, ხოლო ალტერნატიულ კანდიდატს არ განიხილავს. აღსანიშნავია, რომ კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს თავმჯდომარეობას განსაკუთრებით მკაცრად ეწინააღმდეგებიან ბალტიის ქვეყნები, რაც უკავშირდება თბილისსა და ევროკავშირს შორის სულ უფრო გართულებულ ურთიერთობებს და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატურა მხოლოდ მას შემდეგ წარადგინეს, რაც დარწმუნდნენ, რომ კვიპროსის გარშემო კონსესუსი ვეღარ შედგებოდა.

„საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია შეგნებულად არ გვიწარმოებია ამ დრომდე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ ოფიციალურად პრეზენტაცია ჩვენი კანდიდატურის სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავი, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია რაიმე შანსიც არსებობს, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველა კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ვერავინ ვერ აუვლის მხარს და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება“, – ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, შესაძლებელია, კონკრეტული ქვეყნები შეთანხმდნენ და ხელი შეუშალონ საქართველოს თავმჯდომარეობას, თუმცა ამ შეთანხმების საჭიროება არც არის, რადგან ერთ ქვეყანასაც შეუძლია, დაბლოკოს საქართველოს კანდიდატურა.

„საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, საქართველო აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევას, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს საქართველო არის ერთადერთი ის კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით, ასე ვთქვათ, არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება“, – თქვა მან.