საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ სიტყვით გამოვიდა.
ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“.
მისივე თქმით, „მსოფლიოში რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ, მათ შორის დემოკრატიის სახელითაც მოქმედებენ, თუმცა მათი რეალური მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება კი არა, მათი დასუსტებაა და რომ საქართველო ამ გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითია“.
„საქართველო აღნიშნული გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო წლებში არაერთი მცდელობა იყო მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისკენ. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას. ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობისა და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თავის სიტყვაში ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა „საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე“.
„მსგავსი პრაქტიკა სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას ემსახურება და ამავდროულად საერთაშორისო ორგანიზაციების რეპუტაციასა და სანდოობას აზიანებს.
პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება აშკარა ფორმით და შეიძლება გამოიხატოს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
აშს-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თავის გამოსვლაში აქცენტი გაამახვილა „პოლიტიკური მემარცხენეობის მხრიდან მომდინარე ექსტრემისტული ძალადობაზე“.
მან თქვა, რომ ისაუბრა რადიკალურ ისლამურ ექსტრემისზმთან ბრძოლაზე, როცა ისრამური ტერორისტული თავდასხმების შემდეგ „ტერორიზმთან ბრძოლის არქიტექტურა შეიცვალა“.
რუბიოს თქმით, ამერიკის ანტიტერორისტული სტრატეგია ეფექტიანი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე სრულად არ გამქრალა, ის მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
„დღეს, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, სერიოზული საფრთხე ულტრამემარცხენე ტერორიზმია.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ანტიტერორისტულ დოქტრინას ერთი სერიოზული ბრმა წერტილი ჰქონდა – პოლიტიკური მემარცხენეობის მხრიდან მომდინარე ექსტრემისტული ძალადობა“, – თქვა მარკო რუბიომ.
ღონისძიებამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ „საერთაშორისო მინისტერიალის მთავარი მიზანია პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა აღზევების გლობალურ გამოწვევაზე რეაგირება, პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვითი ზომების გამკაცრება და იმ საკანონმდებლო თუ უსაფრთხოების ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებები სათავისოდ იყენებენ“.
სახდეპი წერს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში – დასავლეთ ნახევარსფეროში, აზიასა და ევროპაში – უკიდურესი მემარცხენე ტერორიზმის ტალღა სულ უფრო მწვავდება. განცხადების მიხედვით, ეს არ არის შემთხვევითი თუ ცალკეული თავდასხმები და საქმე გვაქვს გააზრებულ, იდეოლოგიურ კამპანიასთან, რომლის მიზანიც დემოკრატიული სისტემების რყევაა.
პრესრელიზის მიხედვით, საფრთხის სამიზნეს წარმოადგენს როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავები, ბიზნესსექტორი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ისე რიგითი მოქალაქეები. სახდეპი წერს, რომ მიუხედავად რეალური მასშტაბებისა, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხნის განმავლობაში სათანადო ყურადღებას არ უთმობდა ამ პრობლემას, რის გამოც მემარცხენე ექსტრემიზმი ანტიტერორისტული დღის წესრიგის მიღმა აღმოჩნდა.
პრესრელიზის მიხედვით, 2025 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა ოთხი რადიკალური მემარცხენე დაჯგუფება:
-
Antifa Ost (ანტიფა ოსტი)
-
FAI/FRI (არაოფიციალური ანარქისტული ფედერაცია/საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი)
-
Armed Proletarian Justice (შეიარაღებული პროლეტარული მართლმსაჯულება)
-
Revolutionary Class Self-Defense (რევოლუციური კლასობრივი თავდაცვა)
ამასთანავე, დაწესდა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდო ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციების დაფინანსების არხებს გადაკეტავს. პარალელურად, ვაშინგტონმა გაააქტიურა კავშირები უცხოელ სამართალდამცავებთან და პროკურორებთან. ამის მაგალითია 2026 წლის მაისში გამართული პირველი ანტიტერორისტული სამუშაო შეხვედრა (CTLEW), სადაც 14 ქვეყნის ექსპერტებმა ტრანსნაციონალური მემარცხენე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გააზიარეს.
პრესრელიზის მიხედვით, დაგეგმილი მინისტერიალი სწორედ ამ ძალისხმევის გაგრძელებაა.
გავრცელებული განცხადებით, იგი გააერთიანებს ამერიკის, ევროპისა და აზიის წარმომადგენლებს კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და სადაზვერვო მონაცემების გასაცვლელად და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ყურადღებას გაამახვილებს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე, რათა ერთობლივად მოხდეს ტერორისტული ქსელების რუკის შედგენა, მათი ფინანსების ბლოკირება და ინფრასტრუქტურის დაცვა გლობალური საფრთხისგან, რომელსაც სახელმწიფო საზღვრები არ გააჩნია.
The Washington Post-მა დაწერა, რომ მინისტერიალმა შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის როგორც კარიერულ, ისე პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ზოგიერთ ევროპელ მოკავშირესა და დამოუკიდებელ ანალიტიკოსს შორის, რომლებიც საფრთხეს განსხვავებულად აღიქვამენ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ შიშობენ, ეს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის ნაწილია, გამოიყენოს ტერორიზმთან ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტები იმ ამერიკელი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც მემარცხენე ექსტრემისტებად მიიჩნევენ.
ამავე მასალის მიხედვით, აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს „ანტიფას“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით გაამართლოს ისეთი მძლავრი საგამოძიებო ინსტრუმენტების ამოქმედება (მაგალითად, ფარული თვალთვალი და მიყურადება), რომლებიც ჩვეულებრივ ამერიკის მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ასევე არსებობს შიში, რომ ეს ნაბიჯი შექმნის პრეცედენტს, რომელსაც მომავალში დემოკრატიული ადმინისტრაციები უკვე კონსერვატორი აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ამავე მასალაში მოყვანილია ტერორიზმის ექსპერტების მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ულტრამემარცხენე ექსტრემიზმის საფრთხე ხელოვნურადაა გაზვიადებული. მათი შეფასებით, ის ბევრად ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე ულტრამემარჯვენე ტერორიზმი, რომელიც ადმინისტრაციის ახალ სტრატეგიაში საერთოდ აღარ არის ნახსენები. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ტერორისტულ სიაში შეყვანილ მემარცხენე ჯგუფებს ვანდალიზმისა და თავდასხმების მიუხედავად, არცერთი მკვლელობა არ უფიქსირდებათ, რაც ტერორისტული სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს აკნინებს.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, იუსტიციის დეპარტამენტისა და თეთრი სახლის იურიდიული მრჩევლის ოფისის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, პროტესტის ნიშნად, გადაწყვიტა საერთოდ არ დაესწროს 16 ივლისს დაგეგმილ მინისტერიალს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელი და აზიელი პარტნიორები ღიად აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში მემარცხენე ექსტრემიზმი არ მიიჩნევა მაღალი პრიორიტეტის საფრთხედ. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ ვაშინგტონი მათ საკუთარ შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში ითრევს.