ბოკუჩავა: პრემიერმა არ გამოიყენა ესპანეთის სამიტი სამხედრო ბაზებზე ყურადღების მისაპყრობად

პუბლიკა

ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების” ხელისუფლებას ოჩამჩირეში რუსული ბაზების განთავსების საკითხთან დაკავშირებით დუმილის გამო აკრიტიკებს.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამნ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” თქვა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს. მისი განცხადებით, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ამასთან, „აფხაზეთში უკვე ჩასულია ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით და უახლოეს მომავალში ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განლაგდება“.

თინა ბოკუჩავას თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რომ რუსეთის ამ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯის შესახებ მთელი ევროპული საზოგადოებისთვის მიემართა”.

მისი განცხადებით, ამიტომაცაა, რომ რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერგეი ლავროვმა, მარგარიტა სიმონიანმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილი „მისაღები ქცევისთვის“ შეაქეს.

ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა, რომ რუსულ სამხედრო ბაზებზე არაფერი უთქვამთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს და თავდაცვის სამინისტროს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შემდეგ, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს აფხაზეთის ანექსიის შესახებ. არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია რაიმე ტიპის განცხადება. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება უკიდურეს შეშფოთებას და კონკრეტულ რეაგირებას უნდა იწვევდეს სახელმწიფოს უწყებების მხრიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ოკუპირებული ტერიტორიების განახლებულ მილიტარიზაციის საფრთხეს, რადგან დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და საქართველოს პარტნიორებზე, მათ შორის, შეერთებულ შტატებზე თავდასხმით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიაც უმოქმედო გახდა მას შემდეგ, რაც უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“. – თქვა დეპუტატმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთში, ქალაქ გრანადაშია. ის იქ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ „ევროპელ ლიდერებს მიაწოდა ინფორმაცია რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ და რომ ეს ოკუპაციის დამსახურებაა”.

ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ „მმართველი გუნდის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რაც საქართველოს მეორე ფრონტს აარიდებს”.

განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მიმდინარე პროცესის გამო “შეშფოთება გამოხატა”.