ბოლო 24 საათში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი  იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

„სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა“, – წერს შსს.

ორივე მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 698 პირი დააჯარიმეს.

113 მოქალაქე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა, რაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევას გულისხმობს.