ბოლო 3 შემთხვევა ახალი კლასტერია - ოჯახი, რომელიც აშშ-ში იყო - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბოლოს დადასტურებული შემთხვევები ახალი კლასტერია – ბოლო 3 შემთხვევა უკავშირდება ოჯახს, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა.

„ეს სამი ახალი შემთხვევა არის არა ევროპული ეტიოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა აშშ-ში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პირი, ვინც იყო ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეს ოჯახი თვითიზოლაციაში იყო.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც თვითიზოლაციაშია ოჯახთან ერთად. მაქსიმალურად მოერიდეთ კონტაქტს ოჯახის წევრებთანაც. როგორც აჩვენა პრაქტიკამ, ბევრი, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, მისი ოჯახის წევრებიც ხდებიან ხოლმე ავად.

ოჯახი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან ხოლმე იზოლაციაში. ამიტომ ვინც თვითიზოლაციაში ხართ ოჯახთან ერთად, ოჯახშიც დაიცავით იზოლაციის წესები. ეს წესები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე“, – თქვა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 1 გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 ადამიანი.

LB loan image desktop LB loan image mobile