ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის სულ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი

პუბლიკა

გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, რასაც მოჰყვა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება.  ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა  რაოდენობა 16-ია. მათივე ცნობით, ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომლები შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ  რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდება სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 188;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 36;
  • გარდაიცვალა – 2;
  • კარანტინის რეჟიმში – 5056;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.