ბორის აკუნინს 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

პუბლიკა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინს (გიორგი ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 6 თებერვალს მიიღო.

„მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით , ჩხარტიშვილ გიორგი შავლოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა ორი თვის ვადით“. – განუცხადეს „რია ნოვოსტის“ სასამართლოში.

„რია ნოვოსტისვე“ ინფორმაციით, აკუნინს ბრალი ედება ტერორისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებაში, ტერორიზმის საჯარო გამართლებაში ან ტერორიზმის პროპაგანდაში, ასევე, რუსეთის შეიარაღებული  ძალების გამოყენების შესახებ მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაში.


აღსანიშნავია, რომ მწერალი ბორის აკუნინი რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

ექსტრემისტად გამოცხადებამდე ბორის აკუნინი „უცხო გავლენის აგენტად” გამოაცხადეს. თუმცა, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.

სიაში შეყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მწერალს რუსეთის ხელისუფლება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების გავრცელებას” ედავება.

მწერალი ინგლისში, ლონდონში ცხოვრობს. რუსეთი გეგმავს, მასზე ძებნა გამოაცხადოს.