ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა. ბორის ჯონსონის წერილს ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, –  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო“, – აღნიშნულია წერილში.

ბორის ჯონსონის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად.

„მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი, ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის  ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან.

მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის წერილში.

ბორის ჯონსონის თქმით, მოუთმენლად ელის მომდევნო წლებში ქვეყნებს შორის პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას.