ბორის ჯონსონის და ევროპელი პოლიტიკოსების წასვლიდან მალევე რუსეთი ​დრონებით მატარებელს დაესხა თავს 

პუბლიკა

რუსეთი დრონებით დაესხა თავს მატარებელს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, იაგოდინის სადგურთან. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ამავე სარკინიგზო ხაზზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსნები გადაადგილდებოდნენ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა. დრონი მატარებლის ლოკომოტივს მოხვდა. განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია.

ჯონსონი და ევროპის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯონათან პაუელი ამავე სარკინიგზო ხაზით, თუმცა სხვა მატარებლით, კიევში გამართული კონფერენციიდან ბრუნდებოდნენ. კიევის კონფერენციას ესწრებოდა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტიც.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე დასავლეთ უკრაინაში მდებარე „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა“ იყო. უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიციაში“ არ გამორიცხავენ, რომ დრონის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი ყოფილიყო.

იაგოდინის სადგურზე თავდასხმის დროს სხვა მატარებლით იმყოფებოდა CIA-ის ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსიც. მან მომხდარს „შემზარავი“ უწოდა.

„ეს არის ნამდვილად ბარბაროსული ლიდერის ქმედება, რომელიც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს“, – განაცხადა პეტრეუსმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.

უკრზალიზნიციას“ ინფორმაციით, დიპლომატიურმა მატარებელმა სადგური დაგეგმილზე ადრე დატოვა, რადგან განრიგი რუსეთის მხრიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი თავდასხმების საფრთხის გამო შეიცვალა.

მატარებელმა უსაფრთხოდ მიაღწია პოლონეთის სასაზღვრო სადგურ დოროჰუსკს.

უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსული დრონი პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დაეცა.