ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას კლიმატური პირობები ართულებს - საგანგებო

პუბლიკა

საგანეგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები უშლის ხელს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი, რომლებიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ასევე, გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად“, – აცხადებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მეხანძრე-მაშველები გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს,თუმცა კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა და მეხანძრეებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება.