ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს ტექნიკურ ნახაზებს, რაც უკრაინას რაკეტების წარმოებაში დაეხმარება

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში ენდი ბერნჰემმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული „აღმაშფოთებელი მუქარების“ მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ენდი ბერნჰემი კიევშია, ისევე, როგორც რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროპული საჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კი „მსურველთა კოალიციის“ შეკრებას დისტანციურად შუერთდებიან.

მანამდე, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

კერძოდ, ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს ტექნიკური ნახაზებს, რომლებიც უკრაინას საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებაში დაეხმარება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა თავდაცვით კომპანია MBDA-ს ნება დართო, გაასაჯაროოს გარკვეული საიდუმლო ინფორმაცია SCALP-ის რაკეტაში გამოყენებული ბრიტანული კომპონენტების შესახებ, რათა უკრაინასა და საფრანგეთში რაკეტების ადგილობრივი წარმოება და აწყობა გახდეს შესაძლებელი.

„რუსეთის მიერ ჩემი ქვეყნის მიმართ გაჟღერებული აღმაშფოთებელი მუქარების მიუხედავად, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვოლოდიმირ ჰავრილოვმა BBC-ის გადაცემაში Today განაცხადა, რომ რაკეტები, რომლებსაც მოსკოვის სიახლოვეს მდებარე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ, ფრონტზე ვითარებას შეცვლის და რუსეთის საზოგადოება ომში ამ გარდატეხას დაინახავს.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე შეძლო შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გაზრდა, რის შედეგადაც რუსეთში დარტყმებზე განსხვავებულად დაიწყეს რეაგირება.

ჰავრილოვის შეფასებით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს გაზარდოს რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესაძლებლობები, მათ შორის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ვიზიტის წინ ბერნჰემმა განაცხადა:

„უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე უკრაინელ ხალხს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: დიდი ბრიტანეთი დღეს თქვენს გვერდით დგას და მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მე ვამაყობ ჩვენი ქვეყნის წვლილით უკრაინის განვითარებაში და მსურს, უკრაინელმა ხალხმა პირადად ჩემგან მოისმინოს, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ომს კიდევ დიდხანს გადააჭარბებს და დასძინა:

„რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენს სიმტკიცეში. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ვიდრე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არ დამყარდება“.

კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის წინ სიტყვით გამოსვლისას ბერნჰემმა უკრაინის ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეადარა ბრიტანეთის ბრძოლას ნაცისტურ გერმანიასთან.

„ჩემმა ქვეყანამ XX საუკუნეში ევროპული თავისუფლება შეინარჩუნა, თქვენ კი თავისუფლების ჩირაღდას XXI საუკუნეში ატარებთ“, – თქვა ენდი ბერნჰემმა.

ბერნჰემმა ასევე უკრაინელი ხალხის „უდიდესი სიმტკიცეც“ და თქვა, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა, რათა შეიზღუდოს მისი შესაძლებლობა, დააფინანსოს ომი.

მისივე თქმით, „რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს“.

ბერნჰემმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა „ევროპის დამცველია“ და არა ტვირთი ევროპული უსაფრთხოებისთვის.

„უკრაინა ევროპის უსაფრთხოების დაცვის წინა ხაზია. სწორედ ამიტომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს არა მხოლოდ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას, არამედ ჩვენს მადლიერებასა და პატივისცემას“, – თქვა მან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა დაუშვებელია.