ბუჩაში ომის დანაშაულში ბრალდებულ რუსულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა - CNN

პუბლიკა

CNN წერს, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებში ბრალდებულ რუსულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა.

გამოცემის ცნობით, გუშინ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, მან  რუსეთის 64-ე გვარდიის  მოტომსროლელთა ბრიგადას „დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის“ და ასევე,  „რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის“ მიანიჭა ეს წოდება.

„უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გონიერი და გაბედული ქმედებებით ქვედანაყოფის პერსონალი გახდა მისაბაძი მაგალითი სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესასრულებლად“, – ნათქვამია პუტინის წერილში, წერს CNN.

გამოცემა წერს, რომ თვის დასაწყისში, ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქით სავსე მასობრივი საფლავები CNN-ის გადამღებმა ჯგუფმაც ნახა ქალქ ბუჩასა და ბოროდიანკაში, კიევის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანის შემდეგ.

4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები დაასახელა, როგორც ომის დამნაშავეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეში.

კრემლმა უარყო მონაწილეობა მასობრივ მკვლელობაში და განაცხადა, რომ ბუჩის ქუჩებში სამოქალაქო ცხედრების ფოტოები ყალბია.