ჭიათურაში პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ძალის სავარაუდო გადამეტებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭიათურაში პოლიციის მხრიდან მოქალქე ს.ჭ-ის მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტებაზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, საქმეზე აწარმოოს ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიება.

„პატრულის მანქანას ფეხი მიარტყა. მერე გაულახიათ და ჩაუტენიათ მანქანაში …. იქ რა მოხდა, მე არ ვიცი. ფანჯარაში გადახტაო და ეს ხელებშეკრული ბიჭი რანაირად გადახტა, მე არ ვიცი”, –  ამბობს „TV პირველთან” ოჯახის წევრი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე სწორი და ზუსტი კვალიფიკაციით წარიმართოს.

„დაზარალებულის ოჯახი ახალგაზრდა კაცზე განხორციელებულ ძალადობას მისი გამოკითხვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. მათი განცხადებით, პატრულის მანქანა ს.ჭ-ს შეეჯახა, რაზე გაბრაზებულმაც წამოდგომისას ავტომობილს ფეხი მიარტყა. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა მისი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა. ოჯახის წევრების განმარტებით, დაზარალებული საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების შენობის მეორე სართულიდან ვარდნის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებებით იმყოფება საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში…

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე სწორი და ზუსტი კვალიფიკაციით წარიმართოს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინტერესის ქვეშ მოექცეს არამხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ ძალის გადამეტების შესაძლო დანაშაული. გამოძიების ზუსტი კვალიფიკაციით წარმართვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მის მიმართ დაზარალებულს, მისი ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად და ეფექტიანად უნდა აწარმოოს გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე იმ ინტენსივობით, რაც საფრთხეს არ შეუქმნის დაზარალებულის და გამოძიების ინტერესებს;
  • პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და პარლამენტმა უზრუნველყოს სპეციალური საგამ`ძიებო სამსახურის რეალური, ფუნქციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რათა ძალის გადამეტების შემთხვევები ეფექტიანად იყოს გამოძიებული;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.