ცესკოს თავმჯდომარემ 2019 წელს ანაზღაურების სახით 138 015 ლარი აიღო - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“(ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის 2016-2019 წლების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა ცესკოს წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი და პრაქტიკა.

„ანგარიშის მიზანია, გააანალიზოს, რა პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით და რა გამოწვევების წინაშე დგას ამ მიმართულებით დაწესებულება. კვლევა მომზადებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის შედეგად“, – წერია ISFED-ის ანგარიშში.

ცესკოს თავმჯდომარე

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 654 936 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგოა 444 159.6 ლარი, დანამატი – 142 226.4 ლარი, ხოლო პრემია/ჯილდო – 68 550 ლარი. ISFED წერს, რომ აღნიშნულ პერიოდში თავმჯდომარის პრემიამ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 47% შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2019 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 138 015 ლარი შეადგინა. კვლევის მიხედვით, ამ თანხიდან თანამდებობრივი სარგოს ჯამი 119 548 ლარია, სახელფასო დანამატის სახით 16 767 ლარი გაიცა, ჯილდოდ კი 1 700 ლარი. თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ თანამდებობრივი სარგოს 15.4% შეადგინა.

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ცესკოს თავმჯდომარეზე დანამატი ან/და ჯილდო 5 თვის განმავლობაში გაიცა. თვეების მიხედვით, მის მიერ მიღებულმა ჯილდოსა და დანამატის ჯამმა თანამდებობრივი სარგოს 0%-დან 100%-მდე შეადგინა. აპრილისა და მაისის საარჩევნო თვეებში დანამატი-ჯილდო გაორმაგებული სარგოს 16% და 13% იყო, ივნისში კი სარგოს ტოლი დანამატი გაიცა.

შედარებისთვის, 2018 წელს, პირველი იანვრიდან, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 5 500 ლარიდან 8 500 ლარამდე გაიზარდა (54.5%-იანი მატება).

ამ წელს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 170 438 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგოს ჯამი 139 839 ლარია, სახელფასო დანამატისა და ჯილდოს სახით კი თავმჯდომარეზე 30 600 ლარი გაიცა;

2017 წელს ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურებამ 149 174.2 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 83 174.2, ხოლო დანამატი და პრემია ჯამში 66 000 ლარი იყო;

რაც შეეხება 2016 წელს, ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 197 307.8 ლარი შეადგინა. თანამდებობრივი სარგოს ჯამი 101 597.3 ლარი, ხოლო დანამატი და პრემია 95 709.5 ლარი იყო.

  • 2
  • 3
  • 4
  • 01 /

ანგარიშში განხილულია ასევე ცესკოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო. ანგარიშის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2016 წლიდან 2019 წლამდე 55%-ით გაიზარდა, მისი მოადგილის – 68%-ით, ცესკოს მდივნის 70%-ით, ცესკოს წევრების 74%-ით; დეპარტამენტის უფროსების 67%-ით, განყოფილების უფროსების კი 57%-ით.

ISFED აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაცია კრებითი სახით იქნა მოწოდებული, ამიტომ სახელფასო განაკვეთები პოზიციების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის.

შეჯამებისთვის, ორგანიზაცია წერს იმ ძირითადი მიგნებების შესახებ, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა:

  • ISFED-ისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის (პრემია/ჯილდო და სახელფასო დანამატი) ოდენობის განსაზღვრა;
  • ორგანიზაციისთვის საარჩევნო თვეებში გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატის გაცემის მიზნობრიობა გაურკვეველია, რადგან, „სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ კანონით განსაზღვრული გაორმაგებული სარგო არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამო გაიცემა;
  • ორგანიზაციამ შეამჩნია, რომ 2016-17 წლებში ცესკოს თანამდებობის პირები და კომისიის წევრები მონაცვლეობით იღებდნენ დანამატსა და პრემიას;
  • 2016-17 წლებში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როდესაც დანამატი და პრემია არასაარჩევნო თვეს ერთდროულად გაიცა; საარჩევნო თვეებში კი თანამდებობის პირებზე პრემია/დანამატი ერთდროულად გაიცა 2016 წლის აგვისტოში და ცესკოს წევრებისთვის ნოემბერში, ასევე 2017 წლის სექტემბერში; ორგანიზაცია წერს, რომ მსგავსი ფაქტები უარყოფითი პრაქტიკაა, ვინაიდან გაუგებარია, რა გამორჩეულ საქმიანობას ასრულებს პირი, რომ ორივეს გაცემის მოთხოვნას აკმაყოფილებს, განსაკუთრებით, არასაარჩევნო პერიოდში.
  • ორგანიზაციის შეფასებით, პოზიტიური ტენდენციაა ის, რომ 2018 და 2019 წლებში ჯილდოსა და დანამატის გაცემის სიხშირე და მოცულობა შემცირებულია.
  • ორგანიზაციისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მოიმატა 2018 წელს სარგომ, რადგან მათი აზრით, მატების კრიტერიუმები, პერიოდულობა და პროცენტული მოცულობა განსაზღვრული არ არის.
  • ISFED წერს, რომ არ არის განსაზღვრული, ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ ჩარჩოებში მოაქცევს;
  • ასევე არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ცესკო ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს;
  • არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით;
  • ორგანიზაციის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ცესკოს წარედგინება კრებითი სახით, რაც არ იძლევა სახელფასო მონაცემების გაანალიზების საშუალებას.

ISFED-ის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.