ჭიაბერაშვილის თქმით, ის არ აპირებს, გამოცხადდეს „ოცნების" საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

პუბლიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს, გამოცხადდეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

ჭიაბერშვილის თქმით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კომისიის მიზანია „ისტორიის გადაწერის მცდელობა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“.

„არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს „პარლამენტი“ არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გუშინ, 17 თებერვალს „ქართული ოცნების” პარლამენტში მუშაობა დაიწყო „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ”.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა თქვა, რომ 21 თებერვლის სხდომაზე 2003-დან 2012 წლამდე ჩატარებული არჩევნების საქმეებზე სხვა პირებთან ერთად იბარებენ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო.

წულუკიანისვე თქმით, „კომისიის სხდომაზე დასწრება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მკაცრია“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.