ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება - სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, ამ მიმართულებით მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო და სპეციალურად დაკომპლექტდა ისტორიკოსთა ჯგუფი.

„ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში  „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.

სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.

გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო – საგანში „საქართველოს ისტორია”.

შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება…

2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.