გუშინ, 23 ივლისს ერგნეტში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, მათი მოთხოვნა კვლავ არის ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს მოხსნა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამ საკითხზე საუბარი არ არის.
სუსმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ „კვლავ მკაცრად დააყენა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი“.
„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს სუსი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მრავალი წელია, ქართული მხარისგან ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს აღებას მოითხოვს. ეს მოთხოვნა მათ გუშინდელ შეხვედრაზეც დააყენეს.
„ქართული მხარის პასუხებიდან გამომდინარე, კვლავ გვაქვს იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, ეს საგუშაგო რესპუბლიკის ტერიტორიიდან იქნება გაყვანილი და აღდგება სტატუს-კვო, რომელიც არსებობდა 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, ამ საგუშაგოს განთავსებამდე“, – განაცხადა ეგორ კოჩიევმა.
ინფორმაციას ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რეს“ ავრცელებს.
ცხინვალის წარმომადგენელმა ერგნეთის შეხვედრაზე ეგორ კოჩიევმა ასევე თქვა, რომ „ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი“.
კოჩიევის თქმით, კვლავ არსებობს სადავო საკითხები, რომლებიც, მისი შეფასებით, დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.
„ჩვენ ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ, რადგან არსებობს სადავო მომენტები. ქართული მხარე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გარკვეული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის, ხოლო ჩვენ, ჩვენი მხრივ, პრეტენზიას გამოვთქვამთ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს პოლიციის საგუშაგოს არსებობის გამო. თუმცა, ქართული მხარე ამ საკითხში ჯერჯერობით არ გვიდგას გვერდით და აცხადებს, რომ ეს თემა IPRM-ის ფორმატს არ ეხება“, – დასძინა მან.
ეგორ კოჩიევის განცხადებით, ასეთი პოზიცია უსაფუძვლოა.
„იმ წესებიდან გამომდინარე, რომლებსაც საერთაშორისო შუამავლები განმარტავენ, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, IRPM-ის შეხვედრებზე ნებისმიერი საკითხი დააყენოს და განიხილოს. რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ასევე აქვს უფლება, ამ საკითხზე პასუხი არ გასცეს და განაცხადოს, რომ ის ფორმატს არ შეესაბამება. თუმცა ეს საკითხი ყოველ ჯერზე ისმება როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში“, – განაცხადა კოჩიევმა.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ე.წ. საზღვრის გასწვრივ არსებული „სანიტარული ღობეების“ სიახლოვეს გადაადგილების შემთხვევები. კოჩიევის თქმით, ცხინვალი ასეთ ქმედებებს „სახელმწიფო საზღვრის დარღვევად“ მიიჩნევს.
კოჩიევმა თქვა, რომ მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს ჯერ კიდევ არ ესმის საზღვარზე არსებული საინჟინრო ნაგებობების სპეციფიკა.
„სანიტარული ღობე განთავსებულია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივი ხაზის სიღრმეში. ეს მანძილი რელიეფის მიხედვით 5-დან 50 მეტრამდე მერყეობს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში 100 მეტრსაც აღემატება. შესაბამისად, სანიტარულ ღობესთან მიახლოებაც კი უკვე საზღვრის დარღვევად ითვლება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სამხრეთ ოსური მხარე სისტემატურად უხსნის მონაწილეებს, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია“.
„ყველა მონაწილეს ვუხსნით, რომ თუ ისინი ღობეს უახლოვდებიან, ფაქტობრივად, ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არღვევენ. როგორც წესი, ჩვენი არგუმენტები ოპონენტებამდე აღწევს და ამის შემდეგ ასეთი დარღვევები აღარ მეორდება“, – ამბობს ეგორ კოჩიევი.
IPRM-ის შეხვედრას გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, „დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რაც მათ იმედს აძლევს, რომ ოცნების ხელისუფლება აიღებს ქართულ საგუშაგოს და დათანხმდება ქართული მიწის გადაცემას ცხინვალის რეჟიმისთვის“.
„აღსანიშნავია, რომ ცხინვალის მხარის „იმედები” ქართული პოლიციის პოსტის აღებაზე პირდაპირ უკავშირდება „ოცნების” ბოლოდროინდელ პოლიტიკას და გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის და ქართული მიწის დაცვის გამო გიორგი გახარიას გასამართლებას“, – წერია პარტიის განცხადებაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.