ჩვენ გვაქვს სირენები? მეტროს გარდა, სად შეიძლება თავის შეფარება? სამოქალაქო თავდაცვის კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი - ელისაშვილი

პუბლიკა

„თავდასხმის შემთხვევაში ჩვენთან ჩაირთვება სირენა? სამოქალაქო თავდაცვის ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობს?”, – დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სამოქალაქო თავდაცვის მიმართულების გაძლიერებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მომზადებული ქვეყანა იქნება ანგარიშგასაწევი მტრისთვის.

მან თავშესაფრების საკითხთან ერთად, იარაღთან „გაშინაურებაზეც” ისაუბრა.

„დღესაც მოსალოდნელი იყო [დისკუსია] – ვის უნდა ომი, ვის არ უნდა, რომელი პარტიაა ომის. არ მგონია, რომ ნორმალური ადამიანი იყოს სადმე, ვისაც ომი უნდა, პუტინის გარდა. მაგრამ სინამდვილეში თუ გვინდა, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, მით უფრო ისეთ რეგიონში, რომელშიც ვართ, კარგად უნდა მოვემზადოთ ამ ომისთვის –  ეს არის კაცობრიობის ისტორიის აქსიომა. და იმ ქვეყანას არ ესხმიან ხოლმე თავს, რომელზეც იციან, რომ მზად არის, გაწვრთნილია და რომ ყველა დადგება საკუთარი თავისუფლებისთვის საბრძოლველად, ისევე როგორც დგას უკრაინა…

ერთი-ერთი მთავარი დასკვნა ჩემთვის რა იყო უკრაინაში – ერთ-ერთი ყველაზე სულის გამაწვრილებელი იყო სირენები, ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი იყო თავშესაფარში სირბილი. ეს კითხვა თითოეულ ჩვენგანს [ქართველ მებრძოლებს] ჰქონდა იქ – გვაქვს ჩვენ სირენები? თავდასხმის შემთხვევაში ჩვენთან ჩაირთვება სირენა? სამოქალაქო თავდაცვის ასეთი ინფრასქტურტურა არსებობს? ან მეტროს გარდა. სადმე შეიძლება, რომ ხალხმა თავი შეაფაროს?

ასევე გვერდზეა გადასადები იარაღთან დაკავშირებით ზედმეტი ჭმუნვები და კეკლუცობები. იმიტომ, რომ ქალი ყველგან ქალია – უკრაინაშიც ეზიზღებოდათ ქალებს იარაღი. მაგრამ ჩემი თავლით მაქვს ნანახი, ცალ ხელში ავტომატი რომ ეჭირათ ქალებს ხელში და მეორე ხელით რამდენიმე თვის ბავშვი ჰყავდათ მიხუტებული. იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველა მიხვდა, რომ მტრისგან თუ გინდა, რომ თავი დაიცვა, იარაღს უნდა ფლობდე და გაშინაურებული უნდა იყო იარაღთან.

ესეც გასაკეთებელია, და ესეც ჩვენი გასაკეთებელია, ბევრი რამ ამ თვალსაზრისით – როგორც სამოქალაქო თავდაცვის, ასევე სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის ნორმალურს არ უნდა ომი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, მზად უნდა ვიყოთ და ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერი მტერს საქართველოში უნდა დახვდეს ეროვნული წინააღმდეგობა. მაშინ აარიდებს ყველა თავს ჩვენზე თავდასხმას”, – განაცხადა ელისაშვილმა.